ბრენდინგი და მისი განვითარება საქართველოში – VIII

ავტორი: სანდრო მაისურაძე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

 

ონლაინ ბრენდინგის განვითარების ნაბიჯები

 

მოდით უფრო კონსისტენტურად ჩამოვთვალოთ ონლაინ ბრენდინგის განვითარების საფეხურები.

  1. უნიკალური ბლოგინგი
  2. კრეატიული სლოგანი
  3. ვებ-გვერდი
  4. სოციალური მედიამარკეტინგი
  5. კონტენტ მარკეტინგი
  6. საჩუქრები

როგორც უკვე მიხვდით ონლაინ ბრენდინგი და ციფრული მარკეტინგი ერთმანეთთან იმპლიკაციურ დამოკიდებულებაში არიან. უფრო გასაგები, ის თუ რის ექსპოზიციასაც ვცდილობ მოდით სათითაოდ განვიხილოთ ნაბიჯები.

 

უნიკალური ბლოგინგი

ბლოგი ან როგორც მას უწოდებენ web log-ი, არის ერთგვარი ვებჩანაწერების ინტერნეტგვერდი. ამ ვებ-გვერდზე ავტორი ტვირთავს ჩანაწერებს ქრონოლოგიურად. ვებ-გვერდზე ატვირთულ ყველა ბლოგს გააჩნია სახელი, თარიღი, ავტორის სახელი, მოწონების ღილაკი და ასევე მკითხველს კომენტარის დაწერის საშუალებასაც აძლევს. ახლა შეიძლება იფიქრეთ, რომ ბლოგი მხოლოდ სტატიების წერას მოიცავს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. ბლოგი მოიცავს ვებ-გვერდს, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას(რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ) და სოციალურ მედიამარკეტინგსაც. იმისთვის, რომ ბლოგს ჰყავდეს დიდი რაოდენობით მომხმარებელი, არ განიცადოს რეგრესი და არ დაკარგოს აქტუალობა და პოპულარობა, აუცილებელია,რომ ხშირად აიტვირთოს ვებ-გვერდზე ბლოგები, ასევე ბლოგებს ჰქონდეს კონცეპტუალური და ამავდროულად არაორდინალური სახელები.

რატომაა ბლოგი პროდუქტიული? ბლოგებს, რომლებიც ვებ-გვერდებზე იტვირთება ავტორის სახელიც აქვს მითითებული და რადგანაც ის რომელიმე კონკრეტული ადამიანის მიერაა შექმნილი,საზოგადოებაშიც მეტ ნდობას იწვევს, რადგან ალბათ თქვენც მოგეხსენებათ, რომ ნდობის ფაქტორი ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი აქვთ მომხმარებლებს ვიდრე რეკლამების მიმართ.

 

კრეატიული სლოგანი

სლოგანი მოკლედ გადმოსცემს ბიზნესის ფილოსოფიას,მისიას, ხედვას. ის შედარებით ზოგადი ფრაზაა, რომელიც ბრენდის ღირებულებებზე ამახვილებს ყურადღებას. თუ მარკეტოლოგი არაორდინალურ სლოგანს მოიფიქრებს და შემდეგ ოპტიმალურ საკომუნიკაციო წყაროებსაც შეარჩევს მის გამოსაყენებლად, ეს ბიზნესის პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება.

 

ვებ-გვერდი

თანამედროვე სამყაროს მაგალითზე რთულია დავასახელოთ პროგრესული და რენტაბელური კომპანია, რომელსაც არ გააჩნია თავისი საკუთარი ვებ-გვერდი. ვებ-გვერდი არა მხოლოდ უბრალოდ კომპონენტი, არამედ ციფრული მარკეტინგისა და ბრენდინგის განუყრელი ნაწილია. ამ ორი კონცეფციის არსებობა ვებ-გვერდის გარეშე ძალიან უტრირებულია. სწორედ ამიტომ თანამედროვე სამყაროში კომპანიები ცდილობენ,რომ შექმნან ოპტიმალური ვებ-გვერდი, რომელიც ადეკვატურად წარმოაჩენს კომპანიას და ხელს შეუწყობს მის ფუნქციონირებას.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, თუ რას წარმოადგენს ოპტიმალური ვებ-გვერდი. მე არა მხოლოდ მარკეტინგსა და ბიზნესში არამედ ვებ-გვერდის ტექნიკურ მხარეშიც კომპეტენტური ვარ, ასე რომ ამაზე პასუხსაც მე გაგცემთ. მოდით დავიწყოთ ვებ-გვერდის ტექნიკური მხარით და შემდგომში გადავიდეთ დიზაინის კონცეფციაზე.

იმისთვის, რომ ვებ-გვერდი ეფექტიანი აღმოჩნდეს პირველ რიგში ნებისმიერი მოწყობილობისთვის უნდა გააჩნდეს ოპტიმალური ხილვადობა. ამაში ვებ-გვერდებს ადაპტური დიზაინი ეხმარება. შეგახსენებთ, რომ ადაპტური დიზაინი არის მიდგომა, რომელიც საშუალებას აძლევს დიზაინსა და კოდს, შეესაბამებოდეს სხვადასხვა მოწყობილობის ეკრანის ზომას. ადაპტური დიზაინი არის თანამედროვე ვებ-გვერდების განუყოფელი ნაწილი, რომლის გარეშეც ვებ-გვერდის არსებობა აბსოლუტური ფიქციაა,რადგან მსგავს შემთხვევაში ვებ-გვერდს ოპტიმალური ხილვადობა მხოლოდ 1 კონკრეტული მოწყობილობისთვის გააჩნია და ხშირია სხვა ტიპის მოწყობილობებში დიზაინის და წარწერების bug-ები, ანუ ე.წ ვებ-გვერდის გაუმართაობები. ვებ-გვერდის ტექნიკური მხარის დახასიათებისას ვერ გავექცევით გრაფიკულ შაბლონებსაც.

რა თქმა უნდა თანამედროვე ვებ-გვერდს უნდა გააჩნდეს გრაფიკული შაბლონები და მეტიც საიტის შიდა გვერდების გრაფიკული შაბლონები აუცილებელია, რომ ერთმენეთთან თანხვედრაში იყოს.

შემდეგი რაც ვებ-გვერდის ტექნიკური მხარის შეფასებისას არ უნდა გამოგვრჩეს არის მართვის სისტემასთან ინტეგრაცია. ვინც ამ სფეროში არაკომპეტენტურია და არ იცის რა არის მართვის სისტემასთან ინტეგრაცია გეტყვით, რომ ეს არის მრავალმხრივი სტრუქტურის, დიდი მოცულობის ინფორმაციის, დახვეწილი დიზაინის და მარტივი მრავალფუნქციურობის მართვის ერთიანობა საიტში(ანუ თანამედროვე საიტზე ყველა აქ ჩამოთვლილი უნდა გააჩნდეს რომ სრულყოფილ საიტად ჩაითვალოს).

შემდეგი დეტერმინანტი საიტის წინწაწევა ანუ SEO გახლავთ, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. საიტს უნდა გააჩნდეს მაქსიმალურად ხილვადი წინწაწევა(საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია). მარტივ ენაზე რომ ვთქვა, როდესაც მომხმარებელი Google-ის ან სხვა ტიპის საძიებო სისტემაში ჩაწერს კომპანიის სახელს, პირველივე სწორედ თქვენი კომპანიის ვებ-გვერდის ლინკი უნდა აჩვენოს საძიებო სისტემამ.SEO-ს გარდა, წინწაწევა ძირითადად კომპანიის კრეატიულ სახელთანაა დაკავშირებული, რადგან თუ თქვენს კომპანიას არაორდინალური სახელი ჰქვია, საძიებო სისტემა მარტივად მიაგნებს ვებ-გვერდსაც, მაგრამ თუ კომპანიას ჰქვია ტრივიალური სახელი, საძიებო სისტემა თქვენი კომპანიის ვებ-გვერდის მისამართთან ერთად კიდევ უამრავ მისამართს უჩვენებს მომხმარებელს, რაც საბოლოოდ მომხმარებელში დაბნეულობას და შესაბამისად უკმაყოფილებას გამოიწვევს. ხოლო მომხმარებლის დაბნეულობა და უკმაყოფილება არაეფექტიანობის და შესაბამისად არარენტაბელურობის წინაპირობაა.

შემდეგი რამ, რაც ვებ-გვერდის ტექნიკურ მხარეშია გასათვალისწინებელი არის ენების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტ ენაზეა თქვენი ვებ-გვერდი ნათარგმნი, პარალელურად უფრო მეტად იზრდება თქვენი მომხმარებლების გეოგრაფიული სეგმენტიც, რაც არამხოლოდ მოკლევადიან არამედ გრძელვადიან პერიოდშიც რენტაბელურად აისახება კომპანიის ოპერირებაზე.

ახლა კი მოდით გადავიდეთ ვებ-გვერდის დიზაინის კონცეფციაზე.მოდით დავუბრუმდეთ პერცეფციას ანუ აღქმას, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ობიექტური სინამდვილის ფსიქიკაში ასახვა, ინფორმაციის მიღება და გადამუშავება.რა კავშირშია პერცეფცია ვებ-გვერდთან? როდესაც მომხმარებელი თქვენი კომპანიის ვებ-გვერდს სტუმრობს, აღქმის სისტემის თავისებურებების გამო იგი ინფორმაციის საკმაოდ დიდ ნაწილს მხედველობითი რეცეპტორიდან იღებს და გონებაში სწორედ ამ მხედველობითი რეცეპტორებით აფასებს საიტის ვიზუალს გარკვეული კრიტერიუმებით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ალბათ უკვე მიგახვედრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვებ-გვერდის დიზაინის სწორად შერჩევა. ახლა კი ჩნდება კითხვა, რა უნდა გავითვალისწინოთ ვებ-გვერდის დიზაინის შერჩევისას. საწყის ეტაპზე გეტყვით, რომ ვებ-გვერდი არ უნდა იყოს არკადული, რადგან მომხმარებლებს არა არკადული არამედ დახვეწილი ვიზუალის მქონე საიტები იზიდავთ. დახვეწილი ვიზუალი კი ზომიერი, თქვენი კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული გრაფიკული შაბლონებით მიიღწევა, ასევე ინფორმაციული ბლოკებით. სავარაუდოდ ბევრ ვებ-გვერდზე შეხვდებოდით ანიმაციებსა და ეფექტებს, რომლებიც ერთი შეხედვით ვებ-გვერდს უფრო მიმზიდველს, გასართობსა და დასამახსოვრებელს ხდის. მინდა გითხრათ, რომ ეს მთლად ასე არ არის. შეიძლება ბევრმა დამწყებმა ბიზნესმენმა იფიქროს, რომ თუ ანიმაციები და ეფექტები საიტის ვიზუალზე დადებითად მოქმედებს კორელაციური მეთოდით გამოდის, რომ, რაც უფრო მეტ ეფექტსა და ანიმაციას გამოიყენებს ეს ვებ-გვერდს უფრო მეტად უნიკალურს გახდის.მაგრამ დაიმახსოვრეთ კორელაცია მიზეზ-შედეგობრიობა არაა და შესაბამისად არც ზემოთხსენებული შეესაბამება სიმართლეს. ანიმაციები და ეფექტები ძალიან ტვირთავს ვებ-გვერდს, რაც ხშირ შემთხვევაში შედარებით სუსტ მოწყობილობებში იწვევს bug-ებს ანუ ვებ-გვერდის გაუმართაობებს და სისტემურ ჭედვებს.თქვენი ვებ-გვერდი ისეთი უნდა იყოს, რომ სუსტი მოწყობილობითაც შეძლოს მომხმარებელმა საიტით სარგებლობა. შესაბამისად ნამდვილად შეგიძლიათ, რომ გამოიყენოთ ანიმაციები და ეფექტები, თუმცა ზომიერად.

ამას გარდა, როდესაც ვებ-გვერდის დიზაინზე ვსაუბრობთ, აუცილებელია არ გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ვებ-გვერდის დიზაინის შერჩევისას დიდ როლს ასრულებს ფერთა გამა. მე გირჩევთ, რომ ვებ-გვერდის დიზაინი იმ ფერებით შექმნათ,რომელი ფერებიც მომხმარებელს მაშინვე თქვენს კომპანიას გაახსენებს, მაგალითად კომპანია Apple-ის ვებ-გვერდი შავ და თეთრ ფერებშია შესრულებული, ხოლო კომპანია Caterpillar-ის ვებ-გვერდი თეთრ,შავ და ყვითელ ფერებში.