ბრენდინგი და მისი განვითარება საქართველოში – IX

ავტორი:სანდრო მაისურაძე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

 

სოციალური მედიამარკეტინგი ბრენდინგში

სოციალური მედია მარკეტინგი არის ციფრული მარკეტინგის ის მიმართულება,სადაც კომპანიები სოციალურ მედიას კაუზალურად იყენებენ. სოციალური მედიის დახმარებით მათ აქვთ შესაძლებლობა,რომ დიალოგი გამართონ მომხმარებლებთან და უკეთესად გაეცნონ მომხმარებელთა სურვილებს და როგორც ზემოთ აღვნიშნე გასული საუკუნის მარკეტინგისგან განსხვავებით თანამედროვე მარკეტინგი მომხმარებელთა სურვილებზეა აგებული. 100%-იანი სიზუსტით ვერ ვიტყვით, რომ სოციალური მედიამარკეტინგი უფრო პროდუქტიულია ვიდრე ტრადიციული მედიასაშუალებები, თუმცა ის უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ მედიამარკეტინგს გააჩნია საკუთარი შედარებითი უპირატესობები, სწორედ ეს უპირატესობებია რის გამოც მიმართავენ სოციალურ მედია მარკეტინგს თანამედროვე კომპანიები. ~ სოციალური მედიამარკეტინგის პირველი უპირატესობა გახლავთ ის, რომ მისი წყალობით კომპანიასა და მომხმარებელს შორის ორმხრივი დიალოგისა და კომუნიკაციის გამართვაა შესაძლებელი(რაც ტრადიციული მედიასაშუალებების შემთხვევაში შეუძლებელია). საგულისხმოა, რომ მეორე უპირატესობა გამომდინარეობს პირველიდან. რადგანაც სოციალური მედია მარკეტინგი კომუნიკაციის საშუალებას გვაძლევს, მისი წყალობით შესაძლებელია ვაკონტროლოთ მომხმარებელთა ინტერესები, გავაკეთოთ წინასწარი პროგნოზები იმის შესახებ თუ რამდენად მოეწონებათ მომხმარებლებს ახალი პროდუქცია ან მომსახურება. შემდეგი უპირატესობა, რაც სოციალურ მედიამარკეტინგს გააჩნია, დაკავშირებულია დანახარჯებთან, რადგან აღსანიშნავია, რომ,ტრადიციული მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, სოციალური მედია მარკეტინგის წარმოება გაცილებით მცირე, მინიმალური დანახარჯებით ან სულაც დანახარჯების გარეშეა შესაძლებელი. მეოთხე უმთავრესი უპირატესობა არის მიზნობრივი და პოტენციური სეგმენტის შერჩევა.მაგალითისთვის, თუ ტრადიციულ მედიასაშუალებას არ შეუძლია კოორდინირებულად იმოქმედოს მიზნობრივ სეგმენტზე, სოციალურ მედიამარკეტინგს შეუძლია კონკრეტული გეოგრაფიული ან ფსიქოგრაფიული სეგმენტის მიმართულებით იმოქმედოს. ეს იყო უმთავრესი უპირატესობები, რაც გააჩნია სოციალურ მედიამარკეტინგს და რადგანაც მათ უკვე გავეცანით, მოდით დეტალურად მიმოვიხილოთ უშუალოდ სოციალური მედია მარკეტინგის პლატფორმებიც.

სოციალური მედიამარკეტინგის პლატფორმებია: YouTube, Facebook, Instagram, Twitter, Twitch და ასე შემდეგ.

 

კონტენტ მარკეტინგი ონლაინ ბრენდინგში

კონტენტის მარკეტინგი გახლავთ ონლაინ ბრენდინგის განუყრელი ნაწილი და ამავდროულად გაყიდვებისა და რეკლამირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. თანამედროვე კომპანიები ქმნიან კონტენტს( ვიდეოებს,ფოტოებს, საინტერესო სტატიებს, ბლოგებს და ა.შ ),ხოლო მათ მიერ შექმნილი კონტენტი იზიდავს მომხმარებლებს. ალბათ გაინტერესებთ როგორ უნდა შექმნათ პროდუქტიული კონტენტი, ამაში მე დაგეხმარებით. იმისთვის, რომ თქვენ მიერ შექმნილმა კონტენტმა შედეგი გამოიღოს პირველ რიგში წინასწარ უნდა გქონდეთ გათვლილი სეგმენტი, ვისზეც მორგებული იქნება კონტენტი. მსგავსი სტრატეგია უშუალოდ პროცესის დროს გაგიმარტივებთ სამუშაოს და თქვენს ნაბიჯებსაც მეტად კოორდინირებულს გახდის. რაც შეეხება უშუალოდ პროცესის დროს აუცილებელია იყოთ აქტუალური და თქვენი კონტენტი იყოს განახლებადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სიცოცხლისუნარიანობას შეიძლება საფრთხე შეექმნას. კონტენტის შექმნისას ასევე პარალელურ რეჟიმში აუცილებელია მომხმარებელზე ჩატარებული ლონგიტუდური კვლევა(ანუ ერთი და იმავე ჯგუფის შესწავლა და დაკვირვება დროის გარკვეული ინტერვალებით), რათა ამ კვლევის საფუძველზე შემდეგ შესაძლებელი გახდეს ეფექტიანობის ალგორითმის შედგენა. ასევე კონტენტის შედგენისას აუცილებელია იყოთ კრეატიული და არ მიბაძოთ სხვას, უმჯობესია სხვამ მოგბაძოთ თქვენ, ამიტომ ნუ გამოიყენებთ სხვის შაბლონურ ფრაზებს,შექმენით თქვენი და უნიკალური.

 

საჩუქრები

საწყის ეტაპზე ზემოთ ჩამოთვლილ კონცეფციებთან საჩუქრები ცოტა კონტრასტული მოგვეჩვენება, თუმცა გასათვალისწინებელია,რომ მომხმარებლებს საჩუქრები იზიდავს. ალბათ გაგიჩნდათ იდეა, რომ თუ საჩუქრებიც და მოგებაც კორელაციურ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან მოდი მეტ საჩუქარს გავუკეთებ მომხმარებლებს, რათა მეტი სარგებელი მივიღო მათგან. მსგავს რეციპროკულობას რა თქმა უნდა დეტერმინისტული ახსნა აქვს, თუმცა აქ გასათვალისწინებელია,რომ საჩუქარი გარკვეული რაოდენობის შემდეგ თქვენი აქტივი კი არა ხარჯია. ასე, რომ საჭიროა ზუსტად ფიქსირებული რაოდენობის საჩუქრის გაკეთება. იმ რაოდენობის, რა რაოდენობაზეც დაიდება მოგების მაქსიმიზაცია.აქვე აღვნიშნავ, რომ ამის გარკვევა ოპტიმიზაციითაა შესაძლებელი.

ამით დავამთავრე ონლაინ ბრენდიგზე საუბარი. ახლა კი გადავალ ბრენდინგის შემდეგ ტიპზე-ხაზგარეშე ანუ offline ბრენდინგზე.

 

Offline ბრენდინგი

როგორც უკვე სახელიდან ექსპლიციტურად გაირკვა, offline ბრენდინგი არის ბრენდინგი, რომელიც ხდება offline-ში. როგორც ონლაინ ბრენდინგი შეიძლება მოიცავდეს ბრენდინგის ტიპებს, როგორიცაა პერსონალური ბრენდინგი, პროდუქტის ბრენდინგი, კორპორატიული ბრენდინგი და კულტურული და გეოგრაფიული ბრენდინგი, ასევე offline ბრენდინგი შეიძლება მოიცავდეს მათ.

Offline ბრენდინგის მარტივი მაგალითია პროდუქტები, რომლებსაც შეფუთვაზე თან სდევს სხვადასხვა რეკლამები. მაგალითად ტანსაცმელი, რომლებსაც სხვადასხვა ბრენდის ლოგო თუ თეგლაინი აქვს მიკრული ან მიხატული. ასევე Offline ბრენდინგის მაგალითია კოკა-კოლისა და მაკდონალდსის, ვენდისა და პეპსის პარტნიორობები.

 

რომელი ბრენდინგია ყველაზე ეფექტიანი?

კითხვაზე:რომელი ბრენდინგია ყველაზე ეფექტიანი, ფუნდამენტური და კაუზალური პასუხი არ არსებობს, რადგან ყველა სახის ბრენდინგი ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებისთვისაა რელევანტური. თუ ამ საკითხში ვერ ერკვევით მე გთავაზობთ, რომ შექმნათ ბრენდინგის კომბინირებული მოდელი, სადაც სიმულტანურად გამოიყენებთ რამდენიმე ტიპის ბრენდინგს.როგორც ფინანსების 6 უმთავრესი პრინციპიდან ერთ-ერთი ამბობს- თანხების მსგავსი დივერსიფიკაციით მეტი შანსი გაქვთ ეფექტიანობა ნახოთ.

ამ ნოტაზე დავასრულეთ ბრენდინგის დესკრიფციული კოგნიცია. ახლა კი დროა ვნახოთ, თუ რა ვითარებაა საქართველოში ბრენდინგის მიმართულებით.