რატომ სოციალიზმი? ალბერტ აინშტაინი.

დიდი ფიზიკოსი, ალბათობის თეორიის ავტორი, გენიოსი ალბერტ აინშტაინი ეკონომიკის შესახებაც შესანიშნავ სტატიებს წერდა და სოციალიზმის იდეით იყო გატაცებული. აინშტაინის სტატია „რატომ სოციალიზმი“ დღეს უაღრესად საინტერესო და საჭიროა, იმისათვის რომ ველური კაპიტალიზმის ჯუნგლებიდან გამოვიდეთ და მოაზროვნეთა საზოგადოება ავაშენოთ!

მთარგმნელი: ტრეისი ჯონსი

 

I

მიზანშეწონილია თუა არა, რომ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ექსპერტმა სოციალიზმის თემაზე საკუთარი აზრი დააფიქსიროს? რიგ მიზეზთა გამო მე ვთვლი, რომ ეს მისაღებია.

ჯერ ეს საკითხი სამეცნიერო მნიშვნელობიდან გამომდინარე განვიხილოთ. ისე ჩანს, რომ თითქოს ასტრონომიასა და ეკონომიკას შორის არსებითი მეთოდოლოგიური განსხვავებები არ არსებობს: ორივე სფეროს მეცნიერები ფენომენების განსაზღვრული ჯგუფებისათვის ზოგადი მისაღები კანონების აღმოჩენას ცდილობენ, რათა ამ ფენომენებს შორის ურთიერთკავშირი უფრო გასაგები გახდეს.

სინამდვილეში, ამგვარი მეთოდოლოგიური განსხვავებები არსებობს. ეკონომიკაში საერთო კანონების აღმოჩენა გართულებულია იმ მიზეზით, რომ დაკვირვებად ეკონომიკურ ფენომენზე, ხშირად, უამრავი ფაქტორი ზემოქმედებს, რომელთა ცალკეული შეფასება საკმაოდ გართულებულია.

გარდა ამისა, გამოცდილება, რომელიც დაგროვდა კაცობრიობის ისტორიის ე.წ. ცივილიზირებული პეიოდის დასაწყისიდან, როგორც ცნობილია მნიშვნელოვნად განპირობებულია და შეზღუდულია მიზეზებით, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ არიან ექსკლუზიურად ეკონომიკური მახასიათებლების მატარებლები. მაგალითად, ისტორიულად ცნობილი მსხვილი სახელმწიფოები საკუთარ არსებობას დამპყრობლურ ომებს უნდა უმადლოდნენ. დამპყრობლები იურიდიულად და ეკონომიკურად დამკვიდრდნენ, როგორც დაპყრობილი ქვეყნის პრივილეგირებული კლასი. ისინი გახდნენ მიწის მესაკუთრეები და საეკლესიო თანამდებობებზე საკუთარი რიგებიდან ნიშნავდნენ წარმომადგენლებს.

მღვდლებმა, რომლებიც აკონტროლებდნენ განათლებას, საზოგადოების კლასობრივი დაყოფა მუდმივმოქმედ ინსტიტუტად გდააქციეს, შექმნეს ფასეულობათა სისტემა, რომლითაც ადამიანები, ხშირ შემთხვევაში დაუფიქრებლად, საკუთარი სოციალური ქმედებების დროს ხელმძღვანელობდნენ.

მაგრამ ისტორიული ტრადიცია, ასე ვთქვათ, გუშინდელია; არსად, რეალურად არ დაგვიძლევია ის, რასაც ტორსტენ ვებლენი (Thorstein Veblen-ი) კაცობრიობის განვითარების „მტაცებლურ ფაზას“ უწოდებს. დაკვირვებადი ეკონომიკური ფაზები ამ ფაზებს მიეკუთვნება, ის კანონებიც კი, რომლებიც მათგან გამომდინარეობს, სხვა ფაზებისთვის მიუღებელია. ვინაიდან სოციალიზმის რეალური მიზანი მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ გადალახოს კაცობრიობის განვითარების მტაცებლური ფაზა და მის საზღვრებს გასცდეს, ეკონომიკური მეცნიერება, მისი ამჟამინდელი სახით, საზოგადოების სოციალისტურ მომავალზე ნაკლებ სინათლეს მოჰფენს.

მეორე, სოციალიზმი სოციალურ-ეთიკური მიზნისკენაა მიმართული. თუმცა, მეცნიერებას არ შეუძლია მიზნების შექმნა და მითუმეტეს, ადამიანებზე მორგება; ყველაზე დიდი, რაც მეცნიერებას შეუძლია შესთავაზოს არის განსაზღვრული მიზნების მიღწევის საშუალებები. მაგრამ თავად მიზნებს მაღალი ეთიკური იდეალების მქონე პიროვნებები აყალიბებენ და, თუ ეს მიზნები მკვდრადშობილი კი არა, არამედ სიცოცხლისუნარიანი და ენერგიულია, ხდება მათი მიღება და პრომოცია იმ ათასობით ადამიანების მიერ, რომლებიც ნაწილობრივ გაუაზრებლად, ხელს უწყობენ საზოგადოების თანდათანობით ევოლუციას.

ზემოაღნიშნულიად გამომდინარე უნდა ვიყოთ ყურადღებით, რათა მეტისმეტად მაღალი შეფასება არ მივცეთ მეცნიერებას და სამეცნიერო მეთოდებს, როდესაც საუბარი ადამიანურ პრობლემებზე მიდის; ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ ექსპერტები – ერთადერთია, ვისაც საკითხებზე, რომელიც საზოგადოების ორგანიზაციას ეხება, აზრის გამოთქმის უფლება აქვთ.

გარკვეული პერიოდი უამრავი ხმა ამტკიცებს, რომ კაცობრიობა კრიზისს განიცდის, რომ მისი სტაბილურობა სერიოზულად შეირყა. მსგავსი სიტუაციისთვის დამახასიათებელია ის, რომ ადამიანები დიდი ან მცირე ჯგუფების მიმართ, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან, გულგრილები ან მტრულად განწყობილებიც კი ხდებიან. ჩემი აზრის ილუსტრაციისათვის, ნება მომეცით პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ.

ცოტა ხნის წინ ჭკვიან და კეთილგანწყობილ ადამიანთან ახალი ომის გაჩაღების შესაძლებლობას განვიხილავდი. ჩემი აზრით იგი ომს და კაცობრიობის არსებობას საფრთხის ქვეშ დააყენებდა და ავღნიშნე, რომ მხოლოდ ზენაციონალურ საზოგადოებას შეეძლო ამ საფრთხისგან თავის არიდება. ჩემი სიტყვების შემდეგ, მოსაუბრემ საკმაოდ მშვიდად მომიგო: „კაცობრიობის გაქრობის ასეთი გულანთებული მოწინააღმდეგე რატომ ხართ?“

დარწმუნებული ვარ, რომ სულ რაღაც ასი წლის წინ ამგვარ არასერიოზულ განცხადებას არავინ გააკეთებდა. ეს არის იმ ადამიანის განაცხადი, რომელიც უშედეგოდ ცდილობს მიაღწიოს შინაგან წონასწორობას და მეტ-ნაკლებად დაკარგა წარმატების მიღწევის იმედი. ეს არის ავადმყოფური მარტოსულობის და იზოლაციის გამოძახილი, რითაც, მოცემულ პერიოდში, ადამიანების უმრავლესობა იტანჯება. რა არის მიზეზი? არის კი გამოსავალი?

ნებისმიერი ასეთი კითხვის დასმა მარტივია, მაგრამ ნებისმიერი სახით გარანტირებული პასუხის გაცემა რთულია. თუმცა მე მცდელობა არ უნდა დავაკლო, ამასთან მშვენივრად ვხვდები, რომ ხშირად, ჩვენი გრძნობები და მიზნები წინააღმდეგობრივი და ბუნდოვანია და მათი უბრალო ფორმულებით გამოსახვა შეუძლებელია.

ადამიანი, ერთდროულად მარტოსული და საზოგადო არსებაა. როგორც მარტოსული, ის ცდილობს საკუთარი და ახლობელი ადამიანების არსებობის დაცვას, საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას და თანდაყოლილი უნარების განვითარებას. როგორც საზოგადო – მიისწრაფვის აღიარებისაკენ და საკუთარი თანამემამულეებისაგან სიყვარულის მოპოვებას, მათი ჭირის თუ ლხინის გაზიარებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. მხოლოდ ამ განსხვავებული, ხშირად წინააღმდეგობრივი მისწრაფებებით შეიძლება აიხსნას ადამიანის გამორჩეული თვისებები. მათი სპეციფიკური კომბინაცია განსაზღვრავს იმ ხარისხის, რომელშიც ინდივიდს შეუძლია შინაგანი წონასწორობის მიღწევა და საზოგადოების კეთილდღეობაში საკუთარი წვლილის შეტანა.

სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ორი მისწრაფების ფარდობითი ძალა მემკვიდრეობით განისაზღვრება. მაგრამ პიროვნება, რომელიც საბოლოოდ ყალიბდება, მნიშვნელოვანწილად გარემოს ზემოქმედებით ყალიბდება, იმ გარემოსი, სადაც ადამიანი განვითარების პროცესში ხვდება, საზოგადოების სტრუქტურით, სადაც იზრდება, ამ საზოგადოების ტრადიციების და ამავე საზოგადოების მიერ ქცევის კონკრეტული ტიპების შეფასების შესაბამისად. აბსტრაქტული ცნება „საზოგადოება“,ცალკეული ადამიანისათვის თანამედროვეებისადმი და წინაპრებისადმი მისი პირდაპირი და ირიბი დამოკიდებულების ერთობლიობას ნიშნავს.

II

ინდივიდს შეუძლია დამოუკიდებლად იფიქროს, იგრძნოს, იბრძოლოს და იმუშაოს; მაგრამ ის საზოგადოებაზე ძლიერ არის დამოკიდებული – საკუთარი ფიზიკური, ინტელექტუალური და ემოციური არსებობით, – რაც მასზე დამოუკიდებლად, საზოგადოების გარეშე ფიქრის საშუალებას არ გვაძლევს. სწორედ „საზოგადოება“ უზრუნველყოფს ადამიანს საკვებით, ტანსაცმლით, სახლით, სამუშაო იარაღით, საკომუნიკაციო ენით, აზროვნების ფორმებით და დიდწილად აზროვნების შინაარსით; მისი არსებობა წარსულში და ამჟამად მცხოვრები მილიონობით ადამიანის შრომითა და მიღწევებით გახდა შესაძლებელი; ყველაფერი ეს კი მოკლე სიტყვის „საზოგადოება“ უკან იმალება.

შესაბამისად, აშკარაა, რომ საზოგადოებაზე ინდივიდის დამოკიდებულება ბუნების კანონია, რომლის გაუქმებაც შეუძლებელია – ზუსტად ისე, როგორც ჭიანჭველების და ფუტკრების შემთხვევაში. თუმცა, მაშინ როდესაც ჭიანჭველების და ფუტკრების მთელი სასიცოცხლო ციკლი უმცირეს დეტალებში, ხისტი მემკვიდრეობითი ინსტიქტებით ფიქსირდება, ადამიანების საზოგადოებრივი სტრუქტურა და ურთიერთობა მეტად ცვალებადია და ცვლილებებს ექვემდებარება. მეხსიერებამ, ახალი კომბინაციების შექმნის შესაძლებლობამ, კომუნიკაციის უნარმა ადამიანის, როგორც არსების, რომელიც მხოლოდ ბიოლოგიურ მოთხოვნებს არ ეფუძნება, განვითარება შესაძლებელი გახადა. ყოველივე ეს ვლინდება ტრადიციებში, ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში. ლიტერატურაში; სამეცნიერო და ინჟინრულ მიღწევებში; ხელოვნების ნიმუშებში. ეს განმარტავს, თუ როგორ ხდება, რომ გარკვეული თვალსაზრისით ადამიანი საკუთარი ქცევით საკუთარ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს და, რომ ამ პროცესში შეგნებულ აზროვნებას და სურვილებს განსაზღვრული როლის თამაში შეუძლია.

ადამიანი დაბადებისთანავე, მემკვიდრეობის გზით, ბიოლოგიურ კონსტიტუციას იძენს, რომელიც მუდმივად და შეუცვლელად უნდა ჩავთვალოთ, მ.შ. ადამიანის სახეობისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოტივები. გარდა ამისა, ცხოვრების მანძილზე ის იძენს კულტურულ კონსტიტუციას, რომელსაც საზოგადოებიდან კომუნიკაციის და სხვადასხვა სახის გავლენის გზით ითვისებს. დროთა განმავლობაში, სწორედ კულტურული კონსტიტუცია ექვემდებარება ცვლილებებს და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ინდივიდსა და საზოგადოებას შორის დამოკიდებულებას. თანამედროვე ანთროპოლოგია, ე.წ. პრიმიტიული კულტურების შედარებითი გამოკვლებით, გვასწავლის, რომ ადამიანების სოციალური ქცევა საზოგადოებაში არსებული გაბატონებული კულტურული მოდელებიდან და ორგანიზაციის ტიპებიდან გამომდინარე ძლიერ განსხვავებულია. სწორედ ამაზე შეიძლება დააფუძნონ საკუთარი იმედები მათ, ვინც ცდილობენ ადამიანის ყოფის გაუმჯობესებას; ადამიანები, საკუთარი ბიოლოგიური კონსტიტუციიდან გამომდინარე, ერთმანეთის განადგურებისაკენ ან საკუთარი თავისთვის მისჯილ სასტიკი ბედისთვის არიან განწირულები.

თუ საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, როგორ უნდა შეიცვალოს საზოგადოების სტრუქტურა და ადამიანის კულტურული მიდგომა, რათა მისი ცხოვრება მაქსიმალურად დაკმაყოფილებული გახდეს, ჩვენ მუდმივად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ არსებობს განსაზღვრული პირობები, რომლის შეცვლაც არ გვძალუძს. როგორც ადრე იყო აღნიშნული, ადამიანის ბიოლოგიური ბუნება, ყველა სახის პრაქტიკული მიზნებისათვის, ცვლილებებს არ ექვემდებარება. გარდა ამისა, უკანასკნელი რამდენიმე ასწლეულში მომხდარმა ტექნოლოგიურმა და დემოგრაფიულმა ცვლილებებმა შექმნა პირობები, რომლებიც მუდმივად რჩებიან. შედარებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში საქონელისათვის, რომელიც მათი შემდგომი არსებობისათვის მნიშვნელოვანია, აუცილებელია შრომის გადანაწილება და მაღალცენტრალიზირებული საწარმოო აპარატი. დრო, რომელიც წარსულის გახსენებისას იდეალურად გვეჩვენება, როდესაც ცალკეულ ადამიანებს ან შედარებით მცირერიცხოვან ჯგუფებს შეეძლოთ თვითმყოფადები ყოფილიყვნენ, წარსულს ჩაბარდა. ოდნავ გაზვიადებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ კაცობრიობა უკვე წარმოადგენს წარმოების და მოხმარების პლანეტარულ საზოგადოებას.

 

III

ეხლა, მიუახლოვდი იმ წერტილს, როდესაც მოკლედ შემიძლია მიუთითო იმაზე, რაც ჩემი აზრით, ჩვენი დროის კრიზისის არსს წარმოადგენს. ეს ეხება ინდივიდსა და საზოგადოებას შორის დამოკიდებულებას. ინდივიდმა, როგორც არასდროს, გააცნობიერა საზოგადოებაზე საკუთარი დამოკიდებულება. მაგრამ ის ამ დამოკიდებულებას, როგორც პოზიტიურ აქტივს, ორგანულ დამოკიდებულებას, დამცავ ძალად არ აღიქვამს, უფრო სწორად საკუთარი ბუნებრივი უფლებების ან თუნდაც, ეკონომიკური არსებობის საფრთხედ მიიჩნევს. უფრო მეტიც, საზოგადოებაში მისი მდგომარეობა ისეთია, რომ მისი ხასიათის ეგოისტური მისწრაფებები უფრო მძაფრდება, მაშინ როდესაც მისი საზოგადოებრივი მისწრაფებები, რომელიც ბუნებრივად სუსტია, თანდათანობით უარესდება. დამოუკიდებლად საზოგადოებაში მათი მდგომარეობისა, ყველა ადამიანი დეგრადაციის პროცესისაგან ზარალდებიან. გაუზრებლად, საკუთარი ეგოიზმის ტყვეობაში აღმოჩენილები, ისინი თავდაჯერებულები არ არიან, თავს მარტოსულებად გრძნობენ, ვისაც ცხოვრებისაგან ტკბობის საშუალება წაართვეს. ადამიანს ცხოვრების, რაც არ უნდა ხანმოკლე და სახიფათო იყოს, აზრის პოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ თავს საზოგადოებას მიუძღვნის.

კაპიტალისტური საზოგადოების ეკონომიკური ანარქია იმ სახით, რომლითაც დღეს არსებობს,ჩემი აზრით, ბოროტების რეალური წყაროა. ჩვენ ვხედავთ მწარმოებლების უზარმაზარ საზოგადოებას, რომლის წევრები განუწყვეტლივ ცდილობენ ერთმანეთს საკუთარი კოლექტიური შრომის ნაყოფი წაართვან – არა ძალით, არამედ ზოგადად, კანონით ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად. ამ კუთხით მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ წარმოების საშუალებები, ანუ მთელი საწარმოო პოტენციალი, რომელიც სამომხმარებლო საქონელის წარმოებისათვისაა საჭირო, აგრეთვე დამატებითი საწარმოო საშუალებები, იურიდიულად შესაძლებელია და დიდწილად ცალკეულ პირთა კერძო საკუთრებას წარმოადგენს.

სიმარტივისათვის მომდევნო განხილვაში „მუშებს“ ვუწოდებ ყველას, ვინც საწარმოო საშუალებებს არ ფლობს, თუმცა ეს სრულად არ შეესაბამება ამ ტერმინის ზოგად გამოყენებას.

საწარმოო საშუალებების მფლობელს შეუძლია საწარმოო ძალების შეძენა. საწარმოო პოტენციალის გამოყენებით მუშა აწარმოებს ახალ საქონელს, რომელიც კაპიტალისტის საკუთრება ხდება. ამ პროცესის მნიშვნელოვანი მომენტია შეფარდება იმისა, თუ რას აწარმოებს მუშა და რას უხდიან მას.

ერთიც და მეორეც რეალური ღირებულების ტერმინებში აისახება. ვინაიდან შრომითი ხელშეკრულება „ძალდაუტანებელია“, ის რასაც მუშა იღებს, განისაზღვრება არა მის მიერ წარმოებული საქონელის რეალური ღირებულებით, არამედ მისი მინიმალური საჭიროებებით და სამუშაო ადგილებზე კონკურენციიდან გამომდინარე მუშების რაოდენობის სამუშაო ძალასთან შეფარდების და კაპიტალისტების მოთხოვნის შესაბამისად. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თეორიულადაც კი შრომის ანაზღაურება წარმოებული პროდუქტის ღირებულებით არ განისაზღვრება.

კერძო კაპიტალს, ნაწილობრივ კაპიტალისტებს შორის კონკურენციიდან გამომდინარე და ნაწილობრივ იმით, რომ ტექნოლოგიური განვითარება და შრომის მზარდი გადანაწილება მცირე საწარმოო ერთეულების ნაცვლად უფრო მსხვილი ერთეულების ჩამოყალიბებას ეხმარება, რამდენიმე ადამიანის ხელში კონცენტრირდება. ამ მოვლენების შედეგია კერძო კაპიტალის ოლიგარქია, უზარმაზარი ძალაუფლება, რომლის ეფექტური შეჩერება დემოკრატიულად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ საზოგადოებას არ შეუძლია. ეს მართებულია, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოების წევრების არჩევა ხდება პოლიტიკური პარტიების მიერ, რომელთა დაფინანსება, მნიშვნელოვანწილად კერძო კაპიტალისტების მიერ ხორციელდება, შედეგად ელექტორატის პრაქტიკული მიზნები საკანონმდებლო ძალაუფლებისაგან გამოიყო. ზემოთქმულიდან გამომდინარე, რეალურად, ხალხის წარმომადგენლები არასაკმარისად იცავენ მოსახლეობის გაჭირვებული ფენების ინტერესებს. უფრო მეტიც, არსებულ პირობებში კერძო კაპიტალისტები პირდაპირ, თუ ირიბად ინფორმაციის ძირითად წყაროებს (პრესა, რადიო, განათლება) აუცილებლად აკონტროლებენ. ამგვარად, ცალკეული მოქალაქისათის საკმაოდ რთულია, ხოლო ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც კი, გააკეთოს ობიექტური დასკვნა და საკუთარი პოლიტიკური უფლებები გონივრულად გამოიყენოს.

ამგვარად, ეკონომიკაში არსებული სიტუაცია, რომელიც კაპიტალზე კერძო საკუთრებას ეფუძნება, ორი ძირითადი პრინციპით ხასიათდება: პირველი, წარმოების საშუალებები (კაპიტალი) კერძო საკუთრებაშია, მფლობელები საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავენ; მეორე, შრომითი ხელშეკრულება ძალდაუტანებელია. რათქმაუნდა, ამ გაგებით არ არსებობს მცნება, როგორც სუფთა კაპიტალისტური საზოგადოება. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ მშრომელებმა ხანგრძლივი და მწვავე პოლიტიკური ბრძოლის შედეგად, ზოგიერთი კატეგორიის მუშისათვის რამდენადმე გაუმჯობესებული შრომითი ხელშეკრულება მიიღეს. მაგრამ მთლიანობაში თანამედროვე ეკონომიკა მცირედ თუ განსხვავდება „სუფთა“ კაპიტალიზმისაგან.

საწარმოო პროცესი არა მოხმარების, არამედ მოგების მიზნით მიმდინარეობს. არ არსებობს დებულება, რომლის მიხედვითაც ყველას ვისაც შესწევს ძალა ან სურს იმუშაოს, შესძლებს იშოვოს სამუშაო; თითქმის ყოველთვის არსებობს „უმუშევართა არმია“. დასაქმებული მუდმივი შიშის ქვეშაა – არ დაკარგოს სამუშაო ადგილი. ვინაიდან უმუშევრები და დაბალანაზღაურებადი დასაქმებულები გასაღების მომგებიან ბაზარს ვერ უზრუნველყოფენ, სამომხმარებლო საქონელის წარმოება შეზღუდულია. არსებული სირთულეები ამის შედეგია. ხშირად, ტექნიკური პროცესი უმუშევრობის ზრდას და არა დასაქმებულის ტვირთის შემსუბუქებას იწვევს. მოგების მოტივი, კაპიტალისტებს შორის კონკურენციასთან ერთობლიობაში კაპიტალის დაგროვების და გამოყენების არასტაბილურობის მიზეზია, რაც სერიოზულ დეპრესიების მიზეზი ხდება. შეუზღუდავი კონკურენცია სამუშაო ძალის უზარმაზარ დანახარჯებს და ცალკეული ადამიანების საზოგადოებრივი ცნობიერების გაუარესებას იწვევს, რაზედაც ზემოთ ვისაუბრე.

ინდივიდების დეფორმაცია კაპიტალიზმის ყველაზე საშინელ ბოროტებად მიმაჩნია. ამ სიბოროტისაგან ზარალდება ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა. სტუდენტებს უნერგავენ გაზვიადებულ კონკურენტულ დამოკიდებულებას, ასწავლიან, რომ კარიერული წარმატების მისაღწევად ანგარება მნიშვნელოვანია.

დარწმუნებული ვარ, ამ სერიოზული ბოროტების აღმოსაფხვრელად მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს, კონკრეტულად სოციალისტური ეკონომიკის შექმნის გზა, რომელსაც თან ახლავს სოციალურ მიზნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა. ასეთი სახის ეკონომიკაში საწარმოო საშუალებები მთელ საზოგადოებას ეკუთვნის და გეგმის შესაბამისად გამოიყენება. გეგმიური ეკონომიკა, რომელიც წარმოებას საზოგადოების საჭიროებებს უთავსებს, სამუშაოს ყველას, ვისაც მუშაობა შეუძლია, გადაუნაწილებს და თითოეულ მამაკაცს, ქალს და ბავშვს არსებობისათვის აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფს. ინდივიდის აღზრდა, მისი მემკვიდრეობით მიღებული უნარების განვითარებასთან ერთად, მასში, ნაცვლად ძალაუფლების მოხვეჭისა, საკუთარი მოძმეების მიმართ პასუხისმგებლობას განავითარებს და თანამედროვე საზოგადოებას წარმატებას მოუტანს.

მიუხედავად ამისა, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ გეგმიური ეკონომიკა – ჯერ კიდევ სოციალიზმს არ ნიშნავს. გეგმიურ ეკონომიკას, როგორც ასეთს, შესაძლოა თან ახლდეს ინდივიდის სრული დამონება.

სოციალიზმის მისაღწევად საჭიროა ზოგიერთი საკმაოდ რთული სოციალურ-პოლიტიკური პრობლემის გადაჭრა: შესაძლებელია თუ არა, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლებას შორის მიმავალი ცენტრალიზაციის გათვალისწინებით, ბიუროკრატიის ყოვლისშემძლეობის და თავდაჯერებულობის თავიდან აცილება? როგორ შეიძლება ინდივიდის უფლებების დაცვა და ბიუროკრატიის ძალაუფლების საპირწონედ დემოკრატიული უფლებებით უზრუნველყოფა?

ჩვენს გარდამავალ საუკუნეში სოციალიზმის მიზნების და პრობლემების მიმართ მკაფიოობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, ამ პრობლემების თავისუფალი და შეუზღუდავი განხილვა ტაბუდადებულია!

ალბერტ აინშტაინი