რუსეთი – ზემოდან მართული რევოლუცია III

ნათან ეიდელმანი

აშშ-ს ერთ-ერთი ფუძემდებელი, თომას ჯეფერსონი წერდა: „ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდია იმისთვის, რომ ყველა მის საქმეს ერთი მთავრობა განაგებდეს“.

მეორე საშუალება – ცენტრალიზაციაა: ადმინისტრაციული ძალაუფლების ვერტიკალი, რომელიც არავითარ თვითმმართველობას არ სცნობს.

დასავლეთი, როგორც ადვილი მისახვედრია, პირველი გზით წავიდა: მეფე და პარლამენტი, საქალაქო და პროვინციული თემები, სასამართლოები დაა.შ. რუსეთში ეს საქმე, ძირითადად ივანე მრისხანეს და მის შემდეგ წყდებოდა. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, მთელი XVII საუკუნის განმავლობაში, ქალაქები, პროვინციები  კიდევ ახერხებდნენ ვოევოდების არჩევას, საკუთარი საქმეების განკარგვას ცდილობდნენ.

ნ.ნ. პოკროვსკის ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა საშუალება მოგვცა თვალსაჩინოდ წარმოგვედგინა, როგორ იცავდა საკუთარ უფლებებს, იმხანად, თუნდაც ტომსკი და სხვა ქალაქები და როგორ ჯაბნიდა, სპობდა, ცენტრი ოდითგანვე დამკვიდრებულ თავისუფლებებს, მე-18 საუკუნის მოახლოებასთან ერთად.

ამისთვის, ძველი, პატრიარქარული, მცირე ზომის სამფლობელოებზე გათვლილი მმართველობის წესის სანაცვლოდ, მეფეებს ძალაუფლების სრულიად ახალი, განტოტვილი მთელი იმპერიის მომცველი აპარატის შექმნა მოუწიათ იმ ქვეყნის სამართავად, რომლის შორეულ საზღვრებთან მისვლას, მე-17 საუკუნეში, უსწრაფესი შიკრიკებიც კი ერთ წელზე მეტ ხანს ანდომებდნენ (ზანტი ბოიარები, ზოგ შემთხვევაში, სამ წელსაც კი.)

თავის ბოლოდროინდელ ნაშრომში დ.ნ. ალშიცმა აჩვენა ჩვენი კამათის უსაფუძვლობა ოპრიჩნინის დასასრულის დროის დადგენასთან დაკავშირებით. ადრე, ბევრი მკვლევარისა და სახელმძღვანელოს თანახმად, ეს სამსახური შვიდი წლის მანძილზე, 1566 წლიდან 1572 წლამდე არსებობდა; მოგვიანებით მეცნიერები “დააკვირდნენ“ და იმ დასკვნამდე მივიდნენ რომ ეს ახალი მძლავრი სადამსჯელო ორგანიზაცია, სხვა სახელებით, მრისხანე მმართველობის დასასრულამდე, ანუ 1584 წლამდე არსებობდა. ისტორიკოსმა კი აჩვენა, რომ საქმე დროებით, „განსაკუთრებულ“ საქმეებთან კი არ გვქონდა; უბრალოდ ამ ხნის მანძილზე საფუძველი ჩაეყარა პრინციპულად ახალ მექნიზმს, რომლის საფუძველზე შესაძლებელია უზარმაზარი ქვეყნის მართვა, დემოკრატიის ნიშნების არა ხელშეწყობით, არამედ სასტიკ ბროლაში მათი თანდათანობითი მისპობით. და თუ ასე შევხედათ საქმეს, ოპრიჩნინა არც მე-16 და არც მე-19 საუკუნეში არ დამთავრებულა…

მკვლევარი ასკვნის: „თვითმპყრობელობის მთელი მომდევნო ისტორიის მანძილზე რთულია იპოვო პერიოდები, სადაც ოპრიჩნული მმართველობის ესა თუ ის მეთოდები არ ავლენდა თავს. სხვანაირად შეუძლებელიც იყო. თვითმპყრობელობის სოციალური წარმომავლობა ძირეულად არის დაკავშირებული ოპრიჩნინასთან. წარმომავლობა კი, როგორც ცნობილია, შეიძლება უარყო, მაგრამ მას ვერ „გააუქმებ“. („ვერსად ვერ გაექცევი“.)

წარსულს ჩაბარდა ის დრო როდესაც მკითხველებს მარტივ, და გარეგნულად ზედმიწევნით დამაჯერებელ სქემას სთავაზობდნენ: რუსეთის ცენტრალიზაციის პროცესში მეფე ივანე მრისხანე მოღალატე ბოიარებს ებრძოდა. მარტივი გადაწვეტილებების მიღების საჭიროება, რასაკვირველია, დაკმაყოფილებული აღმოჩნდა, მაგრამ ისიც მხოლოდ დროებით, სანამ ჯიუტმა ფაქტებმა არ ააფეთქა იდეალური სქემა. დღესდღეობით, ისტორიკოსებისთვის, მეტნაკლებად, ცხადია, რომ ივანე მრისხანე და მისი მხარდამჭრები დეცენტრალიაზციის, „დემოკრატიის“ ყოველნაირ გამოვლინებას ახშობდნენ. ზოგადად ბოიარებს კი არ ებრძოდა, არამედ იმ ბოიარებს, აზნაურებს, სასულიერო პირებს, „უბრალო ხალხს“, ვინც ამა თუ იმ ფორმით იცავდა შეიძლება ითქვას „ევროპულ“ უფლებებს.

მეფე ულმობელ ტერორს მიმართავდა ყველას მიმართ, ვინც კი თუნდაც იოტისოდენა დამოუკიდებელობის, თავისუფლების მატარებელი იყო. სასტიკად გაუსწორდნენ ბიოარების დუმისა და სილვესტრისა და ადაშევის რჩეული რადის წევრებს, რომელთაც მთელი ქვეყნის სახელით, „ბრძნული რჩევებით“, თვითმპყრობელობის შეზღუდვა სურდათ. „მოვლენათა მსვლელობას რომ არ გაესრისად, – წერდა იმ დროის შესახებ აკადემიკოსი ს.ბ. ვესელოვსკი, – ყველა ცდილობდა შეერთებოდა მათ, ვისაც სხვების დათრგუნვის საშუალება ჰქონდა“. მეფე ივანეს, რომელიც იძულებული იყო რეგულარულად მოეწვია Земские соборы (ლივონიის ომის, ფულის სიმცირის გამო), ამავდროულად სასტიკად სძულდა ეს ზედმეტად თავისუფალი ორგანო და მოგვიანებით ბევრი დეპუტატი დასაჯა სიკვდილით.

ზედმიწევნით ზუსტად გრნობდა მაშინდელ ისტორიულ სიტუაციას ნიკოლოზ მიხეილის-ძე კარამზინი: „ივანეს დამანგრეველი ხელი… მომავალ დროსაც გადასწვდა: ვინაიდან ყველაფრის გამაჩანაგებელი მწერების ღრუბელმა, თუმც კი გაქრა, მაგრამ ხალხში თავისი თესლი ჩატოვა; და თუკი ბათუ-ყაენის უღელმა დააკნინა რუსების სული, იგი არც ივანეს მმართველობამ არ აღამაღლა“.

ნებისმიერ სისტემაში, პოლიტიკური მექანიზმი ორი მიმართულებით მოძრაობს: „ქვევიდან ზევით“ და „ზევიდან ქვევით“; საკითხი ისაა, როგორ ეწყობა ერთმანეთს ეს ორი ნაკადი. დათვლა შეუძლებელია, მაგრამ შეფასება შესაძლებელი და აუცილებელიც: დასავლეთში ინიციატივა ქვემოდან (აზნაურები, ქალაქები, მრეწველობა, შედარებით თავისუფალი გლეხობა) გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ევროპის აღმოსავლეთში. რუსეთში კი ხალხის უზარმაზარი შესალებლობები – მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა დამპყრობლებთან, მკაცრი ბუნებრივი პირობებისა და უზარმაზარი სივრცეების დაძლევა – ამ ენერგიის, ამ სახალხო ძალის უდიდესი ნაწილი, დამოუკიდებლად, თვითმპყრობელობის კონტროლის მიღმა, თავს ვერ ამჟღავნებდა; თუკი ეს მაინც ხდებოდა (კაზაკები, მაძიებელნი), ადრე თუ გვიან, ამ თავისუფალ ადამიანებს, მოსკოვი საკუთარი ნების გამტარებლებად (носителями) აქცევდა… ხალხის მდგომარეობა წააგავდა აბობოქრებულ, მძლავრ ნაკადს, რომელიც კლდოვანი ნაპირების არტახებში იყო მოქცეული და კაშხალებითა და დამბებით იმართებოდა… დიდებულ ერს, რომელიც „გაზრდილი აქტივობის“ (ლ.ნ. გუმილიოვის თანახმა – „პასიონარულ“) მდგომარეობაში შევიდა, ყველაფერი შეეძლო: მონღოლების გაგდებაც, უზარმაზარი ციმბირის ათვისებაც, და როცა დადგა სმუტნოე ვრემია, მეფის ხელისუფლება კი აღარ იყო – გააგდო დამპყრობლები და ეს ხელისუფლება კვლავ აღდგინა…

ხალხს ყველაფერი შეეძლო… გარკვეულ წილად საკუთარ დამმონებლებისთვის ხელის შეწყობაც კი. მისი ტრაგედია იმაში მდგომარეობდა რომ მას, პრაქტიკულად, არ ჰყავდა ისეთი ლიდერები, როგორებსაც, იმ ხანად, დასავლეთში, ქალაქელები, მესამე წოდება წარმოადგენდა.

და რასაკვირველია, შემთხვევითი არ იყო ის რომ სამეფოების გაერთიანებას ევროპაში ბატონყმობის მსგავსი რამ არ ახლდა. რუსეთში, კი იურიევ დღის კანონის მიღებიდან (1497) მოყოლებული დაკაბალება ძლიერდებოდა მთელი მე-16 საუკუნის განმავლობაში და საბოლოოდ მე-17 საუკუნეში დასრულდა. მაინც რატომ?

მარტივი პასუხი: ძალზედ ძლიერ სახელმწიფოს დამონება შეეძლო, მაშინ როცა ნაკლებად ცენტრალიზებული – ამას ერიდებოდა. სიმართლის მარცვალი ასეთ პირდაპირ ახსნაშიც არის, მაგრამ მოდით, ნუ ავჩქარდებით. როგორც პოლიტიკაში, აქაც ორი გზა იკვეთებოდა.

სასაქონლო ურთიერთობები, ფულის აუცილებლობა: 14-16 საუკუნეებში ეს პროცესები, მთელს ევროპაში, შესაძლოა სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მმართველ ფენას, თუ ჩავუფიქრდებით, „ხარკის აღების“ ორი გზა აქვს. პირველი – პირდაპირი წართმევის, არაეკონომიკური, ადმინისტრაციული წესია. მეორე – გლეხების, ვაჭრების, ხელოსნების შემოსავლებზე დაკისრებულ ფულად გადასახადში მდგომარეობს.

პირველ შემთხვევაში, სახელმწიფოს და თავად-აზნაურობას, რომელსაც იგი ეყრდნობა, აწყობს ძალისმიერად გლეხების მიმაგრება მიწასთან, მათი დამოუკიდებლობის მინიმუმამდე დაყვანა; მეორე წესი კი „სასაქონლო“ და „დემოკრატიულია“. ამ შემთხვევაში ბურჟუაზიულობა და კაპიტალიზმი წახალისებულია, ბატონყმობის შემთხვევაში კი ისინი, რასაკვირევლია, ითრგუნება.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთის რაინდებმა და ბარონებმა გლეხების დაკაბალებაზე სიკეთის და კეთილშობილების გამო კი არ სთქვეს უარი, არამედ იმიტომ რომ საამისო ძალა არ შესწევდათ!

ისტორიამ შემოგვინახა ფრიად საყურადღებო მონაცემები ინლისელი და ფრანგი სენიორების მიერ, ფულადი მოსკრებლების გაზრდასთან ერთად, „ბატონყმური ვარიანტის“ მოსინჯვის თაობაზე, თანაც ასი წლით უფრო ადრე, ვიფრე ეს რუსეთში მოხდეოდა.

ასწლიანი ომით გაჩანაგებულ სარანგეთში „ახალი სერვაჟი“ – ბატონყმობა იბადებოდა. ინგლისში, შავი ჭირი, რომელმაც მე-14 საუკუნეში სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილი იმსხვერპლა, გაკოტრებით  ემუქრებოდა გადარჩენილ ლორდებსა და სენიორებს. უამრავი ფაქტების განზოგადების საფუძველზე აკადემიკოსი დ.მ. პეტრუშევსკი წერდა: „ძნელია შეგვეპაროს ეჭვი იმაში რომ შავი ჭირის წყალობით, დროთა ვითარების შედეგად თითქმის გაუქმებული ბატონყმობა (ინგლისში – ნ.ე.) კვალვაც აღორძინდა – და ადრინდელთან შედარებით გაცილებით მძიმე… ფორმებში“.

ყურადღების ღირსია მეცნიერის მიერ მითითებული – „დროთა ვითარების შედეგად“, ანუ ფულადი ურთიერთობებოთ, ქალაქების განვითარებითა და ა.შ. მდიდარი სენიორები გლეხებისგან барщина, მათი წასვლითვის ხელის შეშლას ითხოვდნენ. ყურადღების ღირსია ის რომ მეფე ედუარდ მესამემ, 1349 წლის 18 ივნისს გამოსცა კანონი „მომუშავეებსა და მსახურებზე“, რომელიც გარეგნულად საკმაოდ ჰგავდა იურის დღის რუსულ კანონს, ოღონდაც საუკუნენახევრით ადრე იყო გამოცემული (თუმცა, ინგლისში პატრონთან საბოლოო ანგარიშსწორების დღედ წმ. იურის დღე, 26 ნოემბერი კი არ იყო მიღებული, არამედ 29 სექტემბერი, მიქაელის დღე). კანონი მარტივი იყო: ვინც „ჩვეულებრივი ანაზღაურებით“ მუშაობაზე უარს იტყვის – პატიმრობა; ვინც პატრონს დათქმულ დროზე ადრე დატოვებს – ციხეში ჩასვამენ.

სულ ცოტაც და თითქოსდა სავსებით შესაძლებელი იყო ისეთივე ბატონყმური სისტემის ჩამოყალიბება, მოგვიანებით რუსეთში რომ დამკვიდრდა. მაგრამ არ გამოვიდა.

მოდით თვითმხილველებს გადავცეთ სიტყვა.

სახელგანთქმული ინგლისელი პუბლიცისტი, ჯონ უინკლიფი, რომელიც ჩაგრულებს თანაუგრძნობდა, ასეთ სიტყვებს დაწერს 1370-იან წლებში: „თავადები ქვეშევრდომთა დამონებას ცდილობდნენ უფრო მეტად, ვიდრე ამას გონიერება და სულგრძელობა დაუშვებდა. სწორედ ამან გამოიწვია ბრძოლა და არეულობა ქვეყანაში.“

ფრანგი ისტორიკოსი ფრუასარი კი ამ დრო გლეხებს უწყრებოდა: „ამ ნაძირლებმა იმიტომ წამოიწყეს ამბოხი რომ, მათი სიტყვების თანახმად, მათ გაუსაძლის მონობაში ამყოფებდნენ.“ ორივე ავტორი წარმოთქვამს უმნიშვნელოვანეს სიტყვებს: „ბრძოლას და არეულობას“ და „წამოიწყეს ამბოხი“.

საუკუნეების მანძილზე გლეხები სხვა რამეს იყვნენ მიჩვეულნი – მეტ თავისუფლებას, იმას რასაც ადათი ამკვიდრებდა და გონიერება და სულგრძელობა განაპირობებდა. და ისინიც აჯანყდნენ – 1357-1358 წლებში, საფრანგეთში მოხდა პარიზის ამბოხი და ჟაკერია, 1381 წელს ინგლისში – უოტ ტაილერის აჯანყება; დაახლოებით იმავე ხანებში – რიგი ნაკლებად მნიშვნელოვანი ეპიზოდებისა… თავადებმა, სენიორებმა, მეფეებმა თუმც კი დასაჯეს სიკვდილით მეამბოხეები, მაგრამ „ყურადაც იღეს“ ზოგიერთი რამ: უარი თქვეს დაკაბალებაზე, ფულადი გადასახადებით, იჯარებით, დავალიანებებით შემოიფარგლნენ.

ხალხისთვის ეს მძიმე ტვირთი კი იყო, მაგრამ ადამიანის ხელახლა დამონებას არ გულისხმობდა.

ისე კი უნდა ითქვას რომ სხვდასხვა ეპოქებში კლასობრივი ბრძოლის აფეთქებები ხანმოკლედ და ზოგჯერ ხანგრძილვადაც კი ხელს უწყობდნენ მასების მდგომარეობის გაუმჯობესებას: პუგაჩოვი სიკვდილით დასაჯეს მაგრამ ურალის ქარხნებში მუშებს ხელფასი ორჯერ გაუზარეს; 1905 წლის რევოლუცია ჩაცხრა მაგრამ მუშებს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, გაცილებით დიდი გასამრჯელო დაუნიშნეს.

მრავალი საუკუნის გადასახედიდან, რასაკვირველია, ადვილი არ არის ზუსტად გაეცეს პასუხი შეკითხვას თუ რატომ განაგრძეს რუსმა მეფეებმა და ფეოდალებმა, ბატონყმური დაკაბალება თუნდაც ბოლოტნიკოვის, რაზინის, პუგაჩოვის აჯანყებების შემდეგაც კი (ზოგიერთ რაიონებში მდგომარეობის დროებით შემსუბუქებით) მაშინ როცა ინგლისის მეფეებმა და საფრანგეთის ფეოდალებმა უკან დაიხიეს.

როგორც ჩანს, საქმე არა მარტო გლეხთა აჯანყებებმა განაპირობეს. სიმშვიდე არც ქალაქეში სუფევდა; ალაგ-ალაგ გლეხებს ხელოსნებიც უერთდებოდნენ; ამასთან ერთად (და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია!) მეფე და მსხვილი ფეოდალები უკვე კარგა ხანია რაც საკმაოდ განვითარებული ფულადი ურთიერთობების, რეგულარული გადასახადების და ა.შ. სამყაროში ცხოვრობდნენ. ასე რომ ამუშავდა ბურჟუაზიული საწყისი, „სასაქონლო ურთიერთობები“ და მათი სოციალური შედეგები – და აქ კარგად ჩანს როგორ სცილდება ერთმანეთს რიგი დასავლეთევროპული ქვეყნებისა და მატერიკის აღმოსავლეთი ნაწილის ისტორიული გზები: ელბის დასავლეთით კაპიტალიზმისკენ, ბურჟუაზიული თავისუფლებებისკენ არის აღებული კურსი, ელბის აღმოსავლეთით კი ბატონყმობისა და დესპოტიზმის ყველაზე სასტიკი ფორმები იკიდებენ ფეხს.

ბრიტანელი და საბჭოთა მკვლევარების ნაშრომებში, რომლებიც შუასაუკუნოვან ინგლისს ეხება, მრავალფეროვანი ცნობებისა და სტატისტიკური გაანგარიშებების გვერდით, შიგადაშიგ ეპოქისთვის დამახასიათებელი, გამორჩეული ფიგურები გვხვდება. აი მაგალითად – სერ ჯონ ფალსტაფი (რომელიც 1459 წელს გარდაიცვალა, ერთი საუკუნით ადრე შექსპირის დაბადებამდე, რომელმაც ამ ბატონის ცნობილი სეხნიის განთქმული სახე შექმნა თავის კომედიებში). იგი მდიდარი მიწათმფლობელი გახლდა, თუმცა გლეხებს ღალას არ ახდევინებდა: მიწების ნაწილს არენდაში იძლეოდა, ფულად ანაზღაურებას ღებლობდა (რაც შემდეგ მევახშეობის საშუალებას აძლევდა მას). ზოგადად, ჯერ კიდევ „ფეოდალური მეთოდებია“, მაგრამ სხვა მასშტაბებში. ფალსტაფი უკვე იყენებს დაქირავებულ შრომას ცხვრებისა და ბოცვერების მოსაშენებლად (ეს კი კაპიტალიზმის საწყისებია!). ამასთან საკუთარი გემებიც ჰყავს და დაქირავებული რაზმელებიც.

გვერდით – პასტონების ოჯახია, გუშინდელი ვილანები (ყმა გლეხები). გამდიდრდნენ, გათავისუფლდნენ, მიწებიც შეიძინეს და ახლა ღარიბ-ღატაკებს აძლევენ არენდაში და აი ოჯახმა უკვე აზნაურების წოდებაც დაიმკვიდრა (რაც მიწის მფლობელობიდან მიღებული გარკვეულ შემოსავალის დადასტურებას მოითხოვდა მხოლოდ).

ეს სწორედ იმ დროს ხდებოდა როცა რუსეთის გლეხობა იმ საბედისწერო ზღვარს უახლოვდებოდა სანახევრო თავისუფლებას ბატონმობისგან რომ ჰყოფდა.

საჭიროა კი შეჯამება?

ისტორიკოსებს უყვართ, მრავალი საუკუნის შემდეგ, თავიანთ მყუდრო კაბინეტებიდან მკითხველებისთვის იმის განმარტება რომ სხვანაირად ალბათ ვერ მოხდებოდა, რომ უდავოდ აუცილებელია ისტორიზმი და არა ესა თუ ის მორალური ან როგორც პუშკინი იტყოდა „ორატორული“ შეფასებები, და რომ თითქოსდა ის რაც წარსულში ხდებოდა, ყველაფერი არსებული – „გონივრულია“.

გამოდის ჭეშმარიტებას გულგრილი შთამომავლები და არა მგზნებარე თანამედროვენი ფლობენ? ძნელი დასაჯერებელია… უბრალო, ადამიანური, ცხოვრებისეული ინსტინქტი გვკარნახობს რომ მათ საკუთარი სიმართლე ჰქონდათ, ჩვენ – ჩვენი და მათი შეჯერება, ძალიან ფრთხილად, არითმეტიკისგან გასხვავებული კანონების შესაბამისად უნდა მოხდეს.

მართლაც, თითქოს საკმარისია იმ ფაქტის კონსტატაცია რომ ევროპა ასე წავიდა, ჩვენ კი – ისე. ჩვენ თავისებური გზა გვქონდა და თუკი ჩვენთან იყო ბატონყმობა და თვითმპყრობელობა – მაშასადამე სწორედ ეს არის ის რასაც თეატრალურ სამყაროში „ნაგულისხმევ ვითარებას“ უწოდებენ, და შემდეგ კი ყველაფრის განსჯა მოცემული კანონების მიხედვით და არა რაღაც უცხოური – ფრანგული, ინგლისური თუ სხვა კანონების მიხედვით უნდა ხდებოდეს.

თითქოს მართლაც ასე უნდა იყოს, მაგრამ ამგვარი სანეტარო ოპტიმიზმის დაკმვიდრებას სამი საეჭვო ვითარება უშლის ხელს.

პირველი არი ის რომ რუსეთი აფრიკა ან ახალი გვინეა რომ ყოფილიყო, მაშინ ალბათ, გულის შეკუმშვით მაგრამ მაინც შესაძლებელი იქნებოდა საუბარი ხისტ პროგრესზე; მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ივანე მრისხნემე საუკუნეებით ადრე არსებოდნენ ევროპული ნიშნების მატარებელი რუსული ქალაქები, თავისუფლებებიც და გლეხებიც, რომლესაც, მართალია ბეგარა უნდა გადაეხადათ, მაგრამ რომელთა გაყიდვა არ შეიძლებოდა.

მეორე გახლავს ფასი, უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი (შემოსევები, ეპიდემიები, სიკვდილით დასჯები), და მილიონობით ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების განცდა, დესპოტიზმს რომ იქნა მიტანილი მსხვერპლად. როგორ არ გავიხსენოთ გერცენის „მოსკოვმა იხსნა რუსეთი, გაგუდა რა ყველაფერი რაც თავისფალი იყო რუსულ ცხოვრებაში.“

და მესამე – შეუძლებელია რუსეთის სრულად აბსტრაგირება ინგლისიდან, საფრანგეთიდან, სხვა ქვეყნებიდან, ვინაიდან მათთან ერთ პლანეტაზე ცხოვრება, ვაჭრობა, ომობა, საქმიანობა მოგვიწევს. და სწორედ აქ იჩენს, ადრე თუ გვიან თავს ეს სახიფათო რუსული ჩამორჩენა.

რასაკვრიველია ქვეყანა საკუთარი ისტორიული, სულიერი გზით მიდიოდა, ჰქონდა და უფრთხილდებოდა საკუთარ სულიერ ფასეულობებს, საკუთარ წიაღში შობდა გენიოსებს – ანდრეი რუბლოვს, ავკუუმს…

და მაინც, მაინც… გავიხსენოთ რომ ივანე მესამეს თანამედროვენი იყვნენ ლეონარდო და ვინჩი და კოლუმბი; რომ მიქელანჯელო გარდაიცვალა, შექსპირი კი დაიბადა სწორედ იმ წელს, როდესაც ივანე მრისხანემ დემონსტრატიულად დატოვა მოსკოვი და ოპრიჩნინის შემოღება გადაწყვიტა; რომ ცრუ დიმიტრი მმართველობის წლები – დასავლური ქრონოლოგიით, „დონ კიხოტის“ პირველი ტომის გამოსვლას და რემბრანტის დაბადებას ემთხვევას. ჩვენ გამოჩენილ ადამიანებს ვასახელებთ, მაგრამ არ გვავიწყდება არც ფრეგატები, არც პირველი მოგზაურობები დედამიწის გარშემოს, არც გალილეის ტელესკოპი, არც ნიუტონის კანონები; უნივერსიტეტები, რომლებიც ბოლონიაში, პარიზში, მონპელიეში, ოქსფორდში, კემბრჯში, სალამანკაში (ესპანეთი), კოიმბრში (პორტუგალია), პრაღაში, კრაკოვში, ვენაში, ჰეიდელბერგში, უფსალაში, კოპენჰაგენში უკვე არსებობდნენ მეთხუთმეტე საუკუნეში. ჩამორჩენა საბედისწერო შეიძლება ოფილიყო. და ის რომ რუსეთი სულ მალე გადადგმას უდიდეს ნაბიჯს – უზარმაზარი, მთვლემარე, „პასიონარული“ ძალების მიმანიშნებელია. მაგრამ ის თუ როგორ გააკეთებს ის ამ ნაბიჯს, ბატონყმობისა და დესპოტიზმისკენ ტრაგიკული შემობრუნების ნიშნების მატარებელია.

სანამ გავაგრძელებდეთ თხრობას, საჭიროა კიდევ ერთხელ შევეპასუხოთ მათ ვინც წამოიძახებს – „თვეთან თუ ივანე მრისხანე იყო, მათ ბართლომეს ღამე ჰქონდათ, როდესაც 1572 წლიწ 24 აგვისტოს, ერთ ღამეში, რამოდენიმე ათასი ადამიანი იქნა ამოწყვეტილი.“ ივანე მრისხანე, როგორ ცნობილია, ბრალს დებდა (საყვედურობდა) ფრანგებს „გადამეტებულ სისხლისღვრა“.

მკვლელობები რუსეთში, საფრანგეთშიც. ტექსტი ერთია – კონტექსტია განსხვავებული. ერთია გლეხების დაკაბალება, თავისუფლებათა მოსპობა ქვეყანაში, რომელიც ისედაც ჩამორჩებოდა განვითარებით ისტორიული კატაკლიზმის – მონღოლთა შემოსევის გამო; მეორეა ხოცვა-ჟლეტვა, უსასტიკესი ხოცვა-ჟლეტვა (რომლიც უნდა ითქვას რომ სამოქალაქო ომის ნაწილი იყო), თავისუფალი ქალაქების, სასამართლოების, უნივერსიტეტების გვერდით.

ეს ხომ მხოლოდ მოჩვენებითია, თითქოს ისტორიკოსი, რომელიც ყველაფერ არსებულს ბუნებრივად,  „გონივრულად“ შერაცხავს, ნეიტრალური და ობიექტური იყოს. მას უბრალოდ არ სურს ფიქრი დაღუპულ ალტერნატივაზე, არშემდგარ შესაძლებობებზე, ჩახშულ თავისუფლებებზე.

რა საჭიროა იმაზე ფიქრი თუ „რა იქნებოდა რომ“?

თუნდაც იმიტომ რომ უკეთ გავუგოთ იმ ადამიანებს და შევეცადოთ არ შეგვეშალოს ისტორიული სპირალის მსგავს ხვეულზე…

სიტყვამ მოიტანა და ასეთ შესაძლებლობებზე როგორ არ ვისაუბროთ?

1953 წელს შესანიშნავი საბჭოთა მსახიობის ნიკოლოზ კონსტანტინეს-ძე ჩერკასოვის ჩანაწერების პირველი გამოცემა გამოვიდა. იქ მოხსენიებულია საუბარი რომელიც იოსებ ბესარიონის-ძე სტალინს ჰქონდა ფილმის „ივანე მრისხანე“ შემქმნელებთან. საქმე ეხებოდა ფილმის მეორე სერიის აკრძალვის მიზეზებს; ჩერკასოვის წიგნის სასტამბო მონაცემები აშკარად მიუთითებს: ტექსტის დასაბეჭდად მომზადება და „ვიზირება“ ჯერ კიდევ გენერალისიმუსის სიცოცხლეში ხდებოდა, ასე რომ ეს მონაგონი არ არის.  მაშ ასე, 1947 წლის 24 თებერვალს ფილმის, „ივანე მრისხანე“, მეორე სერიის შემქმნელებს შეხვედრა ჰქონდათ სტალინთან, მოლოტოვთან და ჟდანოვთან. ჩერკასოვი იხსენებს: „ივან გროზნის სახელმწიფოებრივ საქმიანობაზე საუბრისას, ამხანაგმა სტალინმა აღნიშნა რომ ივანე მრისხნე დიადი და სიბრძნით აღვსილი მმართველი გახლდა, რომელიც ქვეყანას უცხოეთის გავლენის შემოღწევისგან იცავდა და რუსეთის გაერთიანებას ცდილობდა. კერძოდ, ივანე მრისხანის პროგრესულ მოღვაწეობაზე საუბრისას, ამხნაგმა სტალინმა აღნიშნა რომ ივანე მეოთხემ რუსეთში პირველმა შემოიღო მონოპოლია საგარეო ვაჭრობაზე, რაც ამის შემდეგ, მისი სიტყვებით, მხოლოდ ლენინმა გააკეთა.

იოსებ ბესარიონის-ძე ოპრიჩნინის პროგრესულ როლზეც შეჩერდა, აღნიშნა ის რომ ოპრიჩნიკების მეთაური, მალიუტა სკურატოვი, რუსეთის ღირშესანიშნავი მხედარმთმთავარი იყო, რომელიც გმირულად დაიღუპა ლივონიის წინააღმდეგ ბრძოლებში.

რაც შეეხება ივანე მრისხანის შეცდომებს, სტალინმა აღნიშნა რომ, მისი ერთ-ერთი შეცდომა მდგომარეობდა იმაში რომ მან ვერ შესძლო იმ დროისთვის შემორჩენილი 5 დიდი ფეოდალური გვარის განადგურება, ბოლომდე არ მიიყვანა ფეოდალებთან ბრძოლის საქმე – მას რომ ეს გაეკთებინა, რუსეთი აცდებოდა არეულობების ხანას. ”აქ ივანეს ღმერთმა შეუშალა ხელი“. ერთი რომელიმე ფეოდალური ოჯახის განადგურების შემდეგ გროზნი მთელი წელი ინანიედა ჩადენილ ცოდვას, მაშინ როცა სინამდვილებში, უფრო გაბედულად უნდა მოქცეულიყი“. (ჩერკასოვი ნ.კ. საბჭოთა მსახიობის ჩანაწერები. მოსკოვი, 1953. გვ. 380)

ჩანაწერების მეორე გამოცემაში (1980) ამ სცენას, რატომღაც, არ ვხვდებით: საკმაოდ გასაოცარი ცვლილებაა სიკვდილის შემდეგ გამოცემულ მემუარებში! არადა ჩანაწერი ზედმიწევნით საყურადღებოა. (მისი ყველაზე სრული ტექსტი, სულ ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნდა გაზეთში “Московские Новости”.)

როგორც ცნობილია, თავისი დამოკიდებულებით ივანე მრისხანეს მიმართ, რუსი ისტორიკოსები დაახლობით ორ თანაბარ ჯგუფად იყოფოდნენ. ერთნი (ნ.მ. კარამზინი, ს.ბ. ვესელოვსკი)  სიძულვილით, ზიზიღით განიკითხვდნენ და უარყოფდნენ მას. კარგად იცოდნენ რა რიგი დადებითი საქმების შესახებ, რომელთაც ამ მეფობის დროს ჰქონდათ ადგილი, ისინი უარს ამბობდნენ, მათი შეხედულებით, საეჭვო დაჯამებაზე – „ერთის მხრივ, სისხლის ზღვა, ასობით გავერანებული სოფელი, მდინარე ვოლხოვში ჩამხრჩვალი ნოვგოროდის მოსახლეობის უმეტესობა, ერთი არამზადების სხვებით ჩანაცვლება, მეორეს მხრივ – ყაზანის, ასტრახანის, ციმბირის შემოერთება. სამართლის წიგნი (Судебник), ვასილის ნეტარის ტაძარი, და ა.შ.“. ისტორიკოსების მეორე ნაწილი, ასე თუ ისე, თანხმდებოდა შეეპირისპირება ერთმანეთს ივანე ვასილის-ძის მოღვაწეობის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

სტალინი, როგორც სჩანს, მესამე, უნიკალური შეხედულების ფუძემდებელი გახლდა; მან ივანე მრისხანე ზომიერებისთვის, ნაკლები სისხლისღვრისთვის გააკრიტიკა…

თარგმნა პროფესორმა გიორგი ღლონტმა