საქართველოს ბანკი – თანამგზავრი მომავლის გზაზე

ავტორები: დამენია მარიამი, ჩეკურიშვილი მერი, IBSU

 

თანამედროვე ბიზნეს სამყაროში უამრავი მსგავსი პროდუქტის არსებობისას რთულია მომხმარებელი დაარწმუნო, გახდეს კონკრეტულად შენი მომხმარებელი. მომხმარებლის მოზიდვასა და მათი ნდობის მოპოვებაში ლომის წვლილი მიუძღვის ბრენდს, ანუ რაც პროდუქტის დიფერენცირების – სხვა პროდუქტებისგან განსხვავების საშუალებას იძლევა. ბრენდის ელემენტებია: სახელი, ლოგოტიპი, შეფუთვა, სიმბოლო, ფერი, დიზაინი, სლოგანი და სხვა. ბრენდში პირველი და უმნიშვნელოვანესი არის სახელი, რომელიც ყველაზე დიდ რეზონანსს უნდა იწვევდეს მომხმარებელში, რადგან სხვა ელემენტებისგან განსხვავებით ის დიდხანს ილექება მათ ცნობიერებაში. ასეთ ძლიერ ბრენდებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ბრენდებს დიდი „ბ“-თი. თუნდაც ავიღოთ „საქართველოს ბანკი“, რომელიც 1994 წლიდან ავითარებს საცალო და პერსონალური ბანკინგის მიმართულებების პროდუქტებსა და სერვისებს. საქართველოს ბანკს დღეს 6 ათასამდე თანამშრომელი და 2,5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ბანკი წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი ცნობილი და ძლიერი ბრენდი საქართველოს ბაზარზე. კომპანიას აქვს ძალზედ საპასუხისმგებლო სახელი, რომლის გაგონებისთანავე ყველა ქართველში პატრიოტიზმი და ბრენდისადმი ნდობა ერთდროულად იღვიძებს.

„საქართველოს ბანკის“ ბრენდის წარმატებაში სახელის გარდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სლოგანს – ,,იგრძენი მომავალი“. ბანკი არსებობს, რათა ნებისმიერი მომხმარებელი შეამზადოს მომავლისთვის ფინანსურად, რაციონალურად, ემოციურად და სოციალურად. ეს დაპირება მომხმარებელზე ზრუნვასა და ბანკის მათ მომავალზე ორიენტირებულობას უსვამს ხაზს. დამეთანხმებით, ადამიანებისთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ასეთი ცნობილი ბრენდი მათზე ფიქრობს და მათ გვერდითაა ნებისმიერ სიტუაციაში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბრენდები დიდი „ბ“-თი დიდ რეზონანსს იწვევენ არა მხოლოდ მომხმარებლებში, არამედ არამომხმარებლებშიც. საქართველოს ბანკის გავლენა და ცნობადობა კი თუნდაც იმით შეიძლება გავზომოთ, რომ ადამიანების უმეტესობისთვის ეს ბრენდი ასოცირდება ლომთან და ნარინჯისფერთან.

ლომი ძალის, გაბედულობისა და სიბრძნის სიმბოლოა, ანუ ყველა იმ თვისების, რომლებიც ბანკისთვის პრიორიტეტია, თუმცა აქვე არის ერთი დეტალი, რომელიც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის. ბანკი იყენებს ალაზნის ველის მიდამოებში აღმოჩენილ ლომის ქანდაკების რეპროდუქციას, რადგან ამ ქანდაკებას ისეთივე დიდი ისტორია აქვს, როგორიც თავად ბანკს.

ხოლო რაც შეეხება ნარინჯისფერს, ის ასოცირდება შემოქმედობითობასთან, პოზიტიურობასთან, ენთუზიაზმსა და ბედნიერებასთან. სწორედ ამიტომ შეაჩერა ბანკმა არჩევანი ამ ფერზე.

საქართველოს ბანკს მომხმარებელისთვის აქვს დიფერენცირებული შეთავაზებები მომხმარებელთა სეგმენტების მიხედვით. ის ფიქრობს როგორც სკოლის მოსწავლეებზე, ასევე სტუდენტებსა და ემიგრანტებზეც და მათ სთავაზობს საბანკო მომსახურებას მათზე მორგებული პორობებითა და შეღავათებით.

ბიზნესის განვითარებისთვის ბოლო წლებში ძალიან აქტუალური გახდა სოციალური აქტივობები. ამ მხრივ საქართველო ბანკი ნამდვილად გამოირჩევა, რადგან საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობებში საკმაოდ დიდ კაპიტალს აბანდებს. ახლა კი მეტი თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ თითოეული მათგანი:

  • განათლება – საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი 2014 წელს დაარსდა, 2019 წელს კი გააფორმა ხელშეკრულება კავკასიის უნივერსიტეტთან, რაც მოიაზრებდა ძალების გაერთიანებას და სტუდენტებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ხოლო ის სტუდენტები, რომლებსაც სწავლის სახსრები არ გააჩნიათ, სარგებლობენ გადასახადის დაფარვის მოქნილი გრაფიკით.
  • თანამშრომლები – საქართველოს ბანკი თანამშრომლებს მთელ რიგ შესაძლებლობებს სთავაზობს: ჯანმრთელობის დაზღვევა, საპენსიო ფონდში გაწევრიანება, ბანკის პროდუქტებით სარგებლობის შეღავათები, პროფესიული განვითარების ტრენინგები, ფინანსური მხარდაჭერა (ქორწინების, ავადმყოფობის დროს).
  • ქველმოქმედება – საქართველოს ბანკი კორპორაციულ – სოციალურ პასუხისმგებლობას ძირითადად ფონდ „სიცოცხლის ხის“ მეშვეობით ახორციელებს. სოციალური აქტივობის ძირითადი მისიაა შშმ პირების განათლებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა – მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, გარემოს ადაპტირების გზით.
  • სპორტი – 2018 წლის 30 იანვარს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და „საქართელოს ბანკს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ბანკი ამ კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა. მას შემდეგ ბანკი ყოველთვის ზრუნავს ქართველი სპორტსმენებისა და ეროვნული ნაკრებების მხარდაჭერას და მათ პოპულარიზაციაზე.
  • გარემო – გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორც ვიცით დღესდღეობით მომხმარებელი საკმაოდ დიდ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად აქვს კომპანიას გააზრებული სოციალური პასუხისმგებლობები და რამდენად დიდ რესურსს (ფინანსურს, დროის) უთმობს ამ საკითხს, სწორედ ამიტომ, ბანკმა შეიმუშავა სხვადასხვა კამპანიები, მაგ.:
  1. მწვანე ანაბრის აქცია – რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბანკმა წაღვერში 15 ათასი ნერგი დარგო, რაშიც 180 000 ლარი დაიხარჯა.
  2. მწვანე ტომარა – გარემოსდაცვით საკითხებზე ზრუნვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვის მიზნით, სიცოცხლის ხის ინიციატივით საქართველოს ბანკის სათავო ოფისში განთავსდა მწვანე ტომრები, სადაც ქაღალდის ნარჩენების შეგროვება და შემდგომში გადასამუშავებლად გაგზავნა ხდება.

რა თქმა უნდა, მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა მომხმარებელს ვერ მოიზიდავს თუ კომპანიამ ნათლად არ გააკეთა აქცენტირება მთლიანი ორგანიზაციის საერთო მიზანსა და მისიაზე. თითოეულმა ბრენდმა უნდა აირჩიოს კონკრეტული წერტილი, რომლისკენ სვლასაც არასდროს შეწყვეტს ერთად და ცალ-ცალკე აღებულ თანამშრომლებთან ერთად. წლების მანძილზე საქართველოს ბანკი მუდმივად მიისწრაფვის ბრენდის ისეთ სრულყოფილებამდე მისასვლელად, რომელიც ყველგან და ყოველთვის იქნება ხალხის გვერდით, დაეხმარება მათ პოტენციალის რეალიზებასა და შესაძლებლობების რეალობად ქცევაში, რადგან, როგორც ილია ჭავჭავაძე „მგზავრის წერილებში“ ამბობდა, „მოძრაობა და მარტო მოძრაობაა“ ადამიანის მთავარი დანიშნულება და სწორედ რომ მოძრაობაა ის, რაც ადამიანს ეხმარება საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებლების სტიმულირებისთვის სლოგანის გარდა ბანკი იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა, მაგალითად, „ცხოვრება არის ზმნა. იმოქმედე, არ გაჩერდე!“ და სხვა.

ეს ბრენდი საბანკო ცოდნით, გამოცდილებითა და წინდახედულობით მუდმივად ნერგავს სიახლეს საბანკო მომსახურებაში. თუნდაც ავიღოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ბანკი გვთავაზობს მობაილ ბანკს, რომლით სარგებლობაც – ანგარიშის გაკონტროლება, გადარიცხვების სწრაფად და მარტივად განხორციელება და სხვა ოპერაციების ჩატარება, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი, რაც პირველ რიგში საქართველოს ემიგრანტებისთვისაა ხელსაყრელი. ამას გარდა, საქართველოს ბანკის აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მართონ არა მხოლოდ კონკრეტულად ამ ბანკის ანგარიშები, არამედ სხვა ბანკისაც.

ამგვარად, ბრენდი „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს, დაანახოს მომხმარებელს, თუ როგორ ზრუნავენ და გვერდში უდგანან ყველანაირ სიტუაციაში. ბანკს აქვს უნიკალური მახასიათებლები, როგორც ლოგოსა და ბრენდის ფერის, ასევე მათი მიზნების, მისწრაფებებისა და ინოვაციურობის მხრივ, რაც ასევე ხელს უწყობს ბრენდს ბაზარზე საკუთარი თავის მყარ პოზიციონირებაში.

გამოყენებული მასალები:

https://bankofgeorgia.ge/ka/retail/main

http://m.mysports.ge/ka/post/view/23240