საქართველოს ტელევიზიების შეფასება მასლოუს პირამიდის მიხედვით

ლიზა ოდიშელიძე, მარკეტინგი, IBSU

 

“ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, გვყავდეს მთავრობა გაზეთების გარეშე თუ გაზეთებით, დაუფიქრებლად ვამჯობინებდი მეორეს“, ამაზე ჯერ კიდევ თომას ჯეფერსონი წერდა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მედიის როლი გლობალიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოციალური მედია დიდი სისწრაფით ვითარდება და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით დაინტრესებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, საქართველოს მოსახლეობის 85%-ისთვის ტელევიზია ინფორმაციის მიღების ძირითად საშუალებად რჩება. სწორედ ეს პროცენტული მაჩვენებელი განაპირობებს ტელევიზიების მიმართ განსაკუთრებულ მოთხოვნებს, ინფორმაციის მიწოდებისას-დაცული იქნეს ბალანსი, სიზუსტე და ობიექტურობა.

21-ე საუკუნე გლობალიზაციის ეპოქაა, შესაბამისად გასაკვირი არ არის რომ, თანამედროვე მენეჯმენტში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს პერსონალის მოტივაციის ასპექტები. პერსონალის მოტივაცია საშუალებას გვაძლევს ოპტიმალურად გამოვიყენოთ შრომითი რესურსები და მოვახდინოთ საკადრო პოტენციალის მობილიზება. მოტივაციის უმთავრესი მიზანია არსებული შრომითი რესურსების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება წარმოებაში, რაც ზრდის საწარმოს რენტაბელობას.

მოტივაციის თეორიები მრავალია, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აბრაჰამ მასლოუმ, რომელიც 1908-1970 წლებში მოღვაწეობდა შემოგვთავაზა ადამიანის ქცევის დადებითი მხარეების შესწავლით მიღებული გადაწყვეტილებათა იერარქია. მის მიერ ჩატარებულმა თვითაქტუალიზირებადი[1] პიროვნებების კვლევამ შესაძლებელი გახადა ადამიანის ბუნებაზე პოზიტიური, ჰუმანისტური შეხედულების ჩამოყალიბება. თუკი ადრე ფსიქოლოგია, განსაკუთრებით კი ფსიქოანალიზი, სწავლობდა ადამიანებს სხვადასხვა ფსიქიკური გადახვევებით და ამის საფუძველზე ქმნიდა პიროვნების თეორიებს, მასლოუმ ეტალონად ჩათვალა ჯანმრთელი და რეალიზებული ადამიანები და შედეგად მიიღო ახალი მონაცემები ადამიანის ბუნების შესახებ.

მასლოუს ეს გადაწყვეტილება როგორც ჩანს სწორი აღმოჩნდა, რადგან დღემდე შემოგვრჩა მისი იერარქიული პირამიდა. მის ბიოგრაფიას თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ რომ ჰუმანური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და მთავარი გამავრცელებელი, მუდმივად სწავლობდა ადამიანს.

შეიძლება ეს ფაქტი განმპირობებული იყო მისი წარსულითაც, საკუთარი ჩვენებების თანახმად, ბავშვობა უბედურად, მარტოხელამ გაატარა, შესაბამისად ის უმეტეს დროს ბიბლიოთეკაში, წიგნებში ჩაფლული ატარებდა. რასაკვირველია, აღნიშნული ფაქტი არ ნიშნავდა, რომ ის სწავლას ვერ გააგრძელებდა.

საშუალო სკოლის დაამთავრებისთანავე, აბრაამ მასლოუმ იურიდიული ფაკულტეტი დაიწყო ნიუ იორკის სითი კოლეჯში და იქორწინა ბერტა გუდმენზე, მის პირველ ბიძაშვილზე.

თუმცა, მალევე მას დიდი ინტერესი გაუჩნდა ფსიქოლოგიის დარგში და გადავიდა ვისკონსინში, სადაც დაიწყო სწავლა ცნობილ ფსიქოლოგთან ჰარი ჰარლოუსთან. 1930 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი, 1934 წელს კი დოქტორის ხარისხი. ამ მიღწევის შემდეგ იგი დაბრუნდა ნიუ-იორკში, ქალაქში, სადაც მუშაობდა მასწავლებლად. სწორედ აქ დაიწყო მისი, როგორც მკვლევრის კარიერა.

1950-იან წლებში აბრაამ მასლოუ გახდა ჰუმანური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და მთავარი გამავრცელებელი იმ მიმდინარეობის, რომელიც ეწინააღმდეგებოდა იმდროინდელი გაბატონებული მოდელების ზოგიერთ პრინციპს. მის თეორიებს შორის იყო მოთხოვნილებების იერარქია, თვითრეალიზაცია და “პიკის გამოცდილება”. ყველა მათგანი მალევე ჰუმანიზმის ფუნდამენტური ნაწილი გახდა.

ეჭვგარეშეა, თვითრეალიზაციის იდეა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მასლოუს თეორიებში. არ შემიძლია არ დავეთანხმო, რომ ინდივიდებს, რომლებიც თვითრეალიზაციის გზაზე არიან, ძალიან ცნობადი კონკრეტული მახასიათებლების მთელი რიგი აქვთ, როგორიცაა სპონტანურობა, დამოუკიდებლობა, საკუთარი თავის მიღება.

შორს რომ არ წავიდე ვიტყვი, რომ აბრაჰამ მასლოუმ 1942 წელს თავის ნაშრომში წარმოადგინა მოთხოვნილებათა იერარქია, სახელწოდებით „ადამიანური მოტივაციის თეორია“. მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიას პირამიდის სახე აქვს, სადაც ძირითადი მოთხოვნილებები პირამიდის ძირშია მოქცეული. პირველ ორ მოთხოვნილებას მასლოუ უწოდებს პირველად მოთხოვნილებებს, ხოლო მესამედან მოთხოვნილებები შეძენილი სახისაა.

მასლოუმ მოთხოვნილებები განალაგა გარკვეული იერარქიით, რომლის ყველაზე დაბალ დონეზე იყო ელემენტარული ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები (საკვები, საცხოვრებელი და ა. შ. ), ხოლო ყველაზე მაღალ საფეხურზე _ ინდივიდუალური მოთხოვნები (აღიარება, თვითგამოხატვა). მასლოუს მიხედვით, „ადამიანი არის ცხოველი, რომელიც მუდმივად რაღაცისაკენ ისწრაფვის“. ანუ, როდესაც დაბალი საფეხურის მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, ის ცდილობს დაიკმაყოფილოს უფრო მაღალი საფეხურის მოთხოვნილებები.

ყველაფერი ის, რაც აუცილებელია სიცოცხლისათვის _ საკვები, ტანისამოსი, საცხოვრებელი და სხვა, ერთიანდება ფიზიოლოგიურ მოთხოვნებში. მას შემდეგ, რაც ადამიანი იძენს ყველაფერს, რაც აუცილებელია მისი სიცოცხლისათვის, ის ცდილობს, შეინარჩუნოს მიღწეული დონე, რის გამოც მას უჩნდება უსაფრთხოების მოთხოვნა, რაც მიიღწევა მაღალი ხელფასის პირობებში და რომელიც იძლევა დანაზოგების გარანტიას.

უსაფრთხოების მოთხოვნილებებში მჟღავნდება ადამიანის კიდევ ერთი თვისება _ იქონიოს მუდმივი კავშირი სხვა ინდივიდებთან.

მოძიებული ინფორმაციის თანახმად, როგორც ვიცი, ხოტორნის გამოკვლევებით დასტურდება, რომ ასეთ სოციალური კავშირის მოთხოვნილებებს ინდივიდისათვის გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ხელფასის ზრდას.

ამ მიმართულებით COVID-19 ის მიერ გამოწვეული ლოქდაუნი, ანუ ადამიანების ერთმანეთისათვის დაშორება, ძალიან მნიშნელოვანი შოკის ფაქტორია მთელი ცივილიზაციისათვის და ყოველი ინდივიდისათვის. ამ თემას ღრმა შესწავლა სჭირდება სწორედ მასლოუს თეორიის გამოყენებითაც.

ადამიანებს გააჩნიათ, აგრეთვე, აღიარების მოთხოვნილება, ანუ მათ სჭირდებათ თავიანთი პიროვნული წარმოჩენა საზოგადოებაში, რასაც მოჰყვება საზოგადოებრივი პატივისცემა. ყველა ეს მოთხოვნილება ემყარება ისეთ ცნებას, როგორიც არის სტატუსი, რაც ნიშნავს ადამიანის ადგილს საზოგადოებაში.

ეჭვგარეშეა, რომ ასეთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შრომის ნაყოფიერების ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მასლოუმ ასევე განმარტა, რომ თვითგამოხატვა _ ეს არის „ადამიანის სურვილი, გახდეს იმაზე მეტი, რასაც ის წარმოადგენს“. ეს არის მოთხოვნილებათა ყველაზე მაღალი საფეხური. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც აღწევენ ამ საფეხურს, მუშაობენ არა იმიტომ, რომ უბრალოდ მიიღონ ფულადი ანაზღაურება, არამედ იმიტომ, რომ დაკმაყოფილდნენ შრომის პროცესით.

კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ მასლოუს იერარქია _ ეს არის ადამიანების მოთხოვნილებათა ასახვის ზოგადი სქემა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა ამ სქემის მიხედვით უნდა დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები. მასლოუს მიდგომა ხშირად გაიგება სურვილად _ წარმოვიდგინოთ ადამიანი, როგორც იერარქიულად განლაგებულ მოთხოვნილებათა კრებული, რომლის გასწვრივ დაკმაყოფილება მოძრაობს ქვემოდან ზემოთ: ყოველი ქვედა დონის მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ ხდება მომდევნო ზემო დონის დაკმაყოფილება. თავად მასლოუმაც აღიარა, რომ მის მიერ დადგენილი მოთხოვნილებათა იერარქიული სტრუქტურა არ იყო ისეთი მტკიცე, როგორც ის ვარაუდობდა, და რომ ცხოვრებაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც პატივისცემა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სიყვარული.

მასლოუს თეორიას სწორედ ამის გამო აკრიტიკებდნენ, მან ვერ შეძლო გაეთვალისწინებინა ადამიანთა მოთხოვნილებებში ინდივიდუალური განსხვავებები, რომელთა გამოც ერთი ადამიანი შეიძლება უფრო მეტად დაინტერესდეს თვითგამოხატვით, მეორე – აღიარებით, მესამე კი – სოციალური მოთხოვნილებებით. მაგრამ მთავარი მაინც ერთია, კარგმა ხელმძღვანელმა უნდა შეძლოს ხელქვეითთა სწორი მოტივაცია მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებების გაცნობიერების გზით. ხელმძღვანელმა აუცილებლად უნდა გააცნობიეროს ის ფაქტიც, რომ დროთა განმავლობაში მოთხოვნილებები იცვლება და არ შეიძლება ერთი და იგივე მოთხოვნილებებით ხელქვეითთა მოტივაციის იმედად ყოფნა.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, მათივე მონათხრობის მიხედვით მხოლოდ რუსთავი 2-ის, იმედის, პირველი არხისა და მთავარის ყურება შეუძლიათ. სწორედ ეს ჩამოთვლილი ოთხი ტელეკომპანია იკავებს ლიდერის პოზიციებს მონაცვლეობით. თუმცა, მე, როგორც, საქართველოს მოქალაქესა და ტელეგადაცემების ხშირ მაყურებელს გამაჩნია ჩემი ობიექტური მიზეზები და დამოკიდებულება თითოეული მათგანის მიმართ.

საინტერესოა, იმ შემთხვევაში თუ ტელევიზიებს განვიხილავთ, როგორც სერვისს, როგორ განლაგდებიან მასლოუს პირამიდის მიხედვით. შეგახსენებთ, რომ აბრაამ მასლოუმ შემოგვთავაზა საჭიროებათა იერარქიის თეორია, რომლის მიხედვით, ყოველ ადამიანში არსებობს საჭიროებათა ხუთი იერარქიული საფეხური:ფიზიოლოგიური, უსაფრთხოება, სოციალური, პატივისცემა, თვითრეალიზაცია. აქვე აღვნიშნავ, რომ როდესაც თითოეული ეს საჭიროება ძირითადად კმაყოფილდება, დომინანტური ხდება მომდევნო საჭიროება.

აქედან გამომდინარე, ჩემს პირად დამოკიდებულებას თუ განვიხილავთ, ვიტყვი, რომ ჩემი რაიონის, გურჯაანის ტელევიზიაა, ის არხი რომელიც მიკმაყოფილებს ელემენტარულ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს, ვინაიდან მათი საშუალებით უკეთ ვიგებ ჩემს რაიონში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ გამოწვევებსა თუ პრობლემებზე. თუმცა მათი მოსმენის შემდეგ მიჩნდება მეტის სურვილი, ვუყურო უკეთესი ხარისხით, ვუსმინო უკეთეს ჟურნალისტებს, გავიგო არა მხოლოდ ჩემი ქალაქის, არამედ საქართველოს სხვა კუთხეში განვითარებული მოვლენების შესახებაც.

მასლოუს იერარქიის მიხედვით, მეორე დაბალ რანგად, ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებთან ერთად, უსაფრთხოება განიხილება. მე, როგორც კინომანი, ხშირად ვუყურებ GDS, ვინაიდან ხშირად გადის ის ფილმები, რომლებიც ჩემს დაინტერესებას იწვევს. თუმცა აქვე ვიტყვი იმასაც, რომ აღნიშნულ სატელევიზიო არხს ჩემს შემთხვევაში, ანაცვლებს სხვადასხვა საიტები, სადაც შემიძლია ჩემი სურვილისამებრ, ჟანრობრივად ამოვარჩიო ნებისმიერი ფილმი. გარდა ამისა, თუ არსებულ არხში იქნება სერიალის რამდენიმე სერია, მე შემიძლია თავისუფალ დროს, ვუყურო არა ორს, არამედ მეტ სერიას. აღნიშნულ არხს მართლაც აქვს განვითარების პერსპექტივა და იმედია მალე უსაფრთხოებიდან, სოციალურ საჭიროებაში გადაიზრდება.

დღესდღეობით კი, მივიჩნევ, რომ „მთავარი არხია“ ის მაუწყებელი, რომელიც სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვისაა. რიგითი მაყურებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ტელევიზია არასიღრმისეულად და ნაკლებპროფესიონალურად აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის ნაკლებინფორმირებულობას განაპირობებს. მკვლევარები მედიამონიტორინგებზე დაყრდნობით, ხშირად საუბრობენ, რომ პოლიტიკის საკითხების გაშუქება აღნიშნული არხის პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს, რაც საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების სიღრმისეულ განხილვას უშლის ხელს. ვეთანხმები აღნიშნულ მოსაზრებას, „მთავარი არხი“ თავისი პოლიტიკური თუ კომედიშოუებით, იმ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიჰყვება, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას უკავშირდება, სხვაგვარად თუ ვიტყვით, „მთავარი არხი“ ოპოზიციური მოძრაობის სახელით მოქმედებს და საზოგადოებას თავს ახვევს მისთვის ხელსაყრელ დისკურსს.

აღნიშნული ჭრილი, საინტერესოა და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება, „პირველ არხს“, ჩემი აზრით მეოთხე ირარქიულ საფეხურს განეკუთვნება, პატივისცემას. როგორც “მთავარი არხის“ შემთხვევაში აღვნიშნე, ისინი კონკრეტული მოძრაობის სახელით მოქმედებენ. ეს ქართულ რეალობაში სულაც არ არის გასაკვირი, მაგრამ ეს მეთოდი სასურველი დისკურსის დამკვიდრების ერთადერთი გზა არ არის.

იმისთვის, რომ იდეოლოგიამ კიდევ უფრო ეფექტიანად იმუშაოს, მედიას არ უნდა ჰქონდეს დეკლარირებული პოლიტიკური მიზნები, უფრო სწორად, მისი მიზნები შეფარული უნდა იყოს. იმისთვის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღები გახდეს პარტიის ესა თუ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მედიის მხრიდან საჭიროა „ობიექტური“ და „მიუკერძოებელი“ პოზიციის დაკავება. სწორედ ასე იქცეოდა აქამდე „ტვ პირველი“. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ „მთავარი არხიდან“ ჟურნალისტები „ტვ პირველში“ გადადიან, ხოლო ამ უკანასკნელის კარი მათთვის ღიაა. „ტვ პირველი“ აქამდე გარეგნულად თითქოს დაბალანსებული არხის შთაბეჭდილებას ტოვებდა მასობრივ ცნობიერებაში, მაგრამ, მეორე მხრივ, ყოველთვის აშკარა იყო არხის პოზიცია დისკურსების ომში. სწორედ ამიტომ დავუკავშირე მასლოუს იერარქიის ერთ-ერთ საფეხურს, პატივისცემას ტელეკომპანია პირველი არხი.

და ბოლოს, თვითგამოხატვის უფლება, ეს არის „ადამიანის სურვილი, გახდეს იმაზე მეტი, რასაც ის წარმოადგენს“. კვლავ სამაუწყებლო არხზე თუ განვიხილავთ აღნიშნულ საფეხურზე „იმედს“ გამოვყოფ, ყველა დროის სტაბილურ და მიუკერძოვებელ ტელეკომპანიას. მაშინ, როდესაც ჯანდაცვა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ცალკეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული_იქნება ეს მედპერსონალი, მედიკამენტებზე ხელმიუწვდომობა, არასრულყოფილი სადაზღვეო მომსახურება, არაადპტირებული გარემო, თუ პრობლემური დაავადებები, _ტელევიზიების მხრიდან ამ საკითხებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, საზოგადოების არასიღრმისეულად ინფორმირება და მოსახლეობის ინტერესის დაუკმაყოფილებლობა, მედიის მხრიდან ამავე მოსახლეობისადმი არასამართლიანი დამოკიდებულების მანიშნებელია. განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც ეპიდემია მძვინვარებს. ჩემი აზრით, იმედია მხოლოდ ის ტელევიზია, რომელმაც შეძლო ყველაზე უკეთ გვქონოდა ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე და მოეხერხებინა საზოგადოების ნებისმიერი სექტორისთვის სწორად და მარტივად ასაღქმელად მიეწოდებინა ჩვენთვის საჭირო სხვა მრავალი ამბავიც.

აქედან გამომდინარე, მედიის მზარდი გავლენა მისი მომხმარებლის ცხოვრებასა და განვითარებაზე მას განსაკუთრებით დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს. ამიტომ, ყველას მიზანი უნდა იყოს საზოგადოებას დროულად, მკაფიოდ და ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე მიაწოდოს ახალი ამბები.

 


[1] თვითაქტუალიზაციის ტენდენცია გულისხმობს, რომ ადამიანი მუდმივად მიისწრაფვის საკუთარი პოტენციალის რეალიზაციისაკენ და თანდაყოლილი უნარებისა და ნიჭის განვითარებისაკენ.