სახელგანთქმული წყლის საიდუმლო

საქართველოს სიყვარულის უამრავი მიზეზი არსებობს, ეს არის: კულტურა, წეს-ჩვეულებები, ისტორია, სამზარეულო, მრავალფეროვანი და ულამაზესი ბუნება და ა.შ. თუმცა, რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო გააზრებული ხდება ეს სიყვარული და მით მეტ არგუმენტს ვპოულობთ იმის დასასაბუთებლად, რატომ გვიყვარს ქართული ცნობიერების ელემენტები.

თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში აღიარებულია ჩვენი ქვეყნის უამრავი პროდუქცია, მათ შორის: ღვინო, კერძები, მინერალური წყალი, თხილეული და ა.შ. დღესდღეობით, ქართული ეკონომიკური ბაზარი თანთადათანობით ვითარდება და მრავალი ქართული კომპანიაც ახდენს ოპერირებას ბაზარზე, შესაბამისად ჩემთვის, როგორც ნებისმიერი ქართველისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კომპანიების წარმატებას და როგორც მომხმარებლისათვის, ჩემი  ერთ-ერთი ფავორიტი ქართული კომპანია არის ,,ბორჯომი’’.

ახლა შევეცდები მოგიყვეთ ,,ბორჯომის’’ შესახებ ისტორია: სანდო წყაროებზე დაყრდნობით,  უნიკალური მინერალური წყლის „ბორჯომის“ ისტორია თითქმის 2000 წელიწადს ითვლის. ბორჯომის ხეობაში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ქვისა და ხისგან გაკეთებული რამდენიმე აუზი და აბანო იქნა აღმოჩენილი. ზოგიერთი ისტორიული ჩანაწერის თანახმად, ძველ დროს მინერალურ წყალს მხოლოდ აბაზანებისთვის იყენებდნენ. თუმცა, უდიდესმა ქართველმა მეცნიერმა ივანე ჯავახიშვილმა დაამტკიცა, რომ უძველეს დროში მინერალური წყალი, თავისი უნიკალური თვისებების გამო, სასმელადაც გამოიყენებოდა.

ყველაფერი დაიწყო 1825 წლის გაზაფხულზე, როდესაც ხერსონის გრენადერთა პოლკი ბორჯომში განთავსდა. ერთხელ, ჯარისკაცებმა მდინარე „ბორჯომულას“ მარჯვენა სანაპიროზე ნაპრალიდან ვერტიკალურად ამომავალი წყარო აღმოაჩინეს და თბილი წყაროს წყალი პოლკის მეთაურს, პოლკოვნიკ პოპოვს მიუტანეს, რომელსაც კუჭის დაავადება აწუხებდა. მან თავის თავზე გამოსცადა წყლის უნიკალური თვისებები და შედეგმა იმდენად განაცვიფრა, რომ ბრძანება გასცა, წყარო ქვებით შემოეღობათ და მის ახლოს პატარა ქოხი აეშენებინათ. პოლკოვნიკი პოპოვი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც თავის ახლობლებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამ წყაროს წყლის დალევა ურჩია.  შემდგომში, 1837 წელს „ბორჯომის“ მინერალური წყლები ქართველ გრენადერთა პოლკის ადმინისტრირების არეალში მოექცა. ექიმმა ამიროვმა წყლის პირველი სინჯები სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში გაგზავნა.

ხოლო, 1841 წლისთვის „ბორჯომის“ მინერალური წყლების საოცარი თვისებები რუსეთში მთავარი სასაუბრო თემა გახდა. სწორედ ამან უბიძგა კავკასიის მთავარმართებლის, გენერალ-გუბერნატორ ევგენი გოლოვინის ქალიშვილს ბორჯომში ჩასულიყო. მართალია, ისტორიული წყაროები არ აზუსტებენ ინფორმაციას გენერლის ქალიშვილის დაავადების შესახებ, მაგრამ ფაქტია, ის განიკურნა. ამ შემთხვევის გამო მინერალური წყლის პირველ წყაროს მის პატივსაცემად „ეკატერინსკი“ეწოდა, ხოლო იმავე პერიოდში ნაპოვნ მეორე წყაროს – „ევგენიევსკი“, თავად გენერალ-გუბერნატორის სახელი. 1850 წელს ბორჯომში მინერალური წყლების პარკი დაარსდა. 1894 წელს კი დასრულდა ბორჯომის ჩამომსხმელი პირველი ქარხნის მშენებლობა.

ამასობაში სამკურნალო თვისებების მქონე საბადოს შესახებ ამბავმა მთელი რუსეთის იმპერია მოიარა. ბორჯომი იზრდება და ვითარდება როგორც კურორტი. შენდება ახალი სასახლეები, პარკები, სკვერები, სასტუმროები. 1894 წელს გაყვანილმა ხაშური – ბორჯომის სარკინიგზო ხაზმა მნიშვნელოვნად მოაგვარა მიმოსვლის პრობლემა. მანამდე დამსვენებლებს 8 – 9 საათის მანძილზე უხდებოდათ ფაეტონებით ან ურმებით მგზავრობა  თბილისდან ბორჯომამდე.

1894 წელს  მიხეილ რომანოვი ასრულებს ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობას მინერალური წყლების პარკში. აღსანიშნავია, რომ ამ ქარხნამ მეოცე საუკუნის 50 – იან წლებამდე იმუშავა. 1896 წელს პირველი მინის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა. 1950 წლამდე ბოთლებს აქ ხელით ბერავდნენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 1904 წელს შესაძლებელი გახდა „ბორჯომის“ წარმოების ნაწილობრივი მექანიზაცია. მინის ჩაბერვა ჯერ კიდევ ხელით ხდებოდა, თუმცა ჩამოსხმა უკვე მექანიზებული გახდა. ამ წლით თარიღდება გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება „ბორჯომის“ ვაგონებით გაყიდვის შესახებ. წყლის ჩამოსხმა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. თუ 1854 წელს ბორჯომიდან სულ რაღაც 1350 ბოთლი იქნა გატანილი, 1905 წელს ამ რიცხვმა 320 ათასი, 1913 წელს კი 9 მილიონი ბოთლი შეადგინა.

საქართველოს გასაბჭოებამ „ბორჯომის“ პოპულარობას ხელი არ შეუშალა. შეიცვალა მხოლოდ დამსვენებელთა სტატუსი და ელიტა. რომანოვი სტალინმა შეცვალა, რომელსაც ასევე ძალიან უყვარდა ეს მინერალური წყალი. კრემლში არც ერთი ღონისძიება არ ტარდებოდა „ბორჯომის“ გარეშე. 1960-იანი წლების „დათბობამ“ „ბორჯომს“ შანსი მისცა სახელი საზღვარგარეთაც მოეხვეჭა. 1961 წლიდან დაიწყო „ბორჯომის“ ექსპორტი მსოფლიოს 15 ქვეყანაში. ამ ქვეყნების რიცხვში შედიოდა აშშ, საფრანგეთი და ავსტრია.1980-იან წლებში „ბორჯომის“ რეალიზაციამ 400 მილიონ ბოთლს გადააჭარბა. „ბორჯომი“ ყველაზე პოპულარული მინერალური წყალი იყო მთელ საბჭოთა კავშირში.

1990-1995 წლებში შიდა ეკონომიკური სიძნელეების გამო „ბორჯომის“ წარმოება საგრძნობლად შემცირდა. 1995 წელს შეიქმნა კომპანია Georgian Glass & Mineral Water Co. N. V., დღევანდელი IDS ბორჯომი საქართველო, რომელმაც განაახლა „ბორჯომის“ წარმოება. დღეს, ბუნების ამ ძვირფას საჩუქარს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ.

„ბორჯომი“-ს ოფიციალურ მწარმოებელს საქართველოში კომპანია IDS Borjomi Georgia წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ მინერალური წყლების უმსხვილესი მწარმოებლის, საერთაშორისო კომპანიის – IDS Borjomi International- ის ნაწილია. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ქართული მინერალური წყლების ბაზრის უპირობო ლიდერია, როგორც წარმოებული მინერალური წყლის მოცულობით, ასევე, წარმოებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით. ამასთანავე,  კომპანიის პროდუქცია ბაზარზე წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. საქვეყნოდ ცნობილი ბრენდით „ბორჯომი“ კომპანია, დღესდღეობით, მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში გადის ექსპორტზე. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ბაზარზე აწარმოებს ბუნებრივ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყალს.

ასევე, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კომპანია არამარტო უნიკალურ პროდუქციას გვთავაზობს, არამედ მუშაობს და ჩართულია განათლების, გარემოს დაცვისა და სპორტის მიმართულებების განვითარებაში.

,,მომავლისგულშემატკივარი’’:

კომპანიამ კარგად იცის, რომ ქვეყნის წარმატება და წინსვლა წარმოუდგენელია განათლებული საზოგადოების გარეშე. განათლებულ საზოგადოებას აქვს უნარი იზრუნოს სახელმწიფოს მშენებლობაზე, ქვეყნის განვითარებაზე, დოვლათის შექმნასა და გამოყენებაზე, მოსახლეობის კეთილდღეობაზე. განათლებული ადამიანი თავისუფალია… სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან წარმატებულ ქვეყანას. კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის #ბორჯომიმომავლისგულშემატკივარი ფარგლებში, ბორჯომსა და მის შემოგარენში, არსებული სკოლების მოსწავლეთათვის, 2000 წლიდან არსებობს ფრიადოსანთა სტიპენდიები, 2012 წელს კი, ბორჯომში დააფუძნეს ტრენინგ ცენტრი, სადაც სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევენ მათ მიერ შერჩეული საგნების მიხედვით გაიღრმავონ ცოდნა. შესაბამისად, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა.

,,ბუნებისგულშემატკივარი’’:

ჩვენი პლანეტის ეკოლოგია სულ უფრო და უფრო დიდი საფრთხის ქვეშ არის. დაბინძურებული ჰაერი, ტემპერატურის მკვეთრი ზრდა, წყლის ინტენსიური აორთქლება, ხშირი გვალვა, ღვარცოფები, მეწყერები და წყალდიდობები, მწვანე საფარის განადგურებით არის გამოწვეული. დღესდღეობით, კლიმატის ცვლასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა სწორედ მწვანე საფარის აღდგენა, შენარჩუნება და გაშენებაა. აქედან გამომდინარე, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით მოეკიდა ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხს, ცდილობენ მათი  წვლილი შეიტანონ ამ საქმეში და მომავალ თაობას ჯანსაღი გარემო დავუტოვონ. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, 2012 წლიდან, ბორჯომის ტერიტორიაზე, მწვანე საფარის აღდგენის მიზნით, ახორციელებს ხეების დარგვის პროექტს.კომპანიის მთავარი მიზანია ბორჯომის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის საფარის სწრაფი და ეფექტური აღდგენა.

,,სპორტისგულშემატკივარი’’:

ეროვნული ნაკრებები ქვეყნის სახეს წარმოადგენენ. მათი წარმატება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის წარმატებასა და რეპუტაციასთან.  კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, თვლის, რომ  სპორტის მხარდაჭერა ხელს უწყობს არა მხოლოდ ქვეყნის რეპუტაციის გამყარებას, არამედ ახალი, მოტივირებული და წარმატებული თაობის აღზრდას. მათი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის, #ბორჯომისპორტისგულშემატკივარის ფარგლებში, 2011 წლიდან, მხარს უჭერენ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს. უკვე მრავალი წელია თანამშრომლობენ საქართველოს რაგბის ფედერაციასთან, 2017 წლის 3 აპრილს კი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და კომპანია „ბორჯომს“ შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა.

ბორჯომი ნამდვილად, სამაგალითო ბრენდია, თითოეული კომპანიისთვის, რადგან ბაზარზე მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა ბევრი გამოცდილებით, ცოდნით მიღებულ მაგალითებსა და შეხედულებებს მოიცავს. ბრენდის ისტორიაში მრავალი რებრენდინგის შემთხვევა არსებობს, დაწყებული 1890 წლიდან და დათავრებული 2021 წლით უამრავი რებრენდინგის შემთხვევა გვხვდება.

ბორჯომი მუდმივად ინოვაციებზე მუშაობს, როგორც პროდუქტის, ისე შეფუთვის მიმართულებით  და ცდილობს მუდმივად სიახლეები მიაწოდოს მომხმარებელს.მაგ, 2020 წელს ქართულმა მინერალურმა  წყალმა  „ბორჯომმა’’, საწარმოო წესით ჩამოსხმიდან, 130 წლის იუბილე იზეიმა. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, ბრენდი მომხმარებლის წინაშე ახალი, სადღესასწაულო შეფუთვით წარდგა. „ბორჯომის“ ლიმიტირებული სერია ბრენდის საკომუნიკაციო პლატფორმის – “შენ გაქვს ხასიათი” საფუძველზე შეიქმნა   „ბორჯომის“ სადღესასწაულო შეფუთვების სერია თანამედროვეა და მასში კვლავ რჩება მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი, ქართული მწვანე ფერი (Georgian Green) და ასევე – ბრენდის განუყოფელი სიმბოლო – ირემი. დიზაინში გათვალისწინებულია  მსოფლიო ტრენდები, ბრენდის ცნობადობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საიუბილეო თარიღი.

„2020 განსაკუთრებული წელია ჩვენი კომპანიისთვის, პირველი ქართული მინერალური წყლის ჩამოსხმიდან 130 წელს აღვნიშნავთ. მრავალწლიანი ისტორიის მიუხედავად, „ბორჯომი“ თავისი მიზნობრივი აუდიტორიის მსგავსად, კვლავ რჩება ახალგაზრდა, მუდმივად თანამედროვე და ინოვაციურ ბრენდად. სწორედ ამას გადმოსცემს ახალი, ლიმიტირებული სერიაც. სამწუხაროდ, ასეთ მნიშვნელოვან თარიღს პანდემია დაემთხვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ შეგვიჩერებია საიუბილეო პროექტებზე მუშაობა და საზოგადოებას „ბორჯომის“ ლიმიტირებული სერიასთან და საიუბილეო ვიდეო რგოლთან ერთად, კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ“ – განაცხადა  კომპანია IDS ბორჯომი თბილისის მარკეტინგის დირექტორმა, დავით გელაშვილმა.

კოვიდპანდემის პერიოდში მთელი მსოფლიო დადგა გამოწვევების წინაშე, თუმცა კომპანია ,,ბორჯომმა’’ მოახდინა სიტუაციის მართვა და ადაპტირდა ახალ რეალობასთან. საინტერესოა,  როგორ შეძლო კომპანიამ ეს? კომპანიამ გამოიყენა ონლაინგაყიდვებისპლატფორმა – ,, Vendoo – ვენდუ“ და მისი დახმარებით დაიწყო „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ რეალიზაცია. „Vendoo – ვენდუ“ პირველი ონლაინპლატფორმაა საქართველოში, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მინერალური წყალი პირველ ადგილზე დგას და  როგორც ბრენდი ,,ბორჯომი’’ ყველანაირ გემოვნებას, მოთხოვნებსა და სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ყოველივე ამასთან ერთად საინტერესოა კიდევ რა ფაქტორმა გამოიწვია ,,ბორჯომის’’ პირველობა? მინერალური წყლის მარკეტინგის მიმართულებით ,,ბორჯომმა’’ წინსვლა განიცადა, ეს არის მისი ახალი საწარმოო ხაზის ამოქმედება, ახალი ხაზი, რომელმაც ბორჯომი 0.33 ლიტრიან ალუმინის ქილებში ჩამოასხა, სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია ტექნოლოგიური სიახლეებით. “ბორჯომი“ ქმნის ახალ სტანდარტს საერთაშორისო ბაზარზე მინერალური წყლის მარკეტინგის მიმართულებით, რთულია ,,ბორჯომს’’ ინოვაციური დაუძახო, მაგრამ ამ პროდუქტის მიწოდება და მარკეტინგი არის აბსოლუტურად ინოვაციური. არ არის იმის ახსნა საჭირო, რას ნიშნავს კომპანია “ბორჯომი“ ქართული ექსპორტისა თუ ეკონომიკისთვის და ეს ახალი პროდუქტიც ხელს უწყობს როგორც კომპანიის წარმატებას, ასევე ქართულ ექსპორტს.

მწარმოებელი კომპანიის სტრატეგიის ძირითადი მიმართულება ინოვაციური პროექტების განხორციელებაა, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც სწორედ „ბორჯომის“ ახალი, ინოვაციური შეფუთვაა. კომპანიამ ჩაატარა კვლევები,  როგორც საქართველოში, ასევე საექსპორტო ბაზრებზე,  რამაც ცხადყო, რომ ბაზარზე მოთხოვნა იყო ალუმინის შეფუთვაზე. მათ უპასუხეს მომხმარებლის მოლოდინებს და დღეს “ბორჯომი“ ალუმინის ქილაში უკვე ბაზარზეა. ალუმინის შეფუთვა გაცილებით მოსახერხებელია და ახალგაზრდა 20 – 30 წლის ასაკის მქონე მიზნობრივ აუდიტორიაზეა გათვლილი.

კომპანია ,,ბორჯომის’’ 130 წლიანი მოღვაწეობა, არ შეიძლება მხოლოდ ერთი მიმართულებით მოვიაზროთ, ამ კომპანიამ მოახერხა ისე განვითარება, დახვეწა, წინსვლა, რომ მომხმარებელთა ფასეულობები პირველ ადგილზე დააყენა, ის ხასიათდება, როგორც დახვეწილობით, კომპეტენტურობით, შემოქმედებითობით, მზრუნველობით, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ უკვე 130 წელია  „ბორჯომი“ ქართული ტრადიციული სუფრის განუყოფელი ელემენტია. ვინ, თუ არა ქართველებმა იციან გემრიელი კერძებით ტკბობის ფასი. როცა სუფრაზე, ათობით განუმეორებელი კერძია, რომლებსაც მკაფიოდ გამოხატული გემო აქვს, ძნელია ყველა კერძის გემოს ბოლომდე აღქმა. თუმცა „ბორჯომში“ შემავალი ვულკანური წარმოშობის მინერალები, ყველაზე მსუყე ვახშმის შემდეგაც კი, გვეხმარება, ვიგრძნოთ სიმსუბუქე.

საბოლოო ჯამში, დამეთანხმებით, რომ საქართველოში კი არა მსოფლიოშიც ცოტა ბრენდია ამდენ წლიანი უწყვეტი და ამავდროულად ისეთი წარმატებული ისტორიით, როგორიც ,,ბორჯომს’’ აქვს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ,,ბორჯომი’’ არის ერთ-ერთი წარმატებული და ლიდერი ბრენდი თავის ინდუსტრიაში, ამ წლების მანძილზე უამრავი გამოწვევა ჰქონიათ, თუმცა ყოველთვის ახერხებდნენ, დაბნეულობის გარეშე სიტუაციის მართვას. კომპანიამ სწორი ბრენდინგითა და რებრენდინგით, ასევე ინოვაციურად მდიდარი მარკეტინგით, მუდმივად წარმატებაზე ორიენტირებულობით შეძლო ევოლუცია. ჩემთვის, ბორჯომი უნიკალური მინერალური წყალია, რომლსაც შეგვიძლია ბუნების საჩუქარი ვუწოდოთ.