1. ფილიპ კოტლერი: არის კი ამერიკა ნორდიკული კაპიტალიზმისათვის მზად?

თარგმნეს: ტრეისი ჯონსმა და კახაბერ ჯაყელმა

წინასიტყვაობა: ბატონი ფილიპ კოტლერი უდიდესი მარკეტოლოგი გახლავთ. ფაქტიურად მისი შემოქმედებითი გენიის შექმნილია მარკეტინგი. იყვნენ ადრე ავტორები ამ დარგში, მაგრამ კოტლერმა მარკეტინგის ფენომენი შექმნა და ამით საფუძელი ჩაუყარა მარკეტინგულ აზროვნებას ჩვენს სამყაროში. მისი წიგნები უამრავ ენაზე ითარგმნა. მათ შორის ქართულადაც. მე ბატონ ფილიპ კოტლერს ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის, სომხეთის დედაქალაქში, სლავიანსკას უნივერსიტეტში შევხვდი და მრავალი კითხვა დაუსვი. მისი პასუხები იყო ძალიან საინტერესო და ბედსაწიერის განმსაზღვრელი ჩემთვის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იმ 70 სტუდენტისათვის, რომლებიც ფილიპ კოტლერთან შესახვედრად წავიყვანე საქართველოდან. შემდეგ ამ სტუდენტებს შორის მრავალი ცნობილი მარკეტერი გახდა.

ეხლა ბატონი ფილიპ კოტლერი მარკეტინგის ახალ თეორიაზე მუშაობს. მნიშნელოვანია საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ დასძლევს ამერიკა, ეკონომიკურ და საბაზრო გამოწვევებს. მარკეტინგი დიდი ძალაა, მაგრამ ეკონომიკური მოდელი და სამეურნეო აზროვნება ძალიან დიდ მნიშნელობას ატარებს, მარკეტინგული ქმედებებისათვის.

ქვეყნის ეკონომიკური მოდელი განმსაზღვრელი ჩარჩოა მარკეტინგისათვის. ამიტომაც გენიალური მარკეტოლოგი – ბატონი ფილიპ კოტლერი ცდილობს განიხილოს ის ეკონომიკური მოდელები, რომლებიც შესაძლოა მიმზიდველი იყოს და წარმატებით „ჩაშენდეს“ ამერიკული კაპიტალიზმის საკმაოდ ეფექტურ სხეულში.

ამ სტატიის თარგმნაზე რომ ვმუშაობდით, მე და ქალბატონი ტრეისი ჯონსი, იმაზეც ვფიქრობდით, რომ ფილიპ კოტლერის იდეები ქართველ ეკონომისტებსაც და მარკეტოლოგებს დაეხმარებათ, იმსჯელონ ქართული ეკონომიკის საკითხების განსახილველად. ქართული ეკონომიკა უნდა ეყრდნობოდეს საქართველოს ხალხის ცხოვრებას და ისტორიას. ჩვენ ჩვენთვის საჭირო და გამოსადექი უნიკალური ეკონომიკური მოდელი უნდა შევქმნათ. ამ მიმართულებით მუდამ გვასაზრდოვებს გენიალური ილია ჭავჭავაძეს სამეურნეო ხასიათის სტატიები და მისი იდეები, თუნდაც „ქართულად ღვინის დაყენების“ შესახებ.

უნდა ითქვას რომ კაპიტალიზმი თავისი დღევანდელი გაგებით პურიტანების მიერ არის შექმნილი. თუ კარგად წავიკითხავთ მაქს ვებერის შრომებს, მივხვდებით რომ კაპიტალიზმი – გარკვეული ხალხის, გარკვეული სოციალური ჯგუფის სამეურნეო ცხოვრების ფენომენია. ეს მათი გამოგონებაა.

როდესაც გერმანიაში არსებობდა თავისუფალი ჰანზა, იმ დროიდან მოყოლებული ევროპა და მისი გერმანულ-ენოვანი ნაწილი ანვითარებდა სწორედ იმ კაპიტალიზმს, რომელიც დღეს ეფექტურია. ამ კაპიტალიზმის მთლიანად მიღება და დანერგვა მანამდე შეუძლებელია, სანამ მის გამომყენებელ ხალხს შესაბამისად აზროვნების საშუალებას არ შეუქმნით. კაპიტალიზმი ხომ აზროვნების ფენომენია?

სტატიაში ბატონი კოტლერი ნორდიკულ კაპიტალიზმზე საუბრობს. წავიკითხოთ ის და ვიფიქროთ ქართული კაპიტალიზმის ან თუნდაც ქართული ეკონომიკური აზროვნების შექმნაზე! იქნებ სკანდინავიური კაპიტალიზმის იდეამ ჩვენც, მეგობრობის ფენომენით განთქმული ქართველი ერი გადაგვარჩინოს.

პროფესორი კახაბერ ჯაყელი

9 თებერვალი, 2021 წელი

 

 

ნაწილი I

მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანას კაპიტალისტური ეკონომიკა გააჩნია. თუმცა ფორმები, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში კაპიტალიზმი იღებს, ძლიერ განსხვავებულია. ამერიკულ, შვედურ, იაპონურ და ჩინურ კაპიტალიზმს შორის ძალიან ბევრი განსხვავება არსებობს.

თითოეულ კაპიტალისტურ ეკონომიკას პრობლემების საკუთარი ნაკრები გააჩნია. უნდა ჩამოვთვალოთ პრობლემები, რომლებიც მოცემული ქვეყნის მოქალაქეებს სრულ პროდუქტიულობაში, ბედნიერებასა და სიცოცხლისუნარიანობაში ხელს უშლის. ცხრილში 1-ში ჩამოთვლილია ამერიკული კაპიტალიზმის წინაშე არსებული ძირითადი პრობლემები.

ცხრილი 1. ამერიკული კაპიტალიზმის წაინაშე არსებული პრობლემები

  • სიღარიბის დაძლევა.
  • ბევრი დასაქმებული საარსებო მინიმუმზე ნაკლებს გამოიმუშავებს.
  • მუშათა კლასსა და მდიდრებს შორის მზარდი უთანასწორობა სუფევს.
  • ჯანდაცვის სისტემა ორჯერ უფრო ძვირია, ვიდრე სხვა ქვეყნებში არსებული მსგავსი, გამართული სისტემების მიხედვით.
  • კოლეჯის განათლება ძვირია და იგი მნიშვნელოვანი სასესხო ტვირთის აღებას ნიშნავს.
  • საკვებ პროდუქტზე და ქირავნობაზე მაღალი და მზარდი ფასებია, რომელიც მუშათა კლასის დამთრგუნველია.
  • ბიზნესის და ბინათმშენებლობის სფეროში რასობრივი, ეთნიკური და გენდერული უთანასწორობა სუფევს.
  • პატიმრების რაოდენობა, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, არანორმალურია.
  • ორივე პარტიაში პოლიტიკოსების უმრავლესობა მდიდრების ფენიდანაა.
  • აშშ-ში დიდძალი თანხები თავდაცვაზე და არასაკმარისად ინფრასტრუქტურაზე იხარჯება.
  • დახმარების პროგრამები არასაკმარისია, ხშირად ნაკლებად ეფექტურია.

წყარო: For more, see Philip Kotler, Confronting Capitalism: Real Solutions for a Troubled Economic System, New York, New York, AMACOM, 2015.

ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ექვს კითხვაზე პასუხის გასაცემად, თქვენც შემომიერთდებით:

  1. არის ამერიკულ კაპიტალიზმში ძირითადი პრობლემები შენარჩუნებული?
  2. სინამდვილეში რა არის ამერიკული კაპიტალიზმი?
  3. რა არის ნორდიკული კაპიტალიზმი და მისი ძირითადი უპირატესობები?
  4. როგორ უნდა მოხდეს ამერიკული კაპიტალიზმიდან ნორდიკულ კაპიტალიზმში გადასვლა?
  5. შემოსავლებთან დაკავშირებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად რა ზომები უნდა იქნას მიღებული?
  6. რა დასკვნების გაკეთება შეგვიძლია?