ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი და აუცილებელი უნარები ციფრულ მარკეტინგში
შესავალი
გლობალურმა პროცესებმა, ციფრულმა განვითარებამ და არსებულმა ინოვაციებმა საკმაოდ დიდი ცვლილებები მოახდინეს მსოფლიოში. გარემოს ასეთმა სწრაფმა და რადიკალურმა ცვლილებამ ახალი მოთხოვნების აუცილებლობა წარმოშვა, როგორც მომხმარებლებში, ისე მარკეტოლოგებში.
21-ე საუკუნე იქცა ციფრულ საუკუნედ, სადაც ტექნოლოგიურმა განვითარებამ მოახდინა პროცედურული ცვლილებები სხვადასხვა ბიზნეს ოპერაციებსა და მარკეტინგულ კამპანიებში. ციფრული ტექნოლოგია, ეს არის შექმნილი ინოვაცია, რომელიც პირდაპირ მიუთითებს განათლების მაღალ დონეზე. დღესდღეობით განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაციები ერთად ქმნიან უდიდეს ჯაჭვს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის.
ტექნოლოგიურმა წარმატებამ წარმოშვა ახალი უნარების განვითარების აუცილებლობა ადამიანებში, რათა უფრო ეფექტურად მომხდარიყო ხელოვნური ინტელექტის დანერგვა პრაქტიკაში და გამოყენება. ტექნოლოგებმა უკვე მოახდინეს ცვლილებები მომხმარებელთა სერვისის უზრუნველყოფაში, სადაც მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა დამატებითი ინფორმაცია მიიღონ დაპროგრამებული სერვისის ოფიცრებისგან.
ექსპერიმენტის თანახმად, იმდენად სრული სიზუსტით გადმოსცემდა ეგრედ წოდებული „ბოტი“ ინფორმაციას, რომ ვერცერთმა მომხმარებელმა ვერ შეძლო რობოტის ამოცნობა მასთან საუბრის დროს.
ასევე, ხელოვნურ ინტელექტს საკმაოდ დიდი როლი აქვს მარკეტინგის დარგში. ციფრულმა მარკეტინგმა რადიკალურად შეცვალა მიდგომები და უფრო ეფექტურ მარკეტინგულ კამპანიებს ჩაუყარა საფუძველი.
ტექნოლოგიებმა გააციფრულა მარკეტინგი და კომპანიებს მისცა საშუალება უფრო მარტივად შეესწავლათ ინდუსტრია, დაეგეგმათ კამპანიები, მოეხდინათ უფრო ზუსტი სეგმენტის შერჩევა და მრავალფეროვნული კამპანიების განხორციელება. თუმცა, ტექნოლოგიების ზუსტი და მიზნობრივი გამოყენება დაკავშირებულია ადამიანის უნარჩვევებთან. ახალმა ინოვაციურმა პლათფორმებმა მარკეტინგის დარგში წარმოშვა კონკრეტული უნარების განვითარების აუცილებლობა.
ამასთანავე, მიუხედავად უპირატესობებისა, არსებობს მრავალი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება მომავალში იქცეს საშიშ იარაღად. არსებობს ლიტერატურაში უარყოფითი შეხედულებები ტექნოლოგიური პროგრესის მიმართ. მრავალ მეცნიერსა, თუ აკადემიკოსს მიაჩნია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა მოახდინოს ადმაიანების ჩანაცვლება და გამოიწვიოს სამუშაო ადგილების დეფიციტი. სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები აქტიურად მსჯელობენ ამ საკითხზე და მოჰყავთ მრავალი მაგალითი, თუ რატომ არ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის უსაზღვროდ განვითარება. აგრეთვე, აუცილებელია ადამიანმა განაგრძოს განვითარება, რათა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს და არ მისცეს ტექნოლოგიებს სრულად დამკვიდრების შესაძლებლობა. ჩატარდა კვლევა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალისა და მარკეტოლოგთა აუცილებელი უნარების გაანალიზება, რომლებიც ხელს შეუწყობდა მათ როგორც კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, ისე ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებაში. ამასთანავე, კვლევა მიზნად ისახავდა იმ საფრთხეების გაანალიზებას, რომლებიც შეიძლება აქტუალური გამხდარიყო მომავალში ხელოვნური ინტელექტის უფრო განვითარებაში.
შედეგები
გამოკითხულთა უმრავლესობამ მკაფიოდ გუასვა ხაზი ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო პოტენციალს ციფრული მარკეტინგის დარგში. ხელოვნური ალგორითმები წარმოადგენენ ამ ტექნოლოგიის პოტენციალის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს. მათი მეშვეობით გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ შესაძლებელია მოხმარებელთა ინტერესების შესწავლა და უფრო ზუსტი, მიზნობრივი სეგმენტის შერჩევა მარკეტინგული კამპანიებისთვის.
ალგორითმების საშუალებით მარკეტოლოგებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ მომხმარებელთა ქცევა სხვადასხვა პლათფორმაზე, გაანალიზონ უდიდესი მონაცემები და დაამუშაონ მარტივად. ამასთანავე, ალგორითმები ეხმარება კომპანიებს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით წინასწარ განსაზღვრონ კამპანიის ზეგავლენის დონე.
გარდა ამისა, ციფრული პლათფორმები იძლევიან ოპტიმიზაციის საშუალებას, რაც გამოწვეულია ხელოვნური ალგორითმების ეფექტური იმპლემენტაციით. კამპანიების ოპტიმიზაციის საშუალებით მარკეტოლოგებს უადვილდებათ კამპანიის შეფასებისა და გაუმჯობესების პროცესი.
ყოველივე ამის გათვალისწინებით მაინც შეუძლებელია ხელოვნური ინტელექტის ზუსტი პოტენციალის განსაზღვრა, რადგან იგი იქცა თვითგანვითარებად ტექნოლოგიად.
რაც შეეხება უნარების აუცილებლობას, ხელოვნური ინტელექტი მოითხოვს სხვადასხვა უნარის განვითარებას, რათა მიღწეულ იქნას მიზნობირივ შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების შეგროვება ხდება ალგორითმების მიერ ავტომატურ რეჟიმში, აუცილებელია მისი ანალიტიკური დამუშავება და გაანალიზება.
ანალიტიკური აზროვნება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უნარს დღესდღეობით მარკეტინგის სფეროში. ამასთანავე, საბაზისო მათემატიკური უნარები, ციფრული პლათფორმების ცოდნა და კრეატიულობა იქნა ხაზგასმული რესპოდენტების მიერ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრეატიულობა შეფასდა როგორც კონკურენტუნარიანობის გამაუმჯობესებელი უნარი.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურ ალგორითმებს შეუძლიათ დღეს ციფრული კონტენტის შეფასება, ჯერ-ჯერობით კრეატიულ კამპანიებს ვერ სთავაზობენ მარკეტოლოგებს და კამპანიების უმნიშვნელოვანესი ნაწილი კვლავ ადამიანების კონტროლს ექვემდებარება. კრეატიულობა ხელს უწყობს ეფექტური კონტენტის შეთავაზებას და “Viral” კამპანიებს.
რაც შეეხება რისკებს, განვითარების არსებულ საფეხურზე ხელოვნური ინტელექტი რესპოდენტების მიერ არ იქნა მიჩნეული საშიშროებად მარკეტინგის სფეროში, რადგან იგი მხოლოდ ცალკეულ დავალებებს ასრულებს და სრულად პროცესს ვერ წარმართავს. თუმცა, რესპოდენტების შეხედულებები ამ საკითხის მიმართ დაემთხვა მრავალი აკადემიკოსის შეხედულებას ლიტერატურიდან.
როგორც აღნიშნეს, ხელოვნური ინტელექტის განვითარება აუცილებლად უნდა იქნეს შეზღუდული, რათა არ გახდეს რისკები რეალური. კონკრეტულად, მისმა განვითარებამ და თვითანალიზის თუ კრეატიული უნარის გაუმჯობესებამ ცალსახად შესაძლებელია გამოიწვიოს ადამიანების ჩანაცვლება და უმუშევრობის დონის გაზრდა. დაუშვებელია ადამიანის მიერ გამოგონილ თვითგანვითარებად ტექნოლოგიას ჩავუგდოთ ხელთ გასაღები და მივცეთ საშუალება წარმართოს პროცესები სრულად.
ლაშა ჭელიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი