რა უნდა გააკეთოს საქართველომ კორონავირუსით გამოწვეული რეცესიის გასაჩერებლად
კორონავირუსის ყველაზე დიდი საფრთხე მასობრივი სიკვდილიანობაა. როგორც დოქტორმა კატლენ ნოიზილ-მა განაცხადა (Dr. Kathleen Neuzil, director of the Center for Vaccine Development at the University of Maryland’s School of Medicine) – „უნდა მოვემზადოთ უარესისათვის, ჩვენ გვყავს 350 მილიონი ადამიანი ამერიკაში, შევხედოთ მარტივი არითმეტიკით, თუ 70 მილიონი ადამიანი დაავადდება რა მოხდება მაშინ ?“. მართლაც თუ ამ ვირუსს 3%-იანი სიკვდილიანობა ახასიათებს, მაშინ იგი დაახლოვებით 2 მილიონი კაცის დაღუპვას გამოიწვევს მარტო აშშ-ში. მსოფლიოში კი ეს ციფრი ძალიან დიდი შესაძლოა იყოს, რადგანაც კორონავირუსისაგან უშუალო დაავადების საფრთხეს ემატება ეკონომიკის ვარდნისაგან და გაღატაკებისაგან, გაკოტრებისაგან, ფსიქოლოგოგიური შოკისაგან, უშუალოდ შიმშილისაგან, შიშისაგან გამოწვეული სიკვდიალიანობა.
შესაბამისად მეორე მთავარი საფრთხე რომელსაც კორონავირუსი განაპირობებს არის მსოფლიო ეკონომიკის ვარდნა, რისი ინდიკატორიცაა საფონდო ბირჟებზე განხორციელებული პროცესები ბოლო დღეების განმავლობაში:
2008 წლის შემდეგ ფასიანი ქაღალდების უდიდესი ვარდნა დაფიქსირდა მსოფლიო ბირჟებზე და რაოდენ სავალალო არ უნდა იყოს, იძულებული ვართ ვაღიაროთ, რომ კორონა ვირუსმა არამარტო მსოფლიოს ეკონომიკა ამოატრიალა, არამედ თავად გლობალიზაციის იდეაც დააყენა საფრთხის ქვეშ.
რას ვხედავთ? აშშ-ს, საფრანგეთისა და გერმანიის დიდი კომპანიები თავიანთ სახელმწიფოებს სთხოვენ დახმარებას გადარჩენისათვის. თუ სახელმწიოებმაც ფართო მასშტაბით განახორციელეს ეროვნული კომპანიების ფინანსური დახმარება, საქმე გვექნება პროტექციონიზმის აღორძინების იდეასთან.
ზოგიერთი ამბობს რომ „ბაბილონის გოდოლი ირღვევა“. საინტერესოა რატომ არის 21 საუკუნის ეკონომიკა ამგვარი სუსტი, რომ მან ვერ გაუძლოს თუნდაც სასიკვდილო გრიპის შემოტევას?
მსოფლიო ეკონომიკა სუსტია იმიტომ, რომ იგი მაინც დგას ადამიანების სოციალურ და ფიზიკურ ინტეგრაციაზე. მსოფლიო ეკონომიკა სუსტია იმიტომ, რომ ის ჯერ ვერ გადავიდა მთლიანად ახალ ეკონომიკაზე, რომელიც განავითარდებდა უფრო მდგრად, დისტანციური დაკმაყოფილების ტექნოლოგიებს.
როგორც ჩანს თავად ადამიანი იმყოფება ძველი დროების გავლენის ქვეშ, რაც მას მოძველებული ცხოვრების ჩვევებიდან გამომდინარე, საფრთხეს უქმნის ამგვარი პანდემიების დროს.
ეს კიდევ ახალი თემაა, ამიტომაც დაუბრუნდეთ მსოფლიო ბირჟებს. რას გვაჩვენებს მათი ინდექსები? მოკლედ დავიწყოთ მსოფლიო ბირჟებიდან, როგორც მსოფლიო ეკონომიკის თერმომეტრებიდან:
კორონა ვირუსის შემოტევის შედეგად ძალიან დიდი დარტყმა მოხდა მსოფლიო ეკონომიკაზე და ამ დარტყმის შედეგი იმწამსვე აისახა საფონდო ფასეულობებზე: ფასიან ქაღალდებზე, კომპანიების აქციებზე. როგორც ვხედავთ იწყება რეცესია და განცხადებებიც ექსპერტებისაგან არის დამთრგუნელი:
„4 ტრილიონის შემოსავალი აშშ-ს კორპორაციებს დააკლდებათ კორონავირუსის გამო, აქედან მარტო 2 ტრილიონს ისინი ვერ მიიღებენ:
- ენერგეტიკისაგან
- ტურიზმისაგან
- გართობის ინდუსტრიიისაგან “ – ამბობს ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც ჰეჯფონდს ხელმძღვანელობს და როგორც ჩანს ბიზნეს ანალიტიკას კარგად ფლობს.
ამერიკის რესტორნების ასოციაციამ თავისი დასკვნა დადო კორონავირუსთან დაკავშირებით. ამერიკული რესტორნების ზარალი იქნება $225 მილიარდი მომავალ 3 თვეში და იგი მიაღწევს $899 მილიარდს წელიწადში. როგორც ცნობილია რესტორნების ბიზნესი ზომით მეორე დამსაქმებელი ინდუსტრიაა ამერიკაში.
საავიაციო ბიზნესმა უკვე მოსთხოვა ტრამპს 50 მილიარდი დოლარი გრანტებისა და დახმარების სახით, გადარჩენისათვის. ასევე ამ კვირას ტურიზმის ინდუსტრიამ U.S. Travel Association-ის და American Hotel and Lodging Association ის მეშვეობით ფედერალურ მთავრობას სთხოვა დახმარება $150 მილიარდი დოლარის ოდენობით.
როგორც ჩანს აშშ-ს ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდება 6-7% -ით ამ წელს, მაგრამ რა მოუვა გლობალურ ბიზნესს?
ამერიკის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი ვარაუდობს რომ მსოფლიო ბიზნესს 12 ტრილიონი დანაკარგი ექნება 2020 წელს.
მაგრამ ამავე დროს კორონავირუსი, ეგრეთ წოდებული COVID-19, იქნება ახალი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პროვოკატორი. როგორც მაიკროსოფტის ვიცე პრეზიდენტი ჯარედ სპატარო ამბობს – „კორონა ვირუსი იქნება შემოტრიალების მომენტი ადამიანებისათვის მუშაობისა და სწავლების დროს და ისინი უფრო მეტი რაოდენობით მიმართავენ ჩვენს ტექნოლოგიებს“.
რომელი პროდუქტები არიან წარმატებული უკვე დღეს? რა თქმა უნდა ის პროდუტები, სერვისები და მათი შემქმნელი კომპანიები, რომლებიც ადამიანს ეხმარებიან კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გადაწყვეტაში. აი მაგალითად:
- კომპანია მაიკროსოფტი ამბობს რომ Team app-ის მომხმარებელთა ოდენობამ დღეში 44 მილიონს მიაღწია. წარმოიდგინეთ ეს როგორი დიდი წარმატებაა მაიკროსოფტისათვის და იმ კომპანიებისათვის ვისაც აქვს შანსი ონლაინში გადაინაცვლონ და თავიანთი კლიენტებს ონლაინში მოემსახურონ.
- ასევე გაიზარდა კლიენტების მოთხოვნა ონლაინ კავშირის და ონლაინ კონფერენციის ასევე ინტერნეტ კლასის ისეთი ძლიერი პლატფრომების მიმართ როგორიც არიან : Slack-ი და Zoom-ი.
- ასევე დიდი ინტერესი გამოხატეს მომხმარებლებმა ისეთი პლატფორმების მიმართ რომლებიც ონლაინ ღრუბელზე დაფუძნებულ სატელეფონო და საინფორმციო გზავნილის სისტემებს განეკუთვნება. ასეთები გახლავთ RingCentral -ი, Webex ვიდეო სატელეფონო კავშირის საშუალება Cisco-საგან.
- ასევე ფარმაციის კომპანიები იმატებენ წონას და მათი ფასიანი ქაღალდი უფრო ძვირდება ბირჟებზე, მაგალითად კომპანია Regeneron-მა გამოაცხადა, რომ აქვს წამალი COVID-19 წინააღმდეგ და ეს წამალი უკვე ამ გაზაფხულს გაივლის სპეციალური ტესტირებას. ამგვარმა განცხადებამ კომპანიის საფონდო ინდექსი მყისეულად გაზარდა რადგანაც მის ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა გაიზარდა და ეს ბირჟამ უმალ დააფიქსირა.
ეხლა კი ისმის ასეთი კითხვა, რა უნდა ქნას საქართველოს ეკონომიკამ იმისათვის რომ გადარჩეს?
- საქართველოს ეკონომიკის და ბიზნესის ფლაგმანად მაინც უნივერსიტეტები მესახება. საქართველოში მრავალი უნივერსიტეტია. მათი სწრაფი გადასვლა ონლაინ განათლებაზე არის ეკონომიკის გარდაქმნის ის მოდელი, რომელიც შემდეგ მთელ ქვეყანას უნდა მაგალითად გამოადგეს.
- უნივერსიტეტები და მათი ონლაინ აუდიტორიები არის კიდევ ერთი დადასტურება ბიზნესებისათვის რომ ინტერნეტ კავშირი არათუ რთულია, არამედ უფრო მოსახერხებელი და ძალიან საინტერესო. ამავე დროს უნივერსიტეტები თავად არიან ბიზნეს სუბიექტები, მათი გადარჩენა და ონლაინ სწავლებაზე სწრაფი გადასვლა უნდა წახალისდეს სახელმწიფოს მხრიდან გრანტებით, ლაბორატორიების დაფინანსებით, სტიპენდიებით.
- სახელმწიფომ უნდა იფიქროს ასევე განათლების ონლაინ ბაზრის შესაქმნელად , ამ მიზნებისათვის მან უნდა განავითაროს სპეციალური ეროვნული პროგრამა, საშუალო და უმაღლესი განათლების ონლაინ რეჟიმში გარდაქმნისათვის. ამ პროგრამას უნდა ქონდეს არა დროებითი არამედ მუდმივი მნიშვნელობა. როდესაც პანდემია დამთავრდება დარწმუნებული ვარ ბევრი სტუდენტი დარჩება ონლაინ კლასებში და მათი განათლების პროცესი უნდა გაგრძელდეს მაღალი ონლაინ განათლების სტანდარტით, ამ მიმართულებით ქართულმა სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს და დანერგოს საუკეთესო ონლაინ უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების გამოცდილება და დანერგოს ის საქართველოში რაც იმას ნიშნავს რომ უნდა შეიქმნას:
- ა) ქართული ონლაინ განათლების სტანდარტებისა და ხარისხის დაცვის მექანიზმები როგორც უმაღლეს ასევე საშუალო განათლების ინსტიტუციებისათვის;
- ბ) უნდა განვითარდეს ბიზნესის ინტერაქცია უნივერსიტეტებთან იმისათვის რომ ბიზნესმა გამოიყენოს უნივერსიტეტების მაგალითი და ონლაინ სწავლება ბიზნეს სუბიექტებმა გამოიყენონ მომავალ პლაცდარმად საკუთარი ბიზნეს მიზნების მისაღწევად.
- გ) საქართველოს წარმატებეულ ბიზნეს ბაზრებზე: ღვინის მრეწველობა, სასოფლო სამეურნეო დარგები – უნდა განვითარდეს ბიზნესის ინტერაქცია საკუთარ მომხმარებლებთან ონლაინ სივრცეში.
- დ) საქართველოს ყველა ბიზნეს მიმართულებაში უნდა დაინერგოს ბლოკ-ჩეინის ონლაინ ტექნოლოგიები და ფორმები.
- ხელისუფლებამ და ბანკებმა უნდა ჩასდონ ფული არა მხოლოდ საფინანსო და ცაკლეული ბაზრების ონლაინ პორტალების შესაქმნელად , რაც მხოლოდ ნაწილია იმ დიდი სტრატეგიისა, რასაც ქართული ეკონომიკის ახალ ეკონომიკაში გარდაქმნის სტრატეგია შეიძლება დაერქვას , არამედ შექმნან საინვესტიციო პაკეტები იმისათვის რომ საქართველოს ბიზნესი ონლაინ ტექნოლოგიებით იმართებოდეს.
- მომხმარებელი ასევე უნდა იყოს სპეციალიზირებული მარკეტინგით განვითარებული და აღზრდილი მომავალი ეკონომიკის რაციონალური გამოყენებისათვის.
თუ ეს ნაბიჯები ქვეყანამ გარდაქმნა მაშინ საქართველო ამ და მომავალ გამოწვევებს გაუძლებს და მძლავრ მოდერნულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება. ონლაინ სერვისების რაოდენობით თუნდაც სახელმწიფო ადმინისტრირების სფეროში უკვე ვართ ლიდერები თუნდაც რეგიონალურ დონეზე. ესეიგი უფრო მეტიც შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ.
ავტორი: პროფესორი კახაბერ ჯაყელი