COVID-19 იწვევს მარკეტინგის სტრატეგიის ძირეულ შეცვლას და აჩქარებს ციფრულ მიგრაციას
“ვის რაღა თავში საცემად უნდა ამდენი შენობები, ამდენი ქალაქები და დაბები, ცენტრში გამოჭიმული სათავო ოფისებით? არავის! ახალი ეკონომიკა თქვენ არ მიიღეთ, მაგრამ პანდემიამ მიგაღებინათ მისი წესები…”
ჰომო დიგიტალუსი
კორონავირუსის არსებული პანდემია, გამოიწვევს ბიზნესის მიზნებისა და ამ მიზნების მიღწევის გზების ხელახლა გააზრებას. ეს იმას ნიშნავს რომ COVID-19-ს უკვე დაწყებული აქვს სამყაროს საქმიანი ლოგიკის ცვლილება. თუ მას დავუმატებთ გარემოს ზემოქმედებით გამოწვეულ გაურესებებს, ისეთებს როგორიცაა გლობალური დათბობა და ტემპერატურის მომატება, ოკეანის დაბინძურება, ადამიანის ჯანსაღი სასიცოცხლო სივრცის შემცირება – მაშინ მივხვდებით, რომ ყველაფერი ის რაზეც გვესაუბრებიან ბიზნესის ლიდერები, შესაძლოა წყალში არის გადასაყრელი.
მე-20 საუკუნის დასაწყისში დაბადებული „წარმატებული ადამიანის ფორმულა“, რომელსაც ასევე უმაგრებდა ზურგს მაქს ვებერის შრომები, და ცნობილი გამონათქვამი laissez-faire, რომლის მიხედვითაც ანტრეპრენიორი თავისუფალია, მხოლოდ ჩიხისაკენ მიერეკება კაცობრიობას. რა თქმა უნდა რამოდენიმე თუნდაც გენიოსი მეწარმე, მართლაც ქმნის მომავალს, მაგრამ საკითხავი ისაა – იქნება კი ელონ მასკის, ბილ გეითსის, ცუკერბერგის და სხვათა მიერ შექმნილი მომავალი ბედნიერი შენთვის ადამიანო?!?
გარემოს პირობების გაუარესებას ჩვენ დღითი დღე ვგრძობთ. აი თუნდაც, იქ სადაც წლობით დავდიოდი ტყეში, ან მწვანე მინდორზე, ეხლა მშენებლობა გვხვდება, შემდეგ დაგვხვდება ნაგვის ბუნკერი, გაჩეხილი ტყე, მომატებული კონფლიქტები და ბოლოს ამკრძალავი ბარიერი, რომელიც მიგითითებს რომ აქ თქვენი დასვენება შეუძლებელია.
პარადოქსია მაგრამ წარმატებული ადამიანები, ტრადიციული ბიზნეს აქტივობებით, თავიანთ გზაზე ტოვებენ ნაკლებ სასიცოცხლო სივრცეს, ნაკლებ ჟანგბადს, ნაკლებ წყალს, ნაკლებ საყოველთაო ბედნიერებას, მაგრამ მილიონებს, რომლებიც ბანკში არის შენახული.
აი ამგვარ გაგებას უნდა ასცდეს ადამიანი, იმისათვის რომ გადარჩეს. თავად „წარმატებული ადამიანის“ ფორმულა უნდა შეიცვალოს და წარმატება უნდა გაიზომოს სულ სხვა მაჩვენებლებით და არა ბრჭყვიალა ქარხნებითა თუ ჩაბეტონებული ტერიტორიებით, რომლებსაც რატომღაც SPA ეწოდება.
ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ მრავალი სტატია და ინიციატივა გვექნება, მაგრამ ეხლა დავუბრუნდეთ თავად მარკეტინგს. იცვლება თუ არა იგი COVID-19-ის ფონზე?
ახალი „მასლოუს პირამიდა“
არც კი ვიცი რა დავარქვათ ამ პირამიდას, მაგრამ გამოკვლევებზე დაყრდნობით ჩანს, რომ პირველ საფეხურზე ადამიანისათვის რჩება და მუდამ დარჩება ბიოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებები.
COVID-19-ის ფონზე, ჩვენი „ახალი მასლოუს პირამიდის“ მეორე საფეხურად გამოდის კავშირის მოთხოვნილება. ეს არ არის მხოლოდ ადამიანური, უშუალო არამედ, ციფრული კავშირის მოთხოვნა. ბევრი ადამიანი დღეს უკვე დარწმუნდა რომ სოფლად ცხოვრება უფრო ჯანსაღია, მაგრამ იბადება საკითხი გაცვლისათვის კავშირის შესახებ. კავშირი და გაცვლა ურთიერთ-დაკავშირებული მცნებებია. ეს უკვე ეკონომიკური კანონზომიერებაა, რომელიც COVID-19 დროს შექმნილ ფსევდო ადამიანს ახასიათებს.
მომავალში იქნება მრავალი სტატია და აზრი – ეგრეთ წოდებულ „ფსევდო ადამიანის“ შესახებ, რომელიც ჩვენს თვალწინ, გაციფროვნების ხანაში იბადება. იგი ბევრით განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანისაგან რადგანაც მას ქსელური კავშირის გარეშე ცხოვრება თითქმის არ შეუძლია. სწორედ ეს კავშირი გახლავთ მნიშვნელოვანი.
პირამიდის შემდეგი საფეხურია დარწმუნების მოთხოვნა – ანუ რით ვარწმუნებთ მოპირდაპირე მხარეს ჩვენს მზაობაში თუნდაც გაცვლის პროცესისათვის. მრავალი ადამიანი ქსელში აღმოაჩენს ახალ ბაზარს და ამ ბაზარს მოერგება, მაგრამ შემდეგ გაჩნდება „საკუთარი მე-ს პოვნის სურვილი“. ხოლო ბოლოს კი ადამიანები შეეცდებიან ბედნიერებაც აქ იპოვნონ და ეს იქნება ჩვენს მიერ შექმნილი ახალი მასოუს პირამიდის ბოლო საფეხური.
ახალი მომხმარებელი სოციალური დისტანციის ეპოქაში
პანდემიამ დაგვანახა რომ ადამიანებმა დაიწყეს უფრო მარტო ცხოვრება. ასეთი ადამიანი ეჩვევა მარტო ჭამასა და გართობას. ბარებსა და რესტორნებს დასავლეთში გაუჩნდათ დიდი პრობლემები. იწყება სოციალური დისტანციის მომხმარებლის ეპოქა.
ტურიზმი 90% -ით ვარდება, ადამიანები სახლიდან ათვალიერებენ ტურისტულ ადგილებს. ცდილობენ თავად გამოსცადონ სახლში ის სიამოვნება რასაც გამოცდიდნენ ვთქვათ „პარიზში სტუმრობის დროს“. ეს უნდა გაითვალისწინონ მარკეტინგულმა კომპანიებმა და დაეხმარონ ადამიანებს ამგვარი ახალი ტიპის , გამოცდილების მარკეტინგის კონცებციის ათვისებაში.
პანდემიამდე ჩვენ ვამბობდის რომ ვთქვათ რატომაა ძლიერი Four Seasons? ეს უნიკალური ქსელი ძლიერია იმიტომ რომ იგი საშუალებას იძლევა არა მარტო კარგად მივირთვათ იტალური საკვები, არამედ – გამოვცადოთ საუკეთესო იტალიური სადილისა და ვახშმის მიღება. ანუ გამოცდილება მივიღოთ, ჩვენს თავზე შევიგრძნოთ იტალიური სადილის მიღების ყველა ასპექტი.
ამას როგორ გააკეთებთ პანდემიის დროს? მარკეტერებმა უნდა იფიქრონ თუ როგორ მიაწოდონ, გამოცდილებითი მარკეტინგის შედევრი – სახლში.
ელექტრონული კომერცია და ციფრული მიგრაცია
ბიზნესი იწყებს მასობრივ ციფრულ მიგრაციას. მრავალი დიდი კომპანია ამცირებს რეალური მაღაზიების რიცხვს. მნიშვნელოვანი ხდება ახალი მომხმარებლის აღზრდა. მარკეტერები უნდა გახდნენ უფრო ყურადღებიანი მომხმარებლების ციფრული შეძენის მიმართ. გასხვისება და შეძენა ციფრულ ეპოქაში, უნდა დაეყრდნოს ახალ საფუძვლებს. დარწმუნებას და დამარწმუნებელ ფაქტორებს აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ბრენდინგი ციფრულ ხანაში მეტად მნიშვნელოვანი ხდება. თქვენი კომპანია შეიძლებ ბრენდი ყოფილიყო რეალური მარკეტინგის პრიოდში მაგრამ ციფრული მიგრაციის პერიოდში მან შეიძლება დაკარგოს ბრენდის რეზონანსი, თუ არ გამოვიყენებთ მრავალ მნიშვნელოვან მეთოდს, რაც მარკეტინგმა, ციფრული მიგრაციის დროს შეიმუშავა.
კაპიტალიზმი და ციფრული მიგრაცია
თავად კაპიტალის როლს ეკონომიკაში ვერავინ შეცვლის, მაგრამ ციფრული ეპოქის ადამიანი უფრო ნაკლებად მგრძნობიარე და უფრო განმსჯელი იქნება. ბრბოს პრინციპებს მასთან არაფერი ესაქმება. ასევე მოხმარების დროსაც, იგი უფრო ეკითხება საკუთარ თავს. ადამიანის ფაქტორის გაძლიერება კაპიტალის გავლენას შეამცირებს და შესაძლოა ამას საბოლოოდ ახალი ფორმაცია ეწოდოს. ზოგი მას სინგულარულობის ეპოქას არქმევს, ზოგიც კი მას შესაძლოა „ციფრული საშუალებების ბაზარს“ დაარქმევს. კაპიტალიზმი კლასიკური სახით არც იქნება საჭირო და ვერც გადარჩება ციფრული მიგრაციის დამთავრების შემდეგ.
დასკვნა – ციფრული მიგრაცია ნაკლებად იგრძნობა იმ ქვეყნებში, სადაც გაცვლა ნატურალურ დონეზე მიმდინარეობს. მაგალითად თუ თქვენ ყიდულობთ ფიზიკურ პროდუქტს და ამასვე შვებიან თქვენი მეზობლები მაშინ ციფრული მიგრაცია ნაკლებად შეგეხებათ პირველ ეტაპზე. მაგრამ წარმოიდგინეთ – დიდ ბაზრებზე, ყოველდღიური გაცვლა ხორციელდება ციფრულად და ეს იწვევს ადამიანის პირადი მოხმარების, პირადი ცხოვრების „თან გაყოლიებას“ ციფრულ სამყაროში.
დიდ ბაზრებზე, ციფრული მიგრაცია სწრაფად მოხდება და განვითარდება, მარტივი გაცვლის ბაზრებზე კი ამ პროცესს უფრო მარტივი სახე ექნება.
კახაბერ ჯაყელი