კარლ გუსტავ იუნგის არქეტიპები და ციფრული ბრენდები
რა არის და რას ნიშნავს არქეტიპი? სიტყვა არის ბერძული წარმოშობის და ნიშნავს “პირველ სახეს” ან “საწყისს ფორმას”, ხოლო შვეიცარიელი ფსიქიატრის, კარლ გუსტავ იუნგის მიხედვით, არქეტიპები წარმოადგენენ ადამიანის ფსიქიკის უმნიშვნელოვანეს დეტალებს, რომლებიც გადმოგვცემენ კაცობრიობის ისტორიაში გენეტიკურად დაგროვილ ინფორმაციებს. ეს ინფორმაციები შეიძლება შევადაროთ კონსტრუქციებს, რომლითაც აგებულია ჩვენი ფსიქიკა.
სულ გვაქვს 12 არქეტიპი. არქეტიპები ქცევის უნივერსალურ ნიმუშებს წარმოადგენს, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას, შევიცნოთ საკუთარი თავი და სხვები ჩვენ არქეტიპებს ვგრძნობთ ენერგიის სახით. ეს ენერგია შეიძლება იყოს ემოციების აღძვრა, ჩვენი სურვილები, მისწრაფებები და აგრეთვე წარმოსახვა.
ეს ენერგია იგრძნობა ბრენდებშიც, თუ კარგად დავაკვირდებით, შეგვიძლია ამოვიცნოთ მათი ქცევის მოტივები და გავშიფროთ არქეტიპები, რომლებიც კონკრეტული კომპანიის მახასიათებელია და გვევლინება, როგორც ბრენდის სახე.
არასწორი იქნება იმის თქმა, რომ თითოეული ინდივიდი მხოლოდ ერთი არქეტიპისაგან შედგება. ადამიანი გაცილებით რთული არსებაა, ისევე როგორც კომპანია და, როგორც წესი, რამდენიმე არქეტიპით ხასიათდება, მაგრამ მათ შორის არსებობს ერთი – ძირითადი ნიშანი, რომელიც განსაზღვრავს მთავარ მახასიათებლებს.
ეს დომინანტური ნიშანი აქვთ ჩვენთვის კარგად ცნობილ ბრენდებს. ბრენდების უნიკალურობა, მარკეტოლოგების დაუღალავი შრომის შედეგია და არქეტიპებს ბრენდის ჩამოყალიბებაში უდიდესი ადგილი უჭირავს.
ბაზარზე პოზიციონირება მომხმარებლის გონებაში თითოეული პროდუქტისათვის კონკურენტულ პროდუქტებთან შედარებით საუკეთესო ადგილის მინიჭებას გულისხმობს. მარკეტოლოგების სურვილია თავიანთი პროდუქციისთვის უნიკალური პოზიციის მინიჭება, რაც ერთგვარი უნიკალური არქეტიპის შემუშავებასთან ასოცირდება. თუ პროდუქტი ბაზარზე არსებული სხვა პროდუქტებისგან რაიმე ნიშნით არ გამოირჩევა, მაშინ მყიდველს მისი შეძენის სურვილი არ ექნება, ეს საკმაოდ მარტივი ფილოსოფიაა. არქეტიპს ბრენდისთვის ხშირ შემთხვევაში სტრატეგიული მნიშვნელობაც კი ენიჭება. ვინაიდან ყველაფერს განსაზღვრავს მომხმარებლისთვის ფასეულობის შეთავაზება. რაც უფრო ფასეულია პროდუქტი, უფრო ძვირად ფასობს ბრენდი. ხოლო ეს კი ხაზს უსვამს მის უნიკალურობას.
მოდი განვიხილოთ თითოეული არქეტიპი და მოვიყვანოთ მაგალითები ჩვენთვის კარგად ცნობილი ციფრული ბრენდების სახით:
შემოქმედი (THE CREATOR)
შემოქმედი არის ბრენდი, რომელიც თავს ორიგინალად აღიქვამს, ყოველდღიურ ცხოვრებასაც კი შემოქმედებითად უყურებს და დასახულ მიზნებს ყოველთვის აღწევს. მისი მთავარი მახასიათებელია ინოვაციურობა და გრძელვადიანი ღირებულების შემქნა. კრეატიულობა, ინოვაციურობა და წარმოსახვა აქ მთავარი განმსაზღვრელი ნიშნებია. ბრენდი, რომლის მთავარი სლოგანიც არის “Think Different”, კარგად ერგება ამ არქეტიპს და შეუძლებელია აქ არ გაგვახსენდეს Apple, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციურობაზე და პერფექციონიზმზე. აქ ასევე საკმაოდ კარგი მაგალითია, რომ მოვიყვანოთ “Adobe Systems Incorporated”, ამერიკული კომპიუტერული პროგრამების კომპანია, რომელმაც შექმნის მომენტიდან, აქცენტი გააკეთა იმაზე რომ შეექმნა მულტიმედიური და შემოქმედებითი პროგრამები, რომელთაც ექნებოდა უამრავი ინტერნეტ რესურსის პროგრამულად დამუშავების უნარი.
მეამბოხე (THE OUTLAW)
მეამბოხე არის თავისუფალი გონების ბრენდი, რომელსაც ვერავინ აკონტროლებს. ცხოვრებაში საკუთარი გემის კაპიტანია. მისი მთავარი სურვილი რევოლუცია და გადატრიალდება. თავისუფლების სიყვარული და წესების დარღვევა მისი ძლიერი მხარეა. მეამბოხეს ნამდვილი მაგალითი არის. PayPal”, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კამათობს იმის შესახებ, რომ არის უფრო რევოლუციური კომერციის ფორმები,. PayPal”-მა 2016 წელს ახალი სიტყვა თქვა ტექნოლოგიის სფეროში. რამაც საკმაოდ აჟიოტაში გამოიწვია. ეს სლოგანი კი ასე ჟღერს :. New money in town”. დღესდღეობით შეიძლება ვისაუბროთ იმაზეც, რომ “Apple”, მეამბოხის არქეტიპის გარკვეულ ელემენტებს შეიცავს, რადგან რევოლუცია და გადატრიალება ნამდვილად არის ის სიტყვები, რომელსაც ის პასუხობს.
გმირი (THE HERO)
ყველა შესაძლებლობას იყენებს საკუთარი გამბედაობის გამოსავლენად, რადგან ამ აქტით პიროვნულ ღირებულებას ამტკიცებს. ამ ტიპის ბრენდის მთავარი სურვილია საკუთარი ღირსების დამტკიცება, რასაც ის ხშირად გამბედაობით და სიმამაცით ახერხებს. მას ეშინია, რომ სუსტად აღიქვამენ და ამიტომ მისთვის დისციპლინა და სიმამაცე, პირველ ადგილს იკავებს.. Duracell” ის ბრენდია, რომელმაც სახელი ხალხის დახმარებით გაითქვა. იგი აწარმოებს ფართო სახის უკაბელო დამტენებს. მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნე ტექნოლოგიებისაა, ამიტომ. Duracell”-მა ადამიანებს გაუმარტივა ცხოვრება, რაც დროის მოგებით და ელექტროენერგიის შემცირებით გამოიხატება. “LinkedIn”, ციფრული ბრენდი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარება დასაქმებასა და საკუთარი ადგილის პოვნაში, ის მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ გამბედავები და არ შევუშინდეთ ახალ გამოწვევებს.
უდანაშაულო (THE INNOCENT)
ეს არქეტიპი გვიხატავს გულუბრყვილო, პოზიტიური და ოპტიმისტი ბრენდის სურათს, რომელიც ადვილად ექცევა შთაბეჭდილებების ქვეშ. მთავარი სურვილია შეიგრძნოს ბედნიერება, მისი ძლიერი მხარეა ოპტიმიზმის შეუზღუდავი გრძნობა და დიდი რწმენა, რაც აძლევს საშუალებას დაგვიხატოს უდანაშაულო ბრენდის სახე. “Disney” უდანაშაულოს არქეტიპის თვალსაჩინო მაგალითია, მისი მარკეტერები წარმოგვიდგენენ ოპტიმიზმს და რწმენას, თუმცა მასზე საუბარი სხვაგანაც გვექნება, ახლა კი დავკმაყოფილდეთ ისეთი ბრენდებით, როგორებიც არიან: “Cisco”, “Skype” და “Sprout, from HP”.
შეყვარებული (THE LOVER)
ერთგული და თავდადებული ბრენდი, რომელიც სავსეა ემოციებითა და გრძნობებით. მისი მიზანია შეიყვაროს და უყვარდეს სხვებსაც, საკმაოდ ერთგული და საიმედო ბრენდია. ჩვენი აზრით, “Samsung” არის შეყვარებულის არქეტიპის საკმაოდ პოპულარული მაგალითი. რომელიც ასოცირდება სიყვარულთან, სანდოობასთან, სინაზესთან და გრძნობებთან. მის მობილურებს რომანტიკული ელფერი დაჰკრავს, სარეკლამო რგოლებითაც ასოცირდება გრძნობებთან და სიყვარულთან. ტელეფონი ასოცირდება გოგონასთან, რომელიც აუცილებლად უნდა შეიყვარო. შეიძლება ამ ბრენდს ბევრი სხვა არქეტიპი აქვს, თუმცა მისი პროდუქცია ნამდვილად იმსახურებს ქებას. “Haagen Dazs”, ალბათ გაგიჩნდათ კითხვა თუ რა უნდა, ამერიკული ნაყინების მწარმოებელ კომპანიას ციფრული ბრენდების ჩამონათვალში? საქმე იმაშია, რომ ეს არის აგრეთვე საიტი, რომელიც გვასწავლის გასაოცარ რეცეპტებს, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სიყვარული და გრძნობები აქ ნამდვილად გვაქვს.
ბრძენი (THE SAGE)
ცოდნისა და სიბრძნის მოყვარული. ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება, გაკვეთილად აღიქვამს და ცდილობს თითოეული მოვლენის მნიშვნელობის დადგენას. მისი მთავარი სურვილია აღმოაჩინოს ჭეშმარიტება. ბრენდი, რომელსაც ეს არქეტიპი აქვს, დიდ ცოდნას ფლობს და ინტელექტუალია, შეუძლია კარგი რჩევების გაცემა. ამ აღწერილობის მიხედვით, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს “Google”. ეს ბრენდი იზიდავს აუდიტორიას მისი უზარმაზარი ცოდნის დემონსტრირების გზით და ცდილობს განვითარება მოუტანოს მსოფლიოს. ბრძენის არქეტიპის ქვეშ, ეს ბრენდი გახდა შეუცვლელი და პატივსაცემი თითქმის მთელი მსოფლიოსთვის. აქ არ შეიძლება, რომ გამოგვრჩეს “CNN”, ამერიკული ტელეკომპანია ახალი ამბების 24 საათიანი მაუწყებლობით, რომელთა ხილვაც შესაძლებელია 1, 5 მილიარდი მაყურებლისთვის მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.
მკვლევარი (THE EXPLORER)
ბრენდი, რომელიც აფასებს თავისუფლებას და არ შეუძლია უმოქმედოდ ყოფნა მცირე დროის განმავლობაშიც კი. სურს ახალი თავგადასავლები და “იკვებება” გამოცდილებებით. ბრენდი გამოირჩევა დამოუკიდებლობით და საკუთარი თავის რწმენით, მიისწრაფვის სიახლეებისკენ და ყოველთვის ეძებს ბიზნესის კეთების ახალ გზებს. კომპანია, რომელსაც ეს არქეტიპი აქვს, მოუწოდებს მომხმარებელს, რომ გავიდეს კომფორტის ზონიდან და აღმოაჩინოს რაიმე ახალი. აქ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ. Wikipedia”, რომლის დანიშნულებაც. ცალსახად, მიესადაგება არქეტიპის სახელს. იგი ცნობილია, როგორც, ყოვლისშემძლე ენციკლოპედია, რომელიც აერთიანებს მოხალისეებს მსოფლიო მასშტაბით.
რეგულარული, ჩვეულებრივი (THE REGULAR)
ამ ბრენდს სჯერა კაცობრიობის და ადვილად ამყარებს კავშირებს ყველა ტიპის ადამიანთან. ემპათია, პრაქტიკულობა და სანდოობა აქ პირველ ადგილზე გვევლინება. ეს საკმაორდ რთული არქეტიპია, იმიტომ რომ გვხვდება ისეთ კომპანიებში, რომლებიც აწარმოებენ იმას, რასაც აწარმოებს სხვა უამრავი. ძირითადად გვხვდება კაფეების, ყოველდღიური ტანსაცმლის და სხვა სახის პროდუქციის და მომსახურების მწარმოებელი ბრენდების სახით. რეგულარული არქეტიპით გამოირჩება “Ebay”, რომელმაც ფართო აუდიტორიის და უზარმაზარი კონკურენციის მიუხედავად, მაინც შეძლო და დაიკავა თავისი ადგილი ბაზარზე. ეს არის პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ თითქმის ნებისმიერი ტიპის პროდუქტი – ტანსაცმელი, ელექტრონიკა, მანქანები და სხვა ყველაფერი. აქ არ უნდა გამოგვრჩეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი “Facebook”, რომელიც უპირობო ლიდერია. ის აკავშირებს მსოფლიოს მოსახლეობას ერთმანეთთან და ნამდვილად სანდო ბრენდია.
მმართველი (THE RULER)
ლიდერობა მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს და ხშირად ეს კარგადაც გამოსდის. ბრენდი მმართველის არქეტიპით მიდრეკილია აბსოლიტური ძალაუფლებისკენ, თუმცა ლიდერობის უნარი და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გრძნობა მისი ძლიერი მხარეებია. ბრენდი აქცენტს აკეთებს აუდიტორიაზე, რომელიც ორიენტირებულია ფუფუნებაზე, სიმდიდრეზე და სტატუსზე, ის წარმატებას მიაღწევს ქაოსში, წესრიგის შექმნით. “Microsoft” უდაოდ ძლიერი ბრენდია, მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტია Microsoft Windows საოპერაციო სისტემა და Microsoft Office პროგრამული პაკეტი – ორივე მათგანი თითქმის შეუცვლელი პროდუქტი გახდა მთელ მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე. წლები გადის, თუმცა Microsoft-ი მსოფლიოს უდიდესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიათა სიაში პირველ ადგილს იკავებს, ასევე ის მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოს გიგანტებს შორის როგორებიც არიან Apple Inc. ExxonMobil და IBM.
კლოუნი (THE JESTER)
არქეტიპი, რომელიც ცხოვრობს მომენტში და სიამოვნებს ემოციების მაქსიმალურად განცდა. მას გადამდები სიცილი აქვს და ძალიან უყვარს ხუმრობა. ბრენდი ამ არქეტიპით ხასიათდება პოზიტივით, რომელიც გადამდებია. ასეთი კომპანია მოგვიწოდებს ვიცხოვროთ მომენტებით და მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება. კრეატივი გაზიარების გარეშე არაფერია, სოციალური მედიის მომხმარებლებზე უკეთ ეს არავინ იცის. ყველას გაგვაჩნია კრეატიული პოტენციალი, მაგრამ პრობლემა, როგორც წესი, თავად განხორციელების ეტაპზე იქმნება. ამიტომაც ვერ ვართ ალბათ ყველანი პროფესიონალი ფოტოგრაფები, მუსიკოსები და მხატვრები. “Snapchat”, არის აპლიკაცია, რომელიც გვეხმარება, რომ გავერთოთ საკუთარ სამყაროში. სოციალურ ქსელებში ვიდეოკონტენტი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, მით უფრო მოკლე, სახალისო და კრეატიული ვიდეოები იმსახურებს მილიონობით ნახვასა და რეაქციას. დღესდღეობით “მოდაშია”, აგრეთვე “TikTok”.
მზრუნველი (THE CAREGIVER)
ალტრუისტი, რომელსაც ყოველთვის სურს დაეხმაროს გარშემო მყოფებს: მეგობრებს, უცხო ადამიანებს, ზოგჯერ მტრებსაც კი. მისი გულუხვობა ყველას შთააგონებს და უზომო მადლიერებით ავსებს. ბრენდს, რომელსაც ეს არქეტიპი აქვს, გარშემო მყოფების დახმარება და მათზე ზრუნვა სურს. აქ გვხვდება ისეთი თვისებები, როგორიცაა ემპათია, სიმპათია, გულუხვობა. შეუძლებელია აქ არ გაგვახსენდებს ისეთი ბრენდები, როგორიცაა “Philips”, “Xiaomi”და”Nintendo”. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ბრენდები ზრუნავენ საკუთარ მომხმარებელზე, მათი მზრუნველობა შეიძლება გამოიხატოს ფასით, ან თუნდაც იმ პროდუქციით რასაც ისინი აწარმოებენ.
ჯადოქარი (THE MAGICIAN)
ბრენდი, რომელიც ფიქრობს, რომ სამყაროსთან იდუმალი კავშირი აქვს. დარწმუნებულია საკუთარ ოცნებებსა და შესაძლებლობებში. მას სურს იცოდეს ყველაფერი სამყაროზე და აგრეთვე პოულობს გამარჯვების გზას. რომელი ბრენდია უფრო ჯადოსნური ვიდრე “Disney”? ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა საკუთარი ალტერნატიული ჯადოსნური სამყარო, რომელიც სიხარულისს და გართობის მომტანია, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომელიც კვლავ იზრდება და არ კარგავს პოპულარულობას. შეგვიძლია აქ მაგალითად მოვიყვანოთ კორპორაცია “Intel”, კარგად ცნობილი მიკროპროცესორებისა და ინტეგრირებული ლოგიკური პანელების დიზაინითა და წარმოებით. ის მოწინავე პოზიციებს იკაცევს ციფრულ სამყაროში და მისი პროდუქციის წარმოება, შეიძლება ერთგვარ მაგიას შევადაროთ.
დღესდღეობით, ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ ხანაში, სადაც მომხმარებელი გაცილებით უფრო ახლოსაა მწარმოებელთან, სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიების დახმარებით. ასეთ დროს ბრენდისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საკუთარ ინდივიდუალურობას და უნიკალურობას ხაზი კარგად გაუსვას. ერთი სიტყვით, შექმნას ბრენდის სახე. ეს 12 არქეტიპი ნებისმიერი ბრენდისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან არქეტიპებს შეუძლიათ შემოიტანონ სინათლე და ბრწყინვალება, ანუ საკუთარი უნიკალურობა დაუკავშირონ ისეთ პერსონაჟს თუ პერსონაჟებს, რომელსაც ბრენდის მომხმარებელი უკვე ბუნებრივად იგრძნობს. სწორი არქეტიპის შერჩევა კომპანიისთვის წარმატების გასაღებია.
ყველა ცნობილ ბრენდს აქვს სპეციფიკური არქეტიპი ან თუნდაც, არქეტიპები. ეს იდეა და სიმბოლიკა გვხვდება ცნობილ საავტომობილო ბრენდებშიც. Volvo და BMW, Jaguar და Mercedes-Benz. რა არის მათი მარკეტინგის წარმატების საიდუმლო? რა ტაქტიკას იყენებენ ეს ბრენდები? პასუხი სწორედ, რომ არქეტიპული ბრენდინგის უკან იმალება. მათ არქეტიპებს კი საფიქრალად თქვენ დაგიტოვებთ.
რადგანაც – “სწორად შერჩეული არქეტიპი კომპანიის წარმატების გასაღებია”.
ავტორები: დათა გვალია, თათული გიორგობიანი
შავი ზღვის საერთაშოიროს უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი