FRIXX – ბრენდის ელემენტები

1. შესავალი

კომპანია Frixx ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ აქტიურად პოზიციონირებს ჩიფსის ბაზარზე. ზოგადი მიმოხილვით რომ დავიწყოთ, საქართველოში ჩიფსის არც თუ ისე მრავალფეროვანი ბაზარია. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინამ, ომის დაძაბულ ფონზე ლუქსის წარმოება შეწყვიტა, ჩვენს ბაზარს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპანია გამოაკლდა და Frixx-ისთვის ეს აღმოჩნდა საბაზრო წილის გაზრდისა და კუთვნილი საბაზრო ადგილის გამყარების წინაპირობა.

იმისათვის რომ ვიცოდეთ, რა პროდუქტზე გვაქვს საუბარი, უმნიშვნელოვანესია განვიხილოთ კომპანიის ძირითადი ელემენტები და ესენია: სახელი, ლოგო, სლოგანი, შეფუთვა. აღნიშნული ინდიკატორები ფუნდამენტალურად გამოხატავს კომპანიის რაობასა და მეობას.

რაობა – თუ რას წარმოადგენს კომპანია, რას აწარმოებს ის და რა სახით გვაწვდის ამ პროდუქტსა თუ მომსახურებას;

მეობა – რა განასხვავებს პროდუქტს სხვა მსგავსი პროდუქტებისგან. როგორ ახერხებს კომპანია თავის დამკვიდრებას ბაზარზე და რა ღირებულებებს გვთავაზობს ის.
დავიწყოთ იმით, რომ კომპანია ნამდვილად Brand-ს წარმოადგენს. რატომ Brand და არა brand? ნათელია, კომპანიას საკმაოდ ძლიერი ნაციონალური დატვირთვა აქვს. თუ რატომ ნაციონალური ამაზე მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებთ, ახლა კი განვიხილოთ კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელ-მაიდენტიფიცირებელი ინდიკატორი – სახელი.

 

2. სახელი

როგორც მათ მარტივ, მინიმალისტურ და „გემრიელ“ საიტზე ამოიკითხავთ, სიტყვა „Frixx” სამი სიტყვის გაერთიანებაა – Free+Fries+Freak. ამ სიტყვების შინაარსს თუ დავუკვირდებით, ფრიქსის ხასიათსაც მარტივად ამოვიცნობთ. ვფიქრობ, სახელი შესანიშნავადაა შერჩეული გართობის, თავისუფლებისა და გემრიელი ჩიფსების მოყვარული ადამიანებისთვის. რა აღძრავს ბრენდისადმი ჩვენს დადებით დამოკიდებულებას პირველ რიგში, თუ არა მისი სახელი? ასე რომ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „Frixx”-მა წარმატებულად გაიარა პირველი ნაბიჯი თავის დამკვიდრების გრძელ გზაზე, რაც ისეთი სახელის მოფიქრებას გულისხმობს, რომელსაც ემოციური ბმა აქვს უშუალოდ პროდუქტთან.

 

3. ლოგო

ქართულ ბრენდებს შორის „FRIXX“ ერთ-ერთი განსაკუთრებული ბრენდია რომელიც საკუთარ თვითმყოფადობას ძალიან მკაფიოდ აფიქსირებს კონკურენტებს შორის. საინტერესოა რომ მიუხედავად მისი მარკეტინგული გეზისა, რომელიც თითქმის ყველა ასაკობრივ სეგმენტზეა გათვლილი და ამასთანავე ძირითად აქცენტს დასავლური კულტურით გატაცებულ ახალგაზრდებზე აკეთებს, ის ბაზარზე  პოზიციონირებას მისი წარმოშობის ნაციონალური სიღრმეების წიაღიდან იწყებს. ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მნიშვნელოვან დასაყრდენს და ფასეულობას წარმოადგენდა ჩვენი ფესვები რომელიც სადღაც ევროპასა და აზიას შორის, პატარა კავკასიის დიდ მთებს შორის, მიწაში ღრმად იყო გადგმული და სწორედ ამ მიწის სუნია ის რაც ჩვენთვის, კავკასიელებისთვის სისხლის ყივილის გამოძახილია. „FRIXX“-ის ლოგო რამდენადაც ერთი შეხედვით ძალიან მინიმალისტური და უბრალოა, ამდენად დიდი ფასეულობრივი კონტექსტის მატარებელია. მასზე დატანილია ბრენდის და ამ შემთხვევაში თვითონ კომპანიის სახელწოდება, კავკასიის მთათა სისტემა და სლოგანი. ლოგოზე გამოსახულებების ეს კომბინაცია უნიკალურ და გარჩევად სურათს გვაძლევს რომლის იდენტიფიცირება და დიფერენცირება ერთი შეხედვითაც ძალიან მარტივია. აღსანიშნავია ისიც რომ მიუხედავად შეფუთვის ფერადოვნებისა და არჩეული საბაზრო სეგმენტის მრავალფეროვნებისა თავად ლოგო შავ-თეთრია, რაც ერთგვარად შეიძლება კავკასიურ მტკიცე და პირდაპირ რომ ვთქვათ ცოტა უხეშ ხასიათის გამოხატავდეს.

 

4. სლოგანი

გადავიდეთ შემდეგ მახასიათებელზე. გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ სლოგანიც ისეთივე კრეატიული და სწორად მოფიქრებულია,რამდენადაც მისი დანარჩენი ელემენტები. ის ასე ჟღერს – „ფრიქსი, კავკასიის მთების ჩიფსი“. ნათელია, კომპანიის ინტერესებში აშკარად შედიოდა ის, რომ სლოგანი ჟღერადი, გარითმული და სხარტი ყოფილიყო. ამ სიტყვებს ისევ და ისევ სიტყვებთან FREE და FREAK მივყავართ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელი,სლოგანი და ლოგო სასიამოვნო ბალანსშია ერთმანეთთან.აღსანიშნავია, რომ სლოგანი აქტიურ ნაციონალურ ხასიათს ატარებს. იქიდან გამომდინარე, რომ სამიზნე ჯგუფი მკაცრად განსაზღვრული არ არის და პროდუქტი მასიური საზოგადოებისთვისაა გათვლილი, სლოგანი იდეალურადაა შერჩეული. ნაციონალობა ისაა რაც გვაერთიანებს, შესაბამისად ფრიქსმა ამ სიტყვებით ეცადა გავეერთიანებინეთ და ვფიქრობ ეს კარგადაც გამოუვიდა.

აქვე, მეტად მნიშვნელოვანია, რომ კომპანია არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე პოზიციონირებს, არამედ კავკასიის სხვა ქვეყნებში გეგმავს ექსპორტს. სლოგანი კი, იდეალურ თანხვედრაშია კომპანიის ინტერესებთან და სამომავლო გეგმებთან.

 

5. შეფუთვა

მიუხედავად „FRIXX“-ის საინტერესო ამბის, პროდუქტისა და ბრენდინგისა, მისი შეფუთვა განსაკუთრებულად არ განსხვავდება საქართველოს ბაზარზე არსებული სხვა იმავე კატეგორიის პროდუქტების შეფუთვებისგან. მაგალითისთვის „FRIXX“-ის შეფუთვა ისეთივე ყვითელია როგორც, საკმაოდ ძლიერი და ცნობილი ჩიფსის მწარმოებელი ბრენდები, „ლეისი“ და „ლიუკსი“. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს „ლიუკსისა“ და „FRIXX“-ის შეფუთვებზე ერთნაირი ვერტიკალური მკვეთრი ფერის ხაზი, რომელიც პროდუქტის არომატების მიხედვით იცვლის ფერს.

კონკურენტებთან შედარება რომ არ გამოგვივიდეს დავუბრუნდეთ უშუალოდ „FRIXX“-ის შეფუთვას. როგორც უკვე ვახსენე მისი შეფუთვა ყვითელია და თითოეულ განსხვავებულ არომატზე ვერტიკალურად დატანილი ხაზი იცვლის ფერს. მაგალითისთვის „FRIXX“ კლასიკი ყვითელია, ღია ყვითელი ხაზით, „FRIXX“ აჯიკა ყვითელია წითელი ხაზით, „FRIXX“ ტარხუნა მწვანე ხაზით და ა.შ.

თითოეულ მათგანზე დატანილია შეფუთვის წინა ზედაპირის მესამედის ზომის ლოგო და მის ქვემოთ არომატის სახელწოდება, ჩიფსების მიმზიდველი გროვა და არომატის შესაბამისი ინგრედიენტების გამოსახულება, კლასიკის შემთხვევაში – მარილი, აჯიკის შემთხვევაში – წიწაკა და ა.შ. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ შეფუთვის მარცხენა ცენტრალურ ნაწილზე ე.წ. ბეჭედის მსგავსი მარკა რომელზეც დატანილია წარწერა – „დამზადებულია ნატურალური პროდუქტებით“.

არ უნდა გამოგვრჩეს „FRIXX“-ის ბატიბუტიც რომელიც ცოტახნის წინ შემატა კომპანიამ თავისი პროდუქტების პორტფელს. ხაზგასასმელია რომ ბატიბუტის შემთხვევაში ბრენდის შეფუთვა რადიკალურად განსხვავებულია და ბრენდის ლოგოშიც კი დამატებულია შეფუთვის შესაბამისი ფერები.

ავტორები: ლევან ხარაიძე, ნათია მირველაშვილი