თანამედროვე მარკეტინგი და ვეფხისტყაოსაოსნის აფორიზმები
თანამედროვე საზოგადოების უმრავლესობისთვის სიტყვა “ბიზნესი” ასოცირდება ძალიან პრაგმატულ, ჭეშმარიტებას მოკლებულ და მატერიალურ ყოფასთან, რაც არასწორია, რადგან ბიზნესმენები, ორგანიზაციას აღიქვამენ, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, რომელსაც აქვს სწორი ფასეულობები, ცხოვრებისეული მიზანი, საჭიროებები მატერიალური თუ სულიერი,ზღვრები, შესაძლებლობები და პასუხისმგებლობები. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ მარკეტოლოგები ისე იცნობენ ადამიანებს, მათ ფასეულობებს, ცხოვრების სტილს შეცდომებსა და მისწრაფებებს, რომ არაფრით ჩამოუვარდებიან ფსიქოლოგებს. ბიზნესსაც ისევე სჭირდება ლიტერატურა, როგორც ადამიანს, რათა გაიზარდოს, შეიცნოს, გაკეთილშობილდეს და ორიგინალური ჩამოყალიბდეს. ამ მხრივ კი ქართულ ბიზნესებს ნამდვილად გაუმართლათ, რადგან ჩვენ იმხელა ლიტერატურული სიბრძნე გვაქვს წინაპრებისგან დატოვებული, რომ ქართულ ბიზნესმენებს გასათამამებლადაც კი ეყოფათ. რა უცნაურია არაა, მორალის მქადაგებელი აფორიზმების ბიზნესის წარმატების გასაღებად ქცევა?
ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში დაწერილი “ვეფხისტყაოსანი” დღეს ოცდამეერთე საუკუნეში თითქმის სრულიად ახალი პროფესიის ჭკუის მასწავლებლად შეიძლება გამოვიყენოთ.მისი თითოეული აფორიზმი იმდენად ორიგინალური, ღრმა, მრავალი მნიშვნელობისა და სწორი ნაბიჯის განმსაზღვრელია, რომ ბიზნესებს შეუძლიათ სრული ნდობა გამოუცხოდონ მის მცნებებს და თავიანთი ნაბიჯები მათზე დაყრდნობილებმა გაზომონ. სულ მარტივიდან, რომ დავიწყოთ “მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავს არ ივნებსო” ამბობს შოთა და ეს ასეა ყოველთვის არა მარტო ადამიანებში არამედ ადამიანებისგან შექმნილ ერთ ორგანიზმში, რადგანნ ბიზნესს კონკურენტი მართლაც ვერასდროს ვერ დააკლებს იმაზე მეტს, ვიდრე ის თვითონ დაიკლებს, მრავალი კომპანიის მარკეტინგული სიბეცე შეიძლება ჩაითვალოს “თავის ვნებაში”.
ბიზნესის სავალი გზაც წარმატებისკენ ისეთივე რთულია, როგორც ადამიანისთვის… “არ იცი ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფიან” და არც ბიზნესები არიან უეკლო გზაზე მოსიარულენი, მათთვისაც იმავე სირთულეებსა და ეკლებს წარმოადგენს ვარდისაკენ სავალი გზა, როგორც ჩვეულებრივი ბუნების შვილებისთვის.
ალბათ ბიზნესისა და მარკეტინგის ურთიერთობას ყველაზე კარგად “მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს” ეს აფორიზმი გამოხატავს, რადგან მარკეტინგი ბიზნესისთვის მართლაც “მკურნალია” მასზეა დამოკიდებული მისი გამრთელება, ფეხზე წამოყენება, სვლა და მოძრაობა, ანუ მისთვის სიცოცხლისუნარიანობის დაბრუნება და ახალი სულის შთაბერვა. მან უნდა ამოიცნოს სად უჭირს კომპანიას, დიზაინში, ფასეულობაში, მისწრაფებასა თუ შიგნეულობაში.
მარკეტინგის ერთ-ერთი სტრატეგიის მთავარ იდეად შეგვიძლია კიდევ ერთი აფორიზმი მივიჩნიოთ – “ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად” ეს სიტყვები ბიზნეს კონტექსტით შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც პროდუქციის ღირებულების, სახელისა და იმიჯის შენარჩუნება, რადგან თუ კომპანია წავა გარკვეულ კომპრომისებზე და დათმობს პროდუქციის ხარისხსა თუ საკუთარ ფასეულობებს ის აუცილებლად “გაიაფდება” და ძალიან მალე ჩამოვარდება “ტურფობის” მოწოდებიდან.
რადგან “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის”, ამიტომ აღარ განვაგრძობთ უსასრულოდ აფორიზმების განხილვას ბიზნეს ჭრილში. ქართულ ბიზნესს აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარი ეროვნული საგანძური ბაზრის დიდ და ბნელ სავალ გზაზე ლამპრად გამოიყენოს და ამ სიბრძნის გათვალისწინებით მიაღწიოს იმ ორგანიზაციულ სრულქმნილებას, რომელსაც მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს “ვარდამდე”.
ავტორები: ანი ზოზირაშვილი, მარიამ თვარაძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა