რატომ არის უპრიანი საწნახელის ცაცხვის ხისგან დამზადება?
ცაცხვის ხეს ქართველნი წმინდად მიიჩნევდნენ.
საქართველოში მუხის ხის შემდეგ, ალბათ, ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ცაცხვის ხის თაყვანისცემა, რომელიც მუხას თითქმის არც სილამაზით და არც ძლიერებით, ხანიერებით არ ჩამოუვარდებოდა. მთელ დასავლეთ საქართველოში ცაცხვის ხეს დიდ პატივს სცემდნენ. ამ მხარეში მკაცრად მისდევდნენ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, ცაცხვის მოჭრა და მისი შეშად ხმარება იკრძალებოდა. იშვიათ შემთხვევას არ წარმოადგენდა ის ფაქტიც, რომ სადაც ეკლესია არ იყო, ეკლესიის მაგივრობა ცაცხვის ხეს გაეწია (ბარდაველიძე (ლომია) 1927: 171).
რკონში (შიდა ქართლი), ღვთისმშობლის ეკლესიასთან, მდინარე თეძმის ნაპირას მდგარა მრავალწლოვანი, ჯავახიშვილების საგვარეულო სალოცავის წმიდა ცაცხვის ხე. მის ძირში ესვენა ქვა – ხატი, რომელზედაც მხედრული ასოებით ამოჭრილი ყოფილა წარწერა: ,,ცაცხვის წმინდა გიორგის სახე” და ,,დედა ღვთისმშობლისა”. როგორც ეს ცაცხვი, ასევე მის გარშემო მდგარი სხვადასხვა ჯიშის ხეებიც, დღემდე წმინდა ტყედ ყოფილა მიჩნეული (ბარდაველიძე (ლომია) 1927: 164 _ 166).
ვ. ლომიას ჩანაწერების მიხედვით, რკონის ღვთისმშობლობაზე მისული მლოცველები დიდი სასოებით მოიხსენიებდნენ ცაცხვის წმიდა გიორგის ხეს. მათვე ვ. ლომიასათვის უთქვამთ, რომ რკონის ეკლესია ჩვენი მეორე სალოცავია, მთავარი მამაპაპეული კი ცაცხვიაო. სალოცავად მოსული მლოცველები წასვლისას მიდიოდნენ ცაცხვის ხესთან, გადაიწერდნენ პირჯვარს, ემთხვეოდნენ და მიაკრავდნენ ანთებულ სანთელს ( ბარდაველიძე (ლომია) 1927: 166).
ხალხური რწმენით, რკონის ცაცხვის ხე საიდუმლო კავშირში იმყოფებოდა ჯავახიშვილების საგვარეულოსთან, ვინაიდან ამ ხის სიმრთელესთან იყო დაკავშირებული ჯავახიშვილების სიჯანმრთელე და სიცოცხლე. ეს აშკარად ჩანს ჯავახიშვილებში არსებული იმ ტრადიციიდან, რომლის მიხედვითაც, როცა ამ საგვარეულოში ვინმე ავად გახდებოდა, მივიდოდნენ ცაცხვთან და გულდასმით დაათვალიერებდნენ. თუ ცაცხვს ყველა ტოტი მთელი აღმოაჩნდებოდა მაშინ, მათი რწმენით, ავადმყოფი მალე გამოჯანმრთელდებოდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მას სასიკვდილო საფრთხე მოელოდა (ბარდაველიძე 1949: 129).
ვ. ბარდაველიძის აზრით, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ქართველ ხალხში არსებულ უძველესი დროის რელიქტთან, რომელსაც გარკვეული სახის რწმენით დღევანდელობაში თავი უჩენია. ამ უძველესი რწმენის მიხედვით, ყველა ხეში და ბუჩქში სული ცხოვრობდა, რომელნიც ამავე დროს ითვლებოდნენ კონკრეტული ადამიანის ერთ-ერთ სულად, რომელზედაც იყო ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებული.
აქვე შეიძლება ითქვას რომ ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში ცხოვრობს ერთი დიდებული პიროვნება რომელსაც ყველა ამირან პაპას უწოდებს. ამირან პაპა დაკავებულია ბაღების გაშენებით. ეს პიროვნება მთელ თავის ძალღონეს ახმარს მის მიერ წალკოტად ქცეულ ბაღს. მე თავად მინახავს თუ როგორ ლოცულობს ამირან პაპა ცაცხვის ხესთან. რას ამბობს არავინ იცის. თუ იმას გავიხსენებთ რომ ამირან პაპა არი ძირძველი მესხი, სწორედ იმ მესხებიდან რომლებიც გასახლებულებიც კი იყვნენ საბჭოთა ხელისუფლების მიერ და დაბრუნებული თავისი გმირული სულითა და მესხეთის სიყვარულით მაშინ მივხვდებით თუ როგორია ამირან პაპას დამოკიდებულება ბუნებასთან და ხის სხვადასხვა ჯიშთან.
ბატონო ამირანი მე გამაცნო ბაკურიანში მცხოვრებმა ჭედურობის დიდოსტატმა და მხატვარმა გაიოზ კობიაშვილმა. ბატონი გაიოზი ნამუშვევრებს მთელი მსოფლიო იცნობდა ვიცოდი. მისი ჭედურობის საოცარი ნიმუშები მსოფლიოს მუზეუმებში იყო გამოფენილი, მაგრამ ეს დარბაისელი კაცი, ჩუმად და წყნარად ცხოვრობდა ბაკურიანში. სწორედ მასთან , მოვიდა დიდი და ახოვანი პაპა ამირანი. ჩვენს თვალწინ გოლიათი ხელებით გამოთალა ჭიგოები რომ ტყეში ახალგაზრდა ხეებისათვის ჩაერჭო. „წავედი წავედი, მივეხმარო უნდა ბუნებას თორე ეს დამპლები რას გააკეთებენ ვინ იცის“. ამირანის სიტყვას ყველა იცნობს. მას უსმენს ბუნება და იგი თავად სიბრძნის განძია.
კახა ჯაყელი
ივანე კერესელი