“შემოტყუებული ბედნიერებით” დაკმაყოფილება თუ “ბიზნეს გაზაფხული” – ანუ მიბაძვა თუ რებრენდინგი?
”არ არსებობს ადამიანი, რომელიც რაღაც ნიშნებით ყველა დანარჩენ ადამიანს არ ჰგავდეს და არ არსებობს ადამიანი,
რომელიც რაღაც ნიშნებით ყველა დანარჩენი ადამიანისგან არ განსხვავდებოდეს.”
ჯ.ქარჩხაძე
სწორედ ამ, განსაკუთრებული მახასიათებლის, ინდივიდუალობის არსებობა ქმნის სამყაროს მრავალფეროვანსა და საინტერესოს. ადამიანის ინდივიდუალიზმის შეცნობა არის ცხოვრებისეული ამოცანა და წარმატების გასაღები, რადგან, როცა ,,შენი მსგავსი მხოლოდ შენ ხარ”(შექსპირი) აუცილებლად, გექნება, რაიმე ისეთი ტალანტი,რაც ყველასგან გამოგარჩევს. თუ ჩვენ კომპანიას, ორგანიზაციას აღვიქვამთ ერთსულ,ცოცხალ ორგანიზმად, მაშინ მარტივი მისახვედრი იქნება, რომ მასაც ისევე სჭირდება ინდივიდუალურობა,როგორც ადამიანსა, თუ სხვა ნებისმიერ ბუნების ქმნილებას… აბსოლუტურად, ყველა კორპორაცია მიისწრაფვის, რაღაც განსხვავებული სიახლის შემოღებასა თუ ახალი მოქმედებებისკენ, რაც მას მეტ ინდივიდუალურობას, ორიგინალურობას, გამორჩეულობასა და პოპულარობას შესძენს. დღეს მინდა ვისაუბრო მარკეტინგის სტრატეგიების ორ საკმაოდ პოპულარულ მეთოდზე, როგორებიცაა: რებრენდინგი და მიბაძვა.
ბიზნესში მიბაძვა საკმაოდ გაცვეთილი და არაეთიკური მეთოდია, რომელსაც, სამწუხაროდ, დღესაც ხშირად იყენებენ წარმატებული კომპანიები, განვიხილოთ ორი ცნობილი კორპორაციის instagram-ისა და snapchat-ის მაგალითი: როდესაც facebook-მა instagram-ი შეისყიდა მან მალევე დაამატა 24 საათიანი story-ს ფუნქცია,რომელიც 2013 წელს ნიუ-იორკის ბაზარზე ,,ტრენდულ აპლიკაციად” წოდებულმა snapchat-მა ,,მოიპარა”. მოვლენები სამართლიანად განვითარდა,ინსტაგრამის სთორებმა 250 მილიონით მეტი მომხმარებელი მიიზიდა მისი გამოსვლიდან ერთი წლის მერე, ამასობაში უკვე კარგად ცნობილი სნეფჩათის ფასმა დაიკლო. რა თქმა უნდა, მიბაძვა ხშირად პროდუქტის ერთგულ მომხმარებლებს ნდობას აკარგვინებს და მის მიმართ გულგრილად განაწყობს.
მახსენდება ამერიკელი მწერლის სიტყვები: ,,უკეთესია, დაეცე ორიგინალობაში, ვიდრე წარმატებული იყო იმიტაციაში”.
ორიგინალურობისა და მუდმივი განახლების, ასე ვთქვათ, “კომპანიური ახლადშობის” საუკეთესო საშუალებაა-რებრენდინგი, რომელიც უნდა დაიწყოს ლოგოს, ბიზნესის ნიშნის, ვებგვერდის ვიზუალური სტილითა და მარკეტინგის სტრატეგიების შეცვლით. თქვენი ბრენდირება ყოველთვის უნდა ასახავდეს თქვენს ღირებულებებს, პირადობას და, რა თქმა უნდა, ბაზარს, რომლის დაპყრობასაც ცდილობთ. მაგალითად, Mozilla-ს ახალი ლოგო. როგორც მარიუს ციჩეტემ თქვა: “რებრენდინგის პროცესი საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა და კომპანიამ თითოეული ნაბიჯი გაიაზრა – რაც, ჩემი აზრით, გასაოცარი გამოცდილება იყო”. მათ შეიმუშავეს ერთ-ერთი იშვიათი ლოგო, რომლის წაკითხვასაც ცოტა კრეატივი და დაკვირვება სჭირდება “moz: // a”-ის ისევე კარგად გამოიყურება როგორც ”mozilla”.
რებრენდინგის ხშირი მომხმარებელია ყველასთვის ცნობილი და საყვარელი საკვები ობიექტი McDonald’s, რომლის რეპუტაციაზეც საკმაოდ ცუდი გავლენა მოახდინა ისეთმა დოკუმენტებმა,რომლებიც სწრაფი კვების ობიექტებს “სიმსუქნის ეპიდემიაში” ადანაშაულებდნენ, ამ ყოველივემ ძალიან შეამცირა მათი გაყიდვების რაოდენობა, რის შემდეგაც McDonald’s-მა შეუჩერებელი რებრენდინგის პროცესი დაიწყო.
მათ დაიწყეს მომხმარებლებისთვის უფრო ჯანსაღი საკვების, სალათებისა და სუფთა პროდუქციის შეთავაზება.
ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რებრენდინგის ისტორიაა ჯერჯერობით. 1990-იანი წლების დასაწყისში Apple იყო კომპანია, რომელიც საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა, მისი გაყიდვები და მომხმარებლების ინტერესი ძალიან დაბალი იყო,მაგრამ, ყველაფერი შეიცვალა, როდესაც სტივ ჯობსმა 1997 წელს კომპანიას რებრენდინგის პროცესი დააწყებინა. მან შემოიტანა თანამედროვეობა Apple-ის დიზაინში და შეძლო ბრენდის აღორძინება, რომელიც თითქმის მკვდარი, ახალი და დივერსიფიცირებული იყო მომხმარებელთა ბაზის მოზიდვით.
ბიზნესის ისტორიაში უხვადაა “კომპანიათა გამოგაზაფხულებისა” და მიბაძვით დაზარალებული ფირმების მაგალითები, რაც გვარწმუნებს,რომ მიმბაძველობა მარტივი,მაგრამ წარმავალი – წარმატების მომტანია ბიზნესში,სპორტსა თუ პოლიტიკაში.
ის მხოლოდ დროებითი “შემოტყუებული ბედნიერებით” დაკმაყოფილების პროცესია, რომელიც თვალის დახამხამებაში იმსხვრევა. რებრენდინგი კი ყველაზე სამართლიანი, წარმატებული და კომპანიის მაცოცხლებელი სტრატეგიაა, რომელიც ბაზარზე ბალანსის შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს.
როგორც ალბერტ აინშტაინი წერდა: “ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. ბალანსი, რომ შეინარჩუნოთ, საჭიროა განაგრძოთ მოძრაობა!” – ეს სიტყვები შეგვიძლია არა მხოლოდ ცხოვრებისეულ არამედ ბიზნესისეულ რჩევად მივიღოთ.
ავტორები: ანი ზოზირაშვილი, მარიამ თვარაძე
IBSU, მარკეტინგის საბაკალავრი პროგრამა