როგორ აფერხებს სტერეოტიპები ქართული ბიზნესის განვითარებას?
მსოფლიო ისტორიის გახსენებით, მარტივად მივხვდებით, რომ ბიზნესის ჩამოყალიბება, უშუალოდ კაპიტალის გაჩენას უკავშირდება, სწორედ ამავე ლოგიკით დაიწყო საქართველოში ,,ბიზნეს ისტორიის ათვლა”, რომელიც შეგვიძლია ოთხ ეტაპად გამოვყოთ:
- პირველი ეტაპი, იწყება XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან და გრძელდება 1917 წლამდე.
- მეორე ეტაპი, მოიცავს 1917-1921 წლებს.
- მესამე ეტაპი, იწყება XX საუკუნის 20-იანი წლებიდან და მთავრდეაბა 80-იანი წლებში.
- მეოთხე ეტაპი, იწყება 80-იანი წლებიდან დღემდე.
თუ დავაკვირდებით თარიღებს, შევამჩნევთ, რომ ქართული ბიზნესი ჯერ კიდევ მცირეწლოვანია, მითუმეტეს საბჭოთა კავშირის ზეგავლენით მიყენებული ჭრილობების მოშუშებას მცირე დრო ნამდვილად არ სჭირდება…მაგრამ, ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა, რომ არა ჯერ კიდევ შეუცვლელი ,,საზოგადო ჭირი” (ილია ჭავჭავაძე), რომელზეც საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა, იკითხებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც არ გვშორდებოდა და არც მოგვშორდა…თითქოს გენეტიკურად მოგვდევს ,,თათქარიძეობა”, რომელიც დღესაც, ოცდამეერთე საუკუნეში ბევრი რამის განვითარების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა. მახსენდება დიმიტრი უზნაძის სტატია, სადაც ის საუბრობს, თუ ,,რა აკლია ქართველს” და სწორ დიაგნოზს უსვამს ჯერ კიდევ დაავადებულ საზოგადოებას.
“პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით”.
ჩვენი ,,აზნაურული ფსიქიკა” არასდროს გვაძლევდა პატარა საქმეების კეთების უფლებას და სულ გვავიწყებდა მუშაობის ოქროს წესს, რომ მხოლოდ მცირე დეტალების გაანალიზებითა და ერთობლიობით იქმნება დიადი საქმეები… ქართველებმა არ ვიცით როგორ მივიღოთ შრომისგან სიამოვნება, ჯერ კიდევ ვერ ვითავისებთ, რომ ,,ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში”(გ.რჩეულიშვილი). დღეს თბილისის ქუჩები რომ ჩავიაროთ უხვად შევხვდებით ისეთ ბიზნესებს, რომლებმაც თავიანთი მიზანი და მისიაც კი არ იციან…ზოგმა რესტორანი მხოლოდ პატრიოტული სულისკვეთების ,,დასაკმაყოფილებლად” გახსნა,ზოგმაც ვიღაცის ჯიბრზე მოინდომა წარმატება, ბევრი ისეთიცაა, ვინც თუნდაც მეზობლის დარიგებული ჭკუით კოშკები ააგო და ერთი ხელის მოსმით მოინდომა ყველაფრის ,,აშენება”, რა თქმა უნდა, ასეთი ბიზნესები თავშივე განწირულია. თითქოს ჩვენ არ გვინდა წინასწარ გავიგოთ რისკები, ხარჯები, შედეგები პერსპექტიები და მხოლოდ მცდელობას, ბედის იმედად ვანხორციელებთ ყველაფერს,რასაც ხშირად სავალალო შედეგებთან მივყავართ.
გამოსავალი ყოველთვის იყო და არსებობდა, მაგრამ არასდროს აგვირჩევია ჩვენ მისკენ სავალი გზა… ამიტომ,ვფიქრობ, რომ ჩვენი ყოველი დღე ჩვენი შანსია შევცვალოთ ჩვენი და ჩვენი წარმოების მომავალი უკეთესობისკენ და ავირჩიოთ ფასიანი, მაგრამ მომგებიანი, გამოცდილი, ცოდნით დადასტურებული მიმართულება. ვწეროთ ბიზნეს გეგმები, ჩამოვაყალიბოთ მათი მისიები, სწორად განვსაზღვროთ და ავირჩიოთ ბაზრები, კარგად შევაფასოთ ჩვენი პირდაპირი, თუ არაპირდაპირი კონკურენტების შესაძლებლობები და შევმნათ მყარი ფასეულობის მქონე ორგანიზაციები. ვიხსნათ ჩვენი აზროვნება გაცვეთილი სტერეოტიპებისგან და დავიწყოთ ქართული ბიზნეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რადგან ერთი ადამიანის გაჯანსაღებაც კი აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოების ამაღლებას. ნუ იქნება ქართული ბიზნესი შემთხვევითი წარმატების იმედზე, რადგან ,,წარმატება შემთხვევითი არაა, ის არჩევანია”.
,,მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი…
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს…”
ავტორები: მარიამ თვარაძე, ანი ზოზირაშვილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის პროგრამა