არქეტიპული სახე ქართველთა – შუენიერი და ჰაეროვანი
საქმიანობა განაპირობებს ადამიანის გარეგნობასა და აზროვნებას. სწორედ ქართულმა მევენახეობამ და მეღვინეობამ ხელი შეუწყო ქართველი კაცის ეთნო ტიპის იმგვარ ჩამოყალიბებას, რომელსაც აღწერს დიდი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი – ქართველები არიან «შუენიერნი, ჰაეროვანნი… წერწეტნი, უმეტეს ქალნი, იშვიათ სქელნი, მხნენი, მუშაკნი, ჭირთა მომთმენნი, ცხენთა ზედა და მხედრობათა შინა კადნიერნი, მკვირცხლნი, მსწრაფლნი… სალაშქროთა შინა ახოვანნი, საჭურველთ მოყუარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მაძიებელნი, სტუმართა და უცხოთა მოყუარენი; მხიარულნი, უკეთუ ორნი ანუ სამნი არიან, არარაის შეიჭირვიან; უხურნი, არცა თვისსა და არცა სხვისსა კრძალვენ; საუნჯეთა არა მმესველნი, გონიერნი, მსწრაფლ მიმხდომნი, მჩემებელნი, სწავლის მოყუარენი».“ (ვახუშტი, აღწერა სამეფოისა საქართველოისა).
რომელმა საქმიანობამ მიიყვანა ქართველი ასეთ არქეტიპულ გარეგნობამდე?
ანტიკური სამყაროს მრავალი მოღვაწე აღნიშნავდა საქართველოში ღვინის კეთების უძველესი გამოცდილებისა და უნარის, განსაკუთრებული ნიჭის შესახებ. ანტიკურობის ხანის ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა, და მათ შორის: აპოლონ როდოსელი, სტრაბონი და პორფირე კესარიელი მოიხსენიებენ თავის ნაწერებში საქართველოს, როგორც ქვეყანას, სადაც პირველად იქნა მოშინაურებული ვაზი. (ლეკიაშვილი, 2013)
ღვინო, ღვთაებრივი სასმელია. უფალი იესო ქრისტე ამბობს – «მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი – «მევენახე» (იოანე 15-1), ხოლო ნაყოფი ვაზის… «არის ჩემი სისხლი აღთქმისა მრავალთათვის რომ იღვრება ცოდვების მისატევებლად» (მათე 26-28). XII საუკუნეში შექმნილი საგალობელი “შენ ხარ ვენახი” ქართველი კაცის სულიერების უბრწყინვალეს საგანძურს წარმოადგენს.
VIII საუკუნეში იოანე საბანისძე ღვინის მნიშნვნელობას ასე გადმოსცემს: ” ვდღესასწაულობდეთ ხსენებასა ახლისა ამის წმინდისა მოწამისასა, რომელი ყოველსა ამას სოფელსა ჩუენსა ქართლისასა მეოხ ჩვენდა ქრისტემან მოგვანიჭაო”… ასე, რომ საეკლესიო ცხოვრებაში ღვინო უსისხლო მსხვერპლად შესაძლოა ჩაითვალოს, ვინაიდან იგი წირვის და ზიარების საიდუმლოს აუცილებელი ნაწილია.
“უძველეს დროში, საქართველოს ეკონომიკის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი მევენახეობა იყო. საქართველოდან ღვინის ექსპორტს აწარმოებდნენ მეზობელი ქვეყნები. უცხო დამპყრობლების მხრიდან (თემურ–ლენგი, შაჰ–აბასი), ვენახების გაჩეხვის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის ეკონომიკურად დაქვეითება და შემოსავლის შემცირება. მიუხედავად ამისა, საქართველო მალე აღდგებოდა ხოლმე. ეს აღდგენა დამოკიდებული იყო ქართველი ხალხის სიცოცხლისუნარიანობასა და თავისუფლებისათვის უსაზღვრო სიყვარულზე (ჯავახიშვილი, 1934). ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ღირსეულად ითვლება კულტურული ვაზის (Vitis viniferaL) წარმოშობის ერთ–ერთ პირველ ცენტრად (ეხვაია, 2011). სავარაუდოდ, ძვ. წ. აღ. 6000–4000 წლებიდან მომდინარეობს ვაზის სელექცია. აქედან, კულტურული ვაზი გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის აუზში, ახლო აღმოსავლეთში და ბოლოს ამერიკაში. წიპწები აღმოჩენილია ირანში, თურქეთში, სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში. თუმცა, ქართული მასალების ასაკი და სახეობათა სრულყოფილება ნათლად მოწმობს, რომ საქართველოში, კავკასიის მთების სამხრეთით მდებარე ქვეყანაში, ვაზის მოშენებისა და ღმერთების სასმელის დამზადება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7000 წლის წინ ან უფრო ადრე იყო (რამიშვილი, 1988). (ბერიძე, ზედელაშვილი, სვანიძე, ურუშაძე, ჩოგოვაძე – ქართული ვაზის ჯიშები)
მრავალი საუკუნის მანძილზე სწორედ ქართველმა კაცმა გამოიმუშავა მისთვის უპრიანი და მეტად რენტაბელური მეთოდი ღვინის შექმნისა, რომელიც მიწაში ღრმად ჩამარხულ ქვევრში ყურძნის ტკბილი მასის ჩატოვებაში და ამგვარად დაღვინებაში გამოიხატებოდა.
ივანე კერესელი