ციფრული მარკეტინგის განვითარება – III

ავტორი: სანდრო მაისურაძე

ხელმძღვანელი: პროფესორი კახაბერ ჯაყელი

 

III თავი

ახლა კი მოდით გადავიდეთ ვებ-გვერდის დიზაინის კონცეფციაზე. ვინც კოგნიტურ პროცესებზე რაიმე მაინც იცის, ალბათ დამეთანხმება, რომ აღქმა არის ერთ-ერთი კოგნიტური პროცესი, ანუ უმაღლესი ფსიქიკური პროცესი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ობიექტური სინამდვილის ფსიქიკაში ასახვა, ინფორმაციის მიღება და გადამუშავება. შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი თქვენი კომპანიის ვებ-გვერდს სტუმრობს, აღქმის სისტემის თავისებურებების გამო იგი ინფორმაციის საკმაოდ დიდ ნაწილს მხედველობითი რეცეპტორიდან იღებს და გონებაში სწორედ ამ მხედველობითი რეცეპტორებით აფასებს საიტის ვიზუალს გარკვეული კრიტერიუმებით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ალბათ უკვე მიგახვედრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვებ-გვერდის დიზაინის სწორად შერჩევა. ახლა კი ჩნდება კითხვა, რა უნდა გავითვალისწინოთ ვებ-გვერდის დიზაინის შერჩევისას. საწყის ეტაპზე გეტყვით, რომ ვებ-გვერდი არ უნდა იყოს არკადული, რადგან მომხმარებლებს არა არკადული არამედ დახვეწილი ვიზუალის მქონე საიტები იზიდავთ. დახვეწილი ვიზუალი კი ზომიერი, თქვენი კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული გრაფიკული შაბლონებით მიიღწევა, ასევე ინფორმაციული ბლოკებით. ალბათ ბევრ ვებ-გვერდზე შეხვდებოდით ანიმაციებსა და ეფექტებს, რომლებიც ერთი შეხედვით ვებ-გვერდს უფრო მიმზიდველს, გასართობსა და დასამახსოვრებელს ხდის. მინდა გითხრათ, რომ ეს მთლად ასე არ არის. შეიძლება ბევრმა დამწყებმა ბიზნესმენმა იფიქროს, რომ თუ ანიმაციები და ეფექტები საიტის ვიზუალზე დადებითად მოქმედებს კორელაციური მეთოდით გამოდის, რომ, რაც უფრო მეტ ეფექტსა და ანიმაციას გამოიყენებს ეს ვებ-გვერდს უფრო მეტად უნიკალურს გახდის.მაგრამ დაიმახსოვრეთ კორელაცია მიზეზ-შედეგობრიობა არაა და შესაბამისად არც ზემოთხსენებული შეესაბამება სიმართლეს. ანიმაციები და ეფექტები ძალიან ტვირთავს ვებ-გვერდს, რაც ხშირ შემთხვევაში შედარებით სუსტ მოწყობილობებში იწვევს bug-ებს ანუ ვებ-გვერდის გაუმართაობებს და სისტემურ ჭედვებს.თქვენი ვებ-გვერდი ისეთი უნდა იყოს, რომ სუსტი მოწყობილობითაც შეძლოს მომხმარებელმა საიტით სარგებლობა. შესაბამისად ნამდვილად შეგიძლიათ, რომ გამოიყენოთ ანიმაციები და ეფექტები, თუმცა ზომიერად.

ამას გარდა, როდესაც ვებ-გვერდის დიზაინზე ვსაუბრობთ, აუცილებელია არ გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ვებ-გვერდის დიზაინის შერჩევისას დიდ როლს ასრულებს ფერთა გამა. მე გირჩევთ, რომ ვებ-გვერდის დიზაინი იმ ფერებით შექმნათ,რომელი ფერებიც მომხმარებელს მაშინვე თქვენს კომპანიას გაახსენებს, მაგალითად კომპანია Apple-ის ვებ-გვერდი შავ და თეთრ ფერებშია შესრულებული, ხოლო კომპანია Caterpillar-ის ვებ-გვერდი თეთრ, შავ და ყვითელ ფერებში.

ახლა კი მოდით გადავიდეთ შემდგომ კომპონენტზე.